ბეოტიური მუზარადი

ბეოტიური მუზარადი — საბრძოლო თავსაბურავი, რომელიც გამოიყენებოდა ანტიკურ საბერძნეთსა და ელინისტურ პერიოდში, ასევე ანტიკურ რომში. სავარაუდოდ, ბეოტიიდან გავრცელდა დანარჩენ საბერძნეთში. ის იმეორებდა თექისგან[1] შეკერილი მზისგან დამცავი ბეოტიური ქუდის ფორმას, რომლის ფარფლები დანაკეცებული იყო.

ბეოტიური მუზარადი, ნაპოვნია მდინარე ტიგროსში.

ბეოტიური მუზარადი ღია ტიპისა იყო, ამიტომ ის მეომარს არ უზღუდავდა მხედველობასა და სმენას. მუზარადის დაბლა ჩამოშვებული ფარფლებიანი დაბოლოება კისრის არეს იცავდა, წინა მხარეს კი უფრო გამოზნექილი იყო, რაც მზისა და ზემოდან წამოსული დარტყმებისგან დაცვას უზრუნველყოფდა, გვერდებზე კი რთულ ფორმად დანაკეცებული ფარფლები სახის გვერდითა ნაწილებს გარკვეულწილად იცავდა. ბეოტიურ მუზარადს ხანდახან უმაგრებდნენ გრძელ პლუმაჟსაც (მზადდებოდა ცხენის კუდის ან ფრინველის ფრთისგან).

შეუზღუდავი მხედველობა და სმენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კავალერიისთვის, ამიტომ ბეოტიური მუზარადები უფრო ხშირად სწორედ ცხენოსნების მიერ გამოიყენებოდა.[2]

თესალიელი ცხენოსანი ბეოტიური მუზარადით, ალექსანდრე მაკედონელის სარკოფაგი.

ბეოტიური მუზარადი იჭედებოდა ბრინჯაოს ერთიანი ფურცლისგან კირქვისგან დამზადებულ სპეციალურ თარგის დახმარებით, რომელსაც მუზარადის ფორმა ჰქონდა, ასეთი თარგი დღემდე მოღწეულია. არსებობს ბეოტიური მუზარადის ჩვენამდე მოღწეული ერთი ეგზემპლარი, რომელიც განსაკუთრებით კარგადაა შემონახული, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე დეფექტს. ეს მუზარადი მდინარე ტიგროსში, ერაყში, იპოვეს და სავარაუდოა, რომ ალექსანდრე მაკედონელის კავალერიის წევრს ეკუთვნოდა, რომელმაც იგი მდინარეზე გადასვლისას დაკარგა.

გვიან ელინისტურ პერიოდში ბეოტიური მუზარადი უფრო წაგრძელებული კონუსური ფორმის გახდა და მისი ფარფლების ზომა შემცირდა.[3]

გამოყენება

რედაქტირება

ათენელი სამხედრო ექსპერტი ქსენოფონტი განსაკუთრებით იწონებდა ბეოტიურ მუზარადს, როცა ამბობდა: „...ბეოტიური მუზარადი არა მხოლოდ უდიდეს დაცვას უზრუნველყოფს კირასის ზემოთ ყველა ნაწილზე, არამედ თავისუფალი მხედველობის საშუალებას იძლევა“.[4] ალექსანდრე მაკედონელმა ეს რჩევა გაითვალისწინა და საკუთარი კავალერია ბეოტიური მუზარადებით აღჭურვა.[5] ალექსანდრეს პომპეის მოზაიკაც და სარკოფაგიც გვიჩვენებს მაკედონელ ცხენოსნებს, რომლებსაც სწორედ ამ ტიპის მუზარადები ახურავთ.[6] როგორც სპეციალურად კავალერიისთვის განკუთვნილი მუზარადი, ის არ იყო ისეთი გავრცელებული, როგორიც კორინთული და ფრიგიული მუზარადები. ბეოტიური მუზარადი გამოიყენებოდა რომაული მოქალაქეთა კავალერიის მიერაც რესპუბლიკის პერიოდში.

  1. Sekunda, Nick (2002). Marathon 490 BC: The First Persian Invasion Of Greece. Oxford: Osprey Publishing.
  2. Anderson, John Kinloch (1961). Ancient Greek Horsemanship. Berkeley and Los Angeles: University of California Press.
  3. Connolly, Peter (1998). Greece and Rome at War. London: Greenhill Books.
  4. Fraser, A.D. (1922). "Xenophon and the Boeotian Helmet". The Art Bulletin.
  5. Anderson, John Kinloch (1961). Ancient Greek Horsemanship. Berkeley and Los Angeles: University of California Press.
  6. Connolly, Peter (1998). Greece and Rome at War. London: Greenhill Books.