ფურცელწყლის სამაროვანი
ფურცელწყლის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფელ ზემო მაჩხაანის სამხრეთით, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირას, ფურცელწყლად წოდებულ ადგილზე, ვაკეზე. აღმოჩნდა 1977 წელს, არქეოლოგიური კვლევის ცენტრის, კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის (ექსპედიციის ხელმძღვანელი კონსტანტინე ფიცხელაური, რაზმის ხელმძღვანელი შ. დედაბრიშვილი) სადაზვერვო სამუშაოების დროს. ამავე წელს სამაროვანაზე გაითხარა თოთხმეტი ქვამიწაყრილიანი გორასამარხი, რომელთაგან რამდენიმე (№ 1, 9, 10, 11) გაძარცული იყო.
გორასამარხი №2 (ყრილის დიამეტრია — 4 მეტრი, სიმაღლე — 0,5 მეტრი) თარიღდება შუა ბრინჯაოს ხანით. სამარხი ორმო (სიგრძე — 1,7 მეტრი, სიგანე — 1,3 მეტრი, სიღრმე — 1,3 მეტრი) ჩაჭრილია ქვიშაქვიან ქანში, კუთხეებმომრგვალეულია და აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენაა დამხრობილი. ორმოს ზედაპირიდან 0,5 მეტრ სიმაღლეზე აღმოჩნდა ერთმანეთში არეული თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. სამარხში მიცვალებულის ჩონჩხი არ ყოფილა. ძეგლზე გამოვლინდა ობსიდიანის ქუსლამოღარული, მცოცავი რეტუშით დამუშავებული ისრისპირი, კერამიკული ჭურჭელი, რომლებიც დამზადებულია ქვიშანერივი და წმინდამარცვლოვანი თიხისგან და გამომწვარია. სამარხში აღმოჩენილ თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებს ზოგჯერ კარგად გაპრიალებული, ან ხაოიანი ზედაპირი აქვს. ზოგჯერ ფრაგმენტის შიდა პირზე შეინიშნება ჩარხის კვალი. გვხვდება წერტილოვანი, წიწვისებრი, სავარცხლისებრად დატვიფრული ორნამენტით, ამოღარული ხაზებით შესრულებული სარტყელი.
გორასამარხი №3 (დიამეტრით — 8 მეტრი, სიმაღლე — 0,75 მეტრი) შეიცავდა ტიხრით (სისქე — 0,5 მეტრი) გამიჯნულ ორ სამარხ ორმოს. ორივე სამარხი ორმო კუთხეებმომრგვალებული ოთხკუთხედის ფორმისაა. თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის I ნახევრით. ერთი ორმოს (სიგრძე — 1,5 მეტრი, სიგანე — 1,2 მეტრი, სიღრმე — 1,75 მეტრი), აღმოსავლეთ კედელში თახჩა იყო მოწყობილი. თახჩაში ეწყო სამარხეული ინვენტარი. ორმოში პირაღმა დასვენებული იყო კიდურებმოხრილი მიცვალებული. სამარხში აღმოჩნდა: ხელით ნაძერწი, ქვიშანარევი თიხით დამზადებული ოთხი ქილა, რომელთაგან ზოგი შავპრიალაა, ზოგიც ლეგა-მოწაბლისფრო და ღია ყავისფერი; ორი დაშლილი ჯამი (ერთი მოწითალო, ზედაპირზე რუხი ლაქებით, ხაოიანი; მეორე — მოწითალო-მოწაბლისფრო, ხორკლიანი); ოთხი მოწაბლისფრო-მონაცრისფრო ბადია (ორი გლუვია, ერთი კი ხაოიანი); მოვარდისფრო-მოწითალო და შავი, ქვიშანარევი კეცის მქონე გლუვი ფრაგმენტები; თიხის ჭურჭელზე გვხვდება ირიბი ჭდები, კონცენტრული, ამოკაწრული ხაზები. ობსიდიანის მასიური ანატკეცი „დანა“; ცხოველის წინა მარჯვენა ფეხის ძვალი და კბილები.
მეორე სამარხი ორმოს (სიგრძე — 1,5 მეტრი, სიგანე — 1,2 მეტრი, სიღრმე — 1,75 მეტრი), აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თახჩებია ამოჭრილი. სამარხში ესვენა მიცვალებული - გაშოტილი, იდაყვებში ოდნავ მოხრილი ხელებით და განზე გაწეული ქვედა კიდეურებით, თავი კი უდევს დასავლეთ თახჩაში. აღმოსავლეთ თახჩაში ინვენტარის ნაწილი ეწყო, ნაწილი კი სამარხ ორმოში, მიცვალებულის ფეხებთან. სამარხში აღმოჩნდა ქვიშანარევი თიხით დამზადებული შავი, გლუვი, ზოგჯერ კარგად გაპრიალებული ხუთი ქილა, რომელთაც სწორი ბრტყელბაკოიანი, ან ოდნავ გადაშლილი პირი და ფართო ძირი აქვს. ორ მათგანს, ყელს ქვემოთ, ორი ამოკაწრული ხაზი გარშემოუყვება; სამი მოვარდისფრო-მოწითალო, მოწითალო-ლეგა და შავი ფერის ბადია; სამი ჯამი (ორი მხოლოდ ფრაგმენტებია), რომელთაც მოწითალო-მონაცრისფრო, მოწითალო და წაბლისფერი შეფერილობა აქვს; წმინდამარცვლოვანი თიხით დამზადებული კათხა, რომელიც მონცრისფრო-მოწითალოდაა გამომწვარი და ზედაპირნაპრიალებია. ემჩნევა ჩარხის კვალი, პირს ქვემოთ და წიბოზე. ერთმანეთის საპირისპიროდ, ორი მრგვალგანივკვეთიანი ყური აქვს მიძერწილი; მსხვილქვიშანარევი თიხით ნაძერწი მოვარდისფრო, გლუვი სამარილე; შავად გამომწვარი, ქვიშანარევი კეცისმქონე, ბიკონუსური ჭურჭელი სწორი, ბრტყელი პირით. რიყის ქვის სასრესი და მსხვიფეხა საქონლის მალის ძვლები.
გორასამარხი №4 (ყრილის დიამეტრი — 3 მეტრი, სიმაღლე — 0,5 მეტრი, სამარხი ორმოს სიგრძე — 1,4 მეტრი, სიგანე — 1,15 მეტრი, სიღრმე — 1,3 მეტრი) თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულის მეორე ნახევრით ან II ათასწლეულის დასაწყისით. სამარხში მიცვალებული დასვენებელი იყო აღმოსავლეთ მხარეს, თავით აღმოსავლეთით მარცხენა გვერდზე კიდურებმოკეცილი, მენჯის ძვალზე ედო ქუსლამოღარული მცოცავი რეტუშით დამუშავებული ობსიდიანის ისრისპირი. სამარხში აღმოჩნდა წმინდამარცვლოვანი თიხისგან ხელით ნაძერწი კათხა და ტოლჩა. კათხა მოშავო-მოწაბლისფროა, გლუვი, მხარზე და მუცელზე. ერთმანეთის საპირისპიროდ ყური აქვს მიძერწილი. შემკულია რელიეფური და ამოღარული ორნამენტით. ტოლჩა შავპრიალაა, პირზე და მუცელზე მრგვალგანივკვეთიანი, მიძერწვის ადგილებზე დაბრტყელებული ყურით, მუცელზე ფოსოა დატანილი.
გორასამარხ № 5-ის (ყრილის დიამეტრი — 7 მეტრი, სიმაღლე — 0,6 მეტრი) სამარხი ორმო (დიამეტრი — 3,3 მეტრი, ფსკერის დონეზე — 2 მეტრი, სიღრმე — 2,1 მეტრი) წრიულია, ჩაჭრილია თეთრმინარევებიან ყვითელ თიხჩარში. გამოვლენილია თიხის შავპრიალა, თეთრმინარევებიანი, მკვრივკეციანი, ოდნავ პირგადაშლილი, ცილინდრულყელიანი ჭურჭლის ფრაგმენტი, რომელსაც ყელს ქვემოთ, სამი კონცენტრული ხაზი გარშემოუყვება. მეორე ფრაგმენტი მონაცრისფრო-მოწაბლისფროა, გლუვზედაპირიანი. აქვს დაბალი ყელი და ოდნავ გაშლილი პირი. მასალის სიმცირის გამო ძეგლი დაუთარიღებელია.
გორასამარხი № 6 (ყრილის დიამეტრი — 6 მეტრი, სიმაღლე — 0,3 მეტრი) თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის I ნახევრის შუა ხანით. სამარხი ორმო (სიგრძე — 1,2 მეტრი, სიგანე — 1,1 მეტრი, სიღრმე — 0,9 მეტრი) დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთით. სამარხში მიცვალებული არ ყოფილა. ორმოში გამოვლინდა ბრინჯაოს ქუდიანი სატევარი რომელსაც ტარზე და მხრებზე, სამანჭვლე ნახვრეტი აქვს დატანილი; საქონლის ძვლები და ცხვრის ჩონჩხი, რომელსაც უკანა ფეხებთან ედო „დანა“ - ოფსიდიანის მასიური ანატკეცია; თერთმეტი ჭურჭელი, ჭურჭლის ფრაგმენტები. სამარხეულ ჭურჭლებს შორის იყო შავპრიალა, მსხლის ფორმის, მხარზე ნაკაწრი და წერტილოვანი ორნამენტის სარტყელითა და ნაძერწი კოპებით შემკული დერგი, მოყავისფრო-მონაცრისფრო, მონაცრისფრო-ნაცრისფერლაქებიანი, მოწაბლისფრო-შავი და ლეგა-მონაცრისფრო გლუვი ან სუსტად ნაპრიალები ქილები, მათ შორის იყო პირგადაშლილი, დაბალყელიანი, მრგვალმუცლიანი, ფართოპირიანი და მსხლისებრიც. უხეშადაა ნაძერწი სამარხისეული ხუთი ბადია, რომელთაც ოდნავ მოყრილი პირი და ფართო ძირი აქვთ. მათი ზედაპირი გლუვია, ზოგჯერ სუსტად ნაპრიალები, ახასიათებთ მოწითალო-მოწაბლისფრო, მოვარდისფრო-მონაცრისფრო, მოშავო-მოწაბლისფრო და მოვარდისფრო-მოწითალო შეფერილობა. მსხვილმარცვლოვანი თიხით დამზადებული გლუვი, ძირმომრგვალებული, წაბლისფერი და მოწითალო-მოყვითალო სამარილეები.
გორასამარხი № 7 (ყრილის დიამეტრი — 8 მეტრი, სიმაღლე — 0,7 მეტრი) თარიღდება ადრინდელი ბრინჯაოს ხანის III პერიოდით. სამარხი ორმო (სიგრძე — 3,5 მეტრი, სიგანე — 2 მეტრი, სიღრმე — 0,8 მეტრი) ჩაჭრილია თეთრმინარევიან ყვითელ თიხაში. დამხრობილია სამხრეთ-დასავლეთით. სამარხის ცენტრში მიცვალებული დაკრძალული იყო მარჯვენა გვერდზე, კიდურებმოხრილი, თავით სამხრეთით დამხრობილი. ჩონჩხის დასავლეთით 1 მეტრზე კიდევ სამიჩონჩხი აღმოჩნდა 2 ბავშვის და ერთი მოზრდილის. თავით სამხრეთით დამხრობილი მოზრდილის ჩონჩხის ქვედა კიდურები ბავშვის ჩონჩხზე ულაგია, რომელიც ერთპირათ მოფენილ რიყის ქვაზე იყო დასვენებული.
სამარხში გამოვლინდა ბრინჯაოს საკინძი და ხელით ნაძერწი ოთხი ბადია. მათგან ორი გლუვზედაპირიანი, შავი და მოვარდისფრო-მოწაბლისფროა, დანარჩენი ორი კი - შავპრიალა. ბადიების პირი თხელია, ფართოა ან ოდნავ პირმოყრილი. თითოეულს პირზე და მხარზე ან ოდნავ პირს ქვემოთ, გამჭოლი ნახვრეტის მქონე, ნისკარტისერბლი ან ოდნავ გაზიდული მცირე ზომის ყური აქვს მიძერწილი; ლეგა-მონაცრისფრო, გლუვზედაპირიანი კოჭობი; გლუვზედაპირიანივე მოწითალო-მონაცრისფრო ქუსლიანი ფიალა, რომლის ძირსაც გარედან ქსოვილის ანაბეჭდი ემჩნევა; პრიალა, წაბლისფერი ტორჩს, რომელსაც პირზე და მუცელზე გრძელი ლენტური ყური აქვს მიძერწილი და შავპრიალა, შავი, ნაცრისფერი, მოწითალო-მოწაბლისფრო, მოვარდისფრო-მოწაბლისფრო, მოწითალო-მოყვითალო და წაბლისფერი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. ჭურჭლის უმრავლესლობა დამზადებულია ქვიშანარევი თიხით, გვხვდება წმინდამარცვლოვანი თიხით დამზადებული ცალებიც.
გორასამარხი № 8 (ყრილის დიამეტრი — 6 მეტრი, სიმაღლე — 0,4 მეტრი) მასალის სიმწირის გამო დაუთარიღებელია. ოთხკუთხა ორმო ( სიგრძე — 2 მეტრი, სიგანე — 1,8 მეტრი, სიღრმე — 1,9 მეტრი) ჩაჭრილია ღორღნარევ ქანში, დამხრობილია ჩრდილოეთიდან სამხრეთით. სამარხ ორმოში აღმოჩნდა შავი პრიალა, წმინდამარცვლოვანი თიხისგან დამზადებული ყელმაღალი ჭურჭლის ფრაგმენტი, რომელსაც მხარზე რელიეფულირი ხაზი, შიდაპირზე კი ჩარხის კვალი ემჩნევა.
გორასამარხი № 12-ის (ყრილის დიამეტრი — 5 მეტრი, სიმაღლე — 0,5 მეტრი) ოთხკუთხა ორმო ჩაჭრილია თეთრმინარევიან, მოწითალო მოყვითალო თიხნარში. სამარხი ორმო (სიგრძე — 1,3 მეტრი, სიგანე — 0,8 მეტრი, სიღრმე — 0,55 მეტრი) ძლიერ ღარიბია, თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულის დასასრულით. მასში მიცვალებულის ჩონჩხი არ დადასტურებულა. სამარხში აღმოჩნდა თიხისმოწითალო-მოწაბლისფრო, უხეშად ნაძერწი, ოდნავ პირმოყრილი ჯამი. უსწორმასწორო ჭურჭლის მოწითალო, გლუვი ფრაგმენტები. ოფსიდიანის დაუსრულებელი ისრისპირი, სუსტად ამოღარული ქუსლით.
გორასამარხი № 13 (ყრილის დიამეტრი — 3,5 მეტრი, სიმაღლე — 0,4 მეტრი) თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის პირველი ნახევრის შუახანებით. სამარხი ორმო (სიგრძე — 1,2 მეტრი, სიგანე — 0,6 მეტრი, სიღრმე — 1,3 მეტრი) ჩაჭრილია თეთრმინარევიანი, მოწითალო-მოყვითალო თიხნარში და ამოვსებულია მსხვილი რიყის ქვით. დამხრობილია სამხრეთ დასავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთით. სამახრხში აღმოჩნდა რიყის ქვის ძირმომრგვალებული სასმისი და თიხის ექვსი ჭურჭერლი: 2 ქილა, ორი ჯამი, კოჭობი და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. ორი ქილა დამზადებულია, მსხვირმარცვლოვანი ქვიშის მინარევიანი თიხით. აქვთ მოწითალო-მონაცრისფრო და მონაცრისფრო გლუვი ზედაპირი, გადაშლილი პირი, დაბალი ყელი და ფართო ძირი. ერთი მათგანი მსხლისებრია. ჯამები ნაძერწია თეთრმინარევიანი, წმინდამარცვლოვანი თიხით. აქვთ გლუვი მოშავო-წაბლისფერი და მონაცრისფრო ზედაპირი, უხეში ქვიშანარევი კეცი, ფართო თხელი გადაშლილი პირი, გამობერილი მუცელი და ფართო ძირი. ყელსქვემოთ და მხარზე გარშემოუყვება ამოკაწრული ხაზები; ფრაგმენტები მოწითალო-მონაცრისფროა, გლუვი. გვხვდება შავპრიალა ცალებიც, რომლებსაც აქვთ უხეში ქვიშანარევი კეცი.
სამაროვანზე აღმოჩენილი მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 282-285.