ფრიგიული მუზარადი

ფრიგიული მუზარადი, ასევე ცნობილი, როგორც თრაკიული მუზარადი[1] — საბრძოლო თავსაბურავი, რომელიც ანტიკურ საბერძნეთში შეიქმნა და ასევე გამოიყენებოდა თრაკიაში, დაკიაში, დიდ საბერძნეთში, ელინისტურ სამყაროსა და რომის იმპერიაშიც კი.[2]

ფრიგიული მუზარადი
ფრიგიული მუზარადი საყბეურებით, თანამედროვე რეკონსტრუქცია.
მაკედონელი ჰიპასპისტი ფრიგიული მუზარადით.

მახასიათებლები

რედაქტირება

მუზარადის გავრცელებული სახელები (ფრიგიული ან თრაკიული) მომდინარეობს მისი ფორმიდან, განსაკუთრებით მისი ზედა, წინ გადმოხრილი დაბოლოებისგან, რომელიც იმეორებს ფრიგიელთა და თრაკიელთა ქუდების ფორმას, რომელსაც ფრიგიულ ჩაჩსაც უწოდებენ.

სხვა ბერძნული მუზარადების მსგავსად, ფრიგიული მუზარადიც ბრინჯაოსგან მზადდებოდა. როგორც წესი, მუზარადი ბრინჯაოს ერთი ფირფიტისგან იჭედებოდა, თუმცა ხანდახან მუზარადის წინ გადმოხრილი ზედა დაბოლოება ცალკე იჭედებოდა და შემდეგ მოქლონდებოდა მუზარადზე. მუზარადის ქვედა ნაწილი წინ გამოზრდილი იყო, რითაც მეომრის სახეს იცავდა ზემოდან წამოსული დარტყმებისა და მზის პირდაპირი სხივებისგან. ფრიგიულ მუზარადს ზოგჯერ უმატებდნენ საყბეურებსაც, რომელიც ლოყის არეს იცავდა და ხანდახან იმდენად დიდი ზომისაც იყო, რომ სახეზე მხოლოდ თვალებისა და ცხვირის არეს ტოვებდა ცარიელს. ასეთ შემთხვევაში ზოგჯერ საყბეურებზე ხდებოდა წვერისა და ულვაშის გრავირებული დეკორაციების გაკეთება.[3]

გამოყენება

რედაქტირება

ფრიგიული მუზარადი ეხურა მაკედონურ კავალერიას მეფე ფილიპე II-ის დროს, თუმცა, როგორც ცნობილია, მისი ვაჟი ალექსანდრე მაკედონელი თავისი კავალერიისთვის ამჯობინებდა უფრო ღია ტიპის ბეოტიურ მუზარადებს, რომლებსაც ქსენოფონტი უწევდა რეკომენდაციას.[4] ამის მიუხედავად, ფრიგიული მუზარადი აქტიურად ფიგურირებს ალექსანდრე მაკედონელის ქვეითების გამოსახულებებზე, მაგალითად, ალექსანდრეს სარკოფაგზე.[5] ფრიგიული მუზარადი დიდი სიხშირით გამოიყენებოდა საბერძნეთის კლასიკური ერის დასასრულსა და ელინისტურ პერიოდში, როცა მან ჩაანაცვლა კორინთული მუზარადი.[6]

  1. Wilcox, Peter; Embleton, Gerry (1982). Rome’s Enemies (1): Germanics and Dacians (Men at Arms Series, 129). Oxford: Osprey Publishing Limited.
  2. Sekunda, Nicholas; McBride, Angus (1984). The Army of Alexander the Great. Oxford: Osprey Publishing Limited.
  3. Connolly, Peter (1998). Greece and Rome at War. London: Greenhill Books.
  4. Anderson, J. K. (1961). Ancient Greek Horsemanship. Berkeley and Los Angeles: University of California Press.
  5. Heckel, Waldemar; Jones, Ryan (2006). Macedonian Warrior: Alexander’s Elite Infantryman. Oxford: Osprey Publishing Limited.
  6. Connolly, Peter (1998). Greece and Rome at War. London: Greenhill Books.