ფელიქს დე ბოჟური
ლუი-ოგიუსტ ფელიქს დე ბოჟური (ფრანგ. Louis-Auguste Félix de Beaujour) (დ. 28 დეკემბერი, 1765, კალასი, საფრანგეთი, — გ. 1 ივლისი, 1836, პარიზი, დაკრძალულია პერ-ლაშეზის სასაფლაოზე) — ფრანგი დიპლომატი, პოლიტიკოსი და ისტორიკოსი. ბარონი (1818), საფრანგეთის პერი (1835).
1790 წლიდან იყო საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურში, მათ შორის, გენერალურ კონსულად საბერძნეთში (1794-1799), შემდეგ — შვედეთში (1799-1800). 1800 წლიდან იყო ტრიბუნატის წევრი, 1803 წლიდან — მისი პრეზიდენტი. 1804-1811 წლებში მსახურობდა გენერალურ კონსულად ვაშინგტონში (აშშ), 1816 წელს დაინიშნა გენერალურ კონსულად სმირნაში (ახლანდ. იზმირი, თურქეთი), ხოლო 1817 წელს აღმოსავლეთში ყველა ფრანგული დაწესებულების გენერალურ ინსპექტორად. 1831-1834 წლებში არჩეული იყო ბუშ-დიუ-რონის დეპუტატად.
ბოჟურის მრავალი ნაშრომიდან, რომლებიც მიეძღვნა პოლიტიკურ-ეკონომიკურ და სამხედრო საკითხებს, აღსანიშნავია 1829 წელს გამოცემული „სამხედრო მოგზაურობა ოსმალთა იმპერიაში“, სადაც აღწერს საქართველოს, დაღესტანსა და ჩერქეზეთს, ოსმალთა სასაზღვრო სიმაგრეებს, კავკასიის შავი ზღვის სანაპიროს, ტრანსკავკასიურ გზებს, ოსმალთა საზღვრებს მდ. მტკვარსა და არაქსზე და სხვ.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Voyage militaire dans I` empire Othoman, ou description de ses frontieres et des ses principales defences, soit naturelles, soit artificielles, t. 1–2, P., 1829.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997.
- Полиевктов М. А., Европейские путешественники по Кавказу 1800–1830 гг., Тб., 1946.