ფარუხსიარი
ფარუხსიარი (დ. 20 აგვისტო, 1685, აურანგაბადი — გ. 19 აპრილი, 1719, დელი) — დიდ მოგოლთა იმპერიის მე-10 იმპერატორი 1713–1719 წლებში, აზიმ უს-შაჰის ვაჟი, ბაჰადურ I-ის შვილიშვილი.
ფარუხიასარი | |
---|---|
დიდ მოგოლთა იმპერიის მე-10 იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 11 იანვარი, 1713 |
მმართ. დასასრული: | 28 თებერვალი, 1719 |
წინამორბედი: | ჯაჰანდარ-შაჰი |
მემკვიდრე: | რაფი უდ-დარაჯათი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 20 აგვისტო, 1685 |
დაბ. ადგილი: | აურანგაბადი, დიდ მოგოლთა იმპერია |
გარდ. თარიღი: | 19 აპრილი, 1719 |
გარდ. ადგილი: | დელი, დიდ მოგოლთა იმპერია |
მეუღლე: | გაუჰარ-უნ-ნისა ბეგუმი |
შვილები: | ბადშაჰ ბეგუმი |
სრული სახელი: | აბულ მუზაფარ მუინ უდ-დინ მუჰამედ შაჰ ფარუხ-სიარი ალიმ აქბარ სანი ვალა შან პადშაჰ-ი-ბაჰრ-უ-ბარი |
დინასტია: | თემურიდები |
მამა: |
აზიმ უს-შან მირზა (ბაჰადურ-შაჰ I-ის ვაჟი) |
დედა: | საჰიბა ნისვანი |
რელიგია: | სუნიტური ისლამი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაფარუხსიარი დაიბადა 1685 წელს, აურანგაბადში, აზიმ უს-შან მირზასა და საჰიბა ნისვანის ოჯახში, ჯერ კიდევ მისი დიდი ბაბუის, აურანგზების ზეობის პერიოდში. 1696 წელს მამამისს ახლდა ბენგალის ლაშქრობაში. აურანგზებმა 1707 წელს ფარუხსიარს ბენგალის პროვინცია ჩააბარა. დიდ ბაბუასთან დადებითი ურთიერთობის გამო ფარუხსიარი დიდ მოგოლთა ტახტის ერთ-ერთ პრეტენდენტად იქცა. 1712 წელს ბაჰადურ-შაჰ I-ის გარდაცვალების შემდეგ ლაჰორში იმპერატორად გამოაცხადეს ჯაჰანდარ-შაჰი, რომელმაც თავისი სამი ძმა სიკვდილით დასაჯა. მას აუჯანყდა აზიმ უს-შანი, რომელმაც ფარუხსიარს დაავალა ბენგალიდან დელიში შეჭრა და ტახტის დროებით დაკავება. იმავე წლის მარტში, აგრას მახლობლად აზიმ უს-შანის მომხმრეთა არმია დამარცხდა ჯაჰანდარის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში. აზიმ უს-შანი შეიპყრეს და მდინარეში დაახრჩვეს, ფარუხსიარს კი მოუწია ბენგალში გაქცევა.
1713 წელს, ფარუხსიარმა მარათჰებისა და ბენგალელების დახმარებით ბიძამისი ჯაჰანდარ-შაჰი ტახტიდან ჩამოაგდო და სიკვდილით დასაჯა, თავად კი თავი მოგოლების მეათე ფადიშაჰად გამოაცხადა.[1] ფარუხსიარის მმართველობის დროს დიდ მოგოლთა იმპერიაში კიდევ უფრო მოხშირდა აჯანყებები. დასავლეთიდან მოგოლებს დიდი პრობლემები შეუქმნა გაძლიერებულმა ავღანეთმა. 1715 წელს ფარუხსიარმა დაამარცხა მეამბოხე სიქები და მათი მეთაურები სასტიკად დასაჯა. 1717 წელს ფარუხსიარმა ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიას წლიური გადასახადი – 3 ათასი მანეთი დაუწესა ბენგალში სავაჭრო პუნქტებისა და უბაჟო ვაჭრობის დაარსების უფლებისთვის. ფარუხისიარი ინარჩუნებდა ურთიერთობას ოსმალეთის იმპერიასთან, წერილებს უცვლიდა მის დიდ ვეზირს, ნევშეჰირლი იბრაჰიმ-ფაშას.
ფარუხსიარი ტახტიდან ჩამოაგდეს სასახლის შეთქმულების შედეგად, რომელიც ორგანიზებული იყო ძმების – სეიიდ აბდულა-ხანისა და სეიიდ ჰუისეინ ალი-ხანის მიერ. თავდაპირველად ის დააპატიმრეს. 1719 წლის 28 თებერვალს ყოფილი ფადიშაჰი დააბრმავეს, ხოლო 19 აპრილის ღამეს დაახრჩვეს. ძმები სეიიდების მხარდაჭერით[2] დიდ მოგოლთა იმპერატორი გახდა ფარუხსიარის ბიძაშვილი, 19 წლის რაფი უდ-დარაჯათი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Fisher, Michael H. (1 October 2015), A Short History of the Mughal Empire, I.B.Tauris, ISBN 978-0-85772-976-7
- Singha, H.S. (1 January 2005), Sikh Studies, Book 6, Hemkunt Press, ISBN 978-81-7010-258-8
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Sen, Sailendra (2013). A Textbook of Medieval Indian History. Primus Books, გვ. 193. ISBN 978-93-80607-34-4.
- ↑ Tazkirat ul-Mulk by Yahya Khan p.122
წინამორბედი: ჯაჰანდარ-შაჰი |
დიდ მოგოლთა იმპერატორი 1713 — 1719 |
შემდეგი: რაფი უდ-დარაჯათი |