ნიკო ნიკოლაძის კოშკი
ნიკო ნიკოლაძის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი ქალაქ ფოთში.
ძეგლის აღწერა
რედაქტირებაძეგლი წარმოადგენს ანსამბლურ ხუროთმოძღვრულ ძეგლს, რომელიც დაშენებულია XVIII საუკუნის 30-იან წლების ციხე გალავნის კედელზე. ნაგებობა შედგება ხუთსართულიანი კოშკის, ორსართულიანი საცხოვრებელი ნაწილისა და XX საუკუნის 80-იან წლებში აშენებული კაფე-ბარისაგან. საშენ მასალად გამოყენებულია მომწვანო-მონაცრისფრო ქვა, რომელიც სწორ რიგებად არის დალაგებული. ძირითადი ნაგებობა (რომელიც თურქულ ციხეზე რუსებმა დააშენეს) თავდაპირველად სამსართულიანი იყო. ნიკო ნიკოლაძის მიერ XIX საუკუნის 90-იან წლებში მოირღვა ხის ნაწილი, დააშენეს ორი სართული, ბოლო სართულზე დადგეს საათი. ეს ძეგლი დღემდე ამ სახითაა შემორჩენილი. ამავე პერიოდში ნაგებობაზე მიშენებული იქნა ორსართულიანი ფლიგელი, საცხოვრებელი დანიშნულებით ღია რიკულებიანი აივნით, ნაწილობრივ შემინული. (თავდაპირველად იყო შუშაბანდი, შემდეგ ღია აივანი, ხოლო დღეის მდგომარეობით კი სახეზეა კაპიტალური მოაჯირებიანი შუშაბანდი, რომელიც ნიკოლაძისეულ, პირვანდელ იერსახესთან არის მისადაგებული). ხუროთმოძღვრული ძეგლის კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს ხუთსართულიანი კოშკი, რომელიც სართულიდან სართულში ლოგიკურად გადადის და ერთიანად აღიქმება. კოშკის მთავარი ფასადის პირველი სართული წარმოდგენილია შეწყვილებული ვიწრო კარით, თითოეული მათგანი ბოლოვდება შეისრული თაღით. მათ აერთიანებს საერთო ფონიდან რელიეფიურად ამოწეული წარბი, რომლის თავზე მოთავსებულია ქვაში ამოკვეთილი წარწერა. მეორე სართულზე შეისრული ფორმის სარკმელია გამოჭრილი. მესამე სართული კი შეწყვილებული თაღოვან სარკმელით არის წარმოდგენილი, რომელსაც რელიეფურად დამუშავებული შეისრული თაღის სტილიზებური არქივოლტი აერთიანებს. მეოთხე სართულზე ცრუ სარკმელია რელიეფური მოჩარჩოებით, ხოლო მეხუთე სართულზე კი ლუნეტია წარმოდგენილი. ფასადზე სართულები ჰორიზონტალური, რელიეფური სარტყლებით არის დანაწევრებული. კოშკი ბოლოვდება პროფილირებული კარნიზითა და ქონგურებით. კოშკში შესვლა ხდება ფლიგელისა და კოშკის გამაერთიანებელი ნაწილში განთავსებული ქვის კიბეების საშუალებით. კოშკის ძირითადი ხუთსართულიანი შენობის პირველ სართულზე ქვის ასასვლელი კიბის გარდა დამხმარე სათავსოებია განთავსებული. მეორე და მესამე სართულზე კი ნიკო ნიკოლაძის მემორიალური მუზეუმის საექსპოზიციო მასალები; მეოთხე სართულზე ნიკო ნიკოლაძის სტუმრების მისაღები ოთახია ბუხარით. მეხუთე სართულზე განთავსებულია სამ ციფერბლატიანი მექანიკური საათის მექანიზმი. კოშკი ბოლოვდება სათვალთვალო ტერასით, სადაც ასვლა აღმოსავლეთის ფასადზე დაკიდული მეტალის კიბით ხდება. საკუთვრივ კოშკის სართულები ერთმანეთთან ხის, სპირალური, რიკულებ- მოაჯირიანი შიდა კიბით არიან დაკავშირებული. თითოეული სართულის კიბის უჯრედი სართულების მიხედვით იხურება იატაკში ამოჭრილი ხის ლუქით. ნიკო ნიკოლაძის კოშკის ინტერიერი და ექსტერიერი გამოირჩევა თავისი სისადავით. კერძოდ; კედლები გალესილია ბათქაშით და გათეთრებულია დეკორატიული ცემენტის ხსნარით.
-
ძველი ციხე და კოშკი
-
ძველი ციხე და კოშკი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10326
- ნიკო ნიკოლაძის კოშკი, ფოთი