ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი
ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი — მუზეუმი საქართველოში, მდებარეობს ქალაქ ფოთში. მუზეუმი დაარსდა 1933 წელს, თვითნასწავლი არქეოლოგისა და საზოგადო მოღვაწის ბესარიონ გოგოლიშვილის ხელმძღვანელობით. 2019 წლიდან ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი გადავიდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დაქვემდებარებაში.
ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი | |
---|---|
დაარსდა | 1933 |
ქვეყანა | საქართველო |
მდებარეობა | ფოთი |
ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი წარმოდგენილია ორი კაპიტალური შენობით. ერთი მდებარეობს 26 მაისის ქ. № 9-ში. იგი აშენებულია 1907 წელს გერმანელი არქიტექტორის ედმუნდ ფრიკის მიერ და მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, ხოლო მეორე შენობა, ე. წ. ნიკო ნიკოლაძის კოშკი, მდებარეობს რუსთაველის რკალი № 4-ში. ის არის ქალაქის უძველესი ნაგებობა, რომელიც დაშენებულია თურქული ციხისგალავნის კედელზე და მასაც ასევე მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.
მუზეუმში მრავლადაა წარმოდგენილი გვიან ბრინჯაოს-ადრე რკინის ხანის კოლხური კულტურის ბრინჯაოს მრავალფეროვანი სამეურნეო და საბრძოლო იარაღი (ცული, თოხი, შუბისპირი). სხვადასხვა ზომისა და ფორმის საყოფაცხოვრებო დანიშნულების კერამიკული ჯამ–ჭურჭელი, რომლებიც ძვ. წ. II-I ათასწლეულს განეკუთვნებიან. ეს არის პერიოდი, როდესაც ყალიბდება გვიანი ბრინჯაოს ხანის კულტურა, ბრინჯაოს მრავალფეროვანი სამეურნეო და საბრძოლო იარაღი (ცული, თოხი, შუბისპირი), აქვეა გამოფენილი ყალიბები, ცულები, ისრისპირები (კაჟის), სხვადასხვა შეფერილობის თიხის ჭურჭელი. ამ პერიოდის სამარხებში გვხვდება ქვის ნივთბი, ყალიბები, ლულოვანი ძვლის ნატეხები, შესანიშნავად დამუშავებული კვირისთავები. კერამიკა შედგება ორი დიდი ჯგუფისაგან: სუფრისა და სამზარეულო ჭურჭლისაგან.
ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმშია წარმოდგენილი კოლხურ სამარხებში ნაპოვნი მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი სასოფლო სამეურნეო იარაღი, რომელიც ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებით თარიღდება. ერგეტასა და დღაბაში აღმოჩენილია რკინის საომარი ცულები, მახვილები, სატევრები, შუბი, ისრისპირები, თოხები, სეგმენტი იარაღი, ნამგლები და დანები. ლითონის დამუშავების ზრდამ ბრინჯაოს წარმოება უფრო შეამცირა. ამ პერიოდში ბრინჯაოს ნივთებს უფრო მეტად რიტუალური ფუნქცია ჰქონდათ. ამ სამარხებშია ბრინჯაოსაგან დამზადებული სამკაულები, აბზინდები, საკინძეები. ფართოდ ვითარდება ბრინჯაოს მხატვრული დამუშავება. არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია გრავირებული და მცირე ზომის რიტუალური ცულები.
ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის ექსპოზიციას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ძვ. წ. VI საუკუნით დათარიღებული ბრინჯაოს ზოომორფული ფიგურები: ხარის, ფრინველის, გველეშაპის და სხვა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ბრინჯაოს ფიგურა ნაყოფიერების ქალღმერთი „ღმერთების დიდი დედა“, ცხენზე ამხედრებული ქალის ფიგურა დ სხვ. მუზეუმში თავმოყრილი და ექსპონირებულია რიონის ქვემო წელსა და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აღმოჩენილი არტეფაქტები. იგი სრულ წარმოდგენას უქმნის გვიანბრინჯაო ადრე რკინის ხანის კოლხურ კულტურითა და ბერძნულ-კოლხური სავაჭრო-ეკონომიური ურთიერთობებით დაინტერესებულ მკვლევრებსა და მუზეუმის ვიზიტორებს.
ხელნაწერებისა და ბეჭდური მასალების ფონდში დაცულია წერილობითი ძეგლები, მმართველობითი დოკუმენტები (XIX-XX საუკუნეების მიჯნის თვითმმართველობის ოქმები), პირადი საქმეები, მარკები, აფიშები, კინოფირები, ნეგატივები - მათ შორის მინის, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დაბეჭდილი და ასახავს ნავსადგურის მშენებლობის ადრეულ ეტაპებს და ქალაქის უძველეს ფოტოებს.
ნიკო ნიკოლაძის კოშკის ექსპოზიცია მოგვითხრობს თვითმმართველობის ისტორიის, საქართველოში პირველი რკინიგზისა და ნავსადგურის მშენებლობას, ქალაქგეგმარებასა და ურბანიზაციაზე.