ფოცხვერიანის ეკლესია

ფოცხვერიანის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხვერიანში. აგებულია XVI-XVIII საუკუნეებში.

ეკლესია გვიან საუკუნეებში უნდა იყოს აგებული, თუმცა აშკარად ეტყობა, რომ შუა საუკუნეების ნაეკლესიარზეა აგებული, რომლის ქვები და კონსტრუქციული დეტალები ტაძრის მშენებლობისას გამოუყენებიათ. მშენებლობაში განირჩევა ორი შრე, პირველად აგებისას ჰორიზონტალური რიგებად ნაწყობი ნათალი კვადრები გამოუყენებიათ, მეორე ეტაპზე კი უკვე ნატეხი ქვები.

ეკლესია დარბაზულია. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. დასავლეთის კედელი ერთსაფეხურიან ნათალ ცოკოლზე დგას, რომლის ფასადი ფოთლოვანი ყლორტითაა გაფორმებული. კარი გარედან დიდი არქიტრავით ყოფილა დასრულებული, შიგნიდან კი თაღოვანით. იკითხება აღმოსავლეთის ერთი და სამხრეთის ორი სარკმლის ღიობი. ნახევარწრიული აფსიდა მხრითაა გამოყოფილი დარბაზისგან, მხრები დასრულებული იყო სამსაფეხურიანი კაპიტელით, რომელზეც ტრიუმფალური თაღი გადადიოდა. საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშის კვალია. კამარა დაყრდნობილი დარბაზის შუაში და გრძივი კედლების დასავლეთ კიდეში შეკიდულ თაღებზე ყოფილა, რომლებიც პროფილირებულ იმპოსტებზე იყო გადაყვანილი. შუა იმპოსტის გასწვრივ სამხრეთის კედელში სტელის სვეტის ფრაგმენტია ჩადგმული, რომელიც ლილვიანი წიბოებითაა დასრულებული, ხოლო წახნაგზე ბოლნური მედალიონი და მზის დისკოა მოცემული. დამატებით კიდევ ერთი, განსხვავებული კაპიტელია სამხრეთის მხრის გვერდით ჩაშენებული. ჩრდილოეთის კედელში მეორადი გამოყენებით ჩადგმულია შეწყვილებულ თაღებში აღმართული გოლგოთის ჯვრების რელიეფიანი ფილა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39375