ფიჩხოვანის ბზიანი საყდარი
ფიჩხოვანის ბზიანი საყდარი — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ფიჩხოვანში, დგას სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით 1,5-2 კილომეტრზე, ტყიან ბორცვზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (5,7 X 4 მ), ნაგებია მოზრდილი ზომის ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. ქვებს შორის დარჩენილი არეები შევსებულია შედარებით წვრილი ნატეხი ქვით. ძეგლი დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარის სამხრეთ გვერდის უმეტესი ნაწილი; ფასადების მნიშვნელოვან ფართობზე საპირე წყობა ჩამოშლილია. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი თაღოვანი ყოფილა (შემორჩენილია ჩრდილოეთ წირთხლი და თაღის სამხრეთ გვერდის ნაწილი). ოდნავ ნალისებრი ფორმის ღრმა აფსიდის ღერძზე ფართო სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ქვემოთ კედელს ქვით ნაგები ოთხწახნაგა ტრაპეზი ეკვრის (შემორჩენილია მცირე ნაწილი). აფსიდის ორივე გვერდში, ერთმანეთის სიმეტრიულად, თითო კვადრატული ნიშია. აფსიდა წესიერი ფორმის კონქითაა გადახურული. ეკლესიის კვადრატულ დარბაზს ცილინდრული კამარა ხურავს. დარბაზის სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 143.