ფლეხშეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ფხელშეს სამხრეთით, ძველ სასაფლაოზე, შემაღლებულ ადგილას. თარიღდება IX-X საუკუნეებით.

1985 წლის სპეციალურ სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმო სახელოსნომ აღადგინა კედლების ზემოთა ნაწილები და შენობა ხის ორფერდა სახურავით გადახურა (პროექტის ავტორები: ნ. მინდორაშვილი, ა. შავერდაშვილი). ეკლესია დარბაზულია (8,9 x 6,1 მეტრი). გამოიყოფა ქრონოლოგიურად განსხვავებული ორი სამშენებლო ფენა. თავდაპირველი ნაწილი ნაწყობია მოზრდილი ზომის, სწორხაზოვან რიგებად დაწყობილი, რუხი ფერის კვადრებით, თხელ დუღაბზე. იმავე მასალისაა მოგვიანებით განახლებული ნაწილიც, მაგრამ ქვის დამუშავების ხარისხი აქ რამდენადმე დაბალია და წყობაც — განსხვავებული. შესასვლელი ჩრდილოეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია. კარს ორივე მხრიდან ბრტყელი გადახურვა აქვს. ეკლესია უაფსიდოა, აღმოსავლეთით დასრულებულია სწორი კედლით, რომელის შუაშიც სწორკუთხოვანი სარკმელია გაჭრლი. სარკმელს საფეხურებად დამუშავებული რაფა აქვს. რაფა და წირთხლების თითქმის ნახევარი თავდაპირველ წყობაშია მოქცეული. ხოლო გარეგანი ლიობი, რომელიც ზემოთკენ ვიწროვდება, განახლებულ ნაწილშია გამოყვანილი. ამავე ნაწილშია დანარჩენი ორი სარკმელიც. რომლებიც ერთმანეთის მოპირდაპირედ გრძივ კედლებშია გაჭრილი. აღმოსავლეთით გრძივი კედლების თავდაპირველ ნაწილს (სიმაღლე — 1,5–1,7 მეტრი) აუყვება მარტივი პილასტრების წყვილი, რომლითაც საკურთხევლის სივრცეა გამოყოფილი. მათ ზემოთ, განახლებული კედლების ნაწილები გლუვია — პილასტრების გარეშე. ფასადებზე მხოლოდ შესასვლელის არქიტრავი და აღმოსავლეთი სარკმელია გაფორმებული. არქიტრავზე გამოსახულია მშვილდისებრი ფორმის რელიეფური რკალი, რომელიც კაუჭისმაგვარი ბოლოებითაა დასრულებული. სარკმლის ძირი ამოკვეთილია კედლის წყობაში თავდაყირა ჩადგმულ სწორკუთხა ქვაში, რომელზეც ორმაგი ლილვით ჰორიზონტალურგადანაკეცებიანი ნახევარწრეა გამოსახული. სარკმლის გადამხურავ ქვაზე ნახევარწრიული თავსართია გამოყვანილი. მას ზემოდან ევლება რვიანების მსგავსი ორნამენტული ზოლი.

ლიტერატურა

რედაქტირება