ფილიპს ვილემ ორანელი
ფილიპს ვილემ ორანელი (ნიდერლ. Filips Willem van Oranje; დ. 19 დეკემბერი, 1554 — გ. 20 თებერვალი, 1618) — ორან-ნასაუს დინასტიის წარმომადგენელი. ორანის პრინცი 1584-1618 წლებში. ვილემ ორანელისა და ანა ვან ეგმონტის უფროსი ვაჟი.
ფილიპს ვილემ ორანელი | |
---|---|
ორანის პრინცი | |
მმართ. დასაწყისი: | 10 ივლისი, 1584 |
მმართ. დასასრული: | 20 თებერვალი, 1618 |
წინამორბედი: | ვილემი |
მემკვიდრე: | მორიცი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 19 დეკემბერი, 1554 |
გარდ. თარიღი: | 20 თებერვალი, 1618, (63 წლის) |
მეუღლე: | ელეონორ დე ბურბონი |
დინასტია: | ორან-ნასაუ |
მამა: | ვილემი, ორანის პრინცი |
დედა: | ანა ვან ეგმონტი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაფილიპს ვილემი დაიბადა 1554 წლის 19 დეკემბერს ბიურენში, გელდერნის პროვინციაში, ნიდერლანდებში. იგი იყო ორანის პრინც ვილემ ორანელისა და მისი პირველი ცოლის, ანა ვან ეგმონტის მეორე შვილი და პირველი ვაჟი.
13 წლიდან იგი მამამ გერმანიაში გააგზავნა, სადაც განათლებას იღებდა ლუვენის უნივერსიტეტში. 1568 წელს ფილიპს ვილემი ესპანელებმა, მამამისის მოსისხლე მტრებმა შეიპყრეს და თავიანთ მეფეს, ფილიპე II-ს მიჰგვარეს ესპანეთში, როგორც მძევალი. აღსანიშნავია, რომ ფილიპე II მას კარგად ეპყრობოდა. ესპანეთში გატარებულმა წლებმა გარდამტეხი გავლენა იქონია ფილიპს ვილემზე და იგი თავისივე ნებით მოინათლა კათოლიკედ. ამის შემდეგ მას მამამისი აღარასოდეს უნახავს, დედამისი კი 1558 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ვილემ ორანელმა კიდევ სამი ცოლი შეირთო.
ალკალა-დე-ენარესის უნივერსიტეტში ფილიპს ვილემმა კარგი განათლება მიიღო და მაღალ დონეზე დაეუფლა ესპანურ ენას. მიუხედავად იმისა, რომ 1584 წელს ფილიპე II-ის ბრძანებით მამამისი, ვილემ ორანელი მოკლეს და ორანის პრინცი უკვე ფილიპს ვილემი იყო, იგი ესპანეთში 1596 წლამდე დარჩა. ამ დროის განმავლობაში ტახტზე მის უფლებებს თავგამოდებით იცავდა მისი ერთადერთი ღვიძლი და, პრინცესა მარია, რომელსაც მათი ნახევარ-ძმა, მორიცი ედავებოდა.
ვინაიდან ნიდერლანდებში რწმენის თავისუფლება მოქმედებდა ფილიპს ვილემს არ დასჭირვებია პროტესტანტობის მიღება, მაგრამ თავისი რელიგიის გამო ხალხში მაინც არაპოპულარული იყო. 1610 წელს იგი საზეიმოდ შევიდა ქალაქ ბრედაში. იგი თავის სასახლეში კათოლიკური წესებით ლოცულობდა და იცავდა პაპის მითითებებს, თუმცა ამით სულაც არ ცდილობდა პროტესტანტების გამოწვევას. 1613 წელს მან გააუქმა გენერალური შტატები და ჯარების მეთაურად თავისი ნახევარ-ძმა, იუსტინუსი დანიშნა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურებოდა მას.
ესპანეთიდან ნიდერლანდებისაკენ მიმავალ გზაზე, 1606 წელს ფილიპს ვილემმა პარიზში, ფონტენბლოს სასახლეში ცოლად შეირთო ელეონორ დე ბურბონი, კონდეს პრინც ანრი I-ის ქალიშვილი და თავად საფრანგეთის მეფე ანრი IV-ის ღვიძლი ბიძაშვილი. მიუხედავად ხანგრძლივი და ბედნიერი ქორწინებისა, წყვილს შვილები არ ჰყოლია.
ფილიპს ვილემი გარდაიცვალა 1618 წლის 20 თებერვალს ბრიუსელში, 63 წლის ასაკში, უშვილოდ. ამან საბოლოოდ მაინც მისცა საშუალება მის ნახევარ-ძმას, მორიცს რომ ორანის პრინცი გამხდარიყო, მაგრამ 1625 წელს ისიც უშვილოდ აღესრულა, რის გამოც ტახტზე მათი კიდევ ერთი ნახევარ-ძმა ავიდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- P.J. SCHIPPERUS, Philips Willem. De verloren zoon van Willem van Oranje, 2018, 494 p., ISBN 9789401910705
- The Dutch Republic. Its Rise, Greatness, and Fall 1477–1806, Jonathan I. Israel, Clarendon Press, Oxford, 1998 ISBN 0-19-820734-4. Pages 298–300.