ფარეხების გორა
ფარეხების გორა — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ქანდაში, თბილის-გორის საავტომობილო გზიდან ქსნის რკინიგზის სადგურისაკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს 100 მეტრზე. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაო — ადრინდელი რკინის ხანით (ძვ. წ. II-I ათასწლეულთა მიჯნა — ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანები). XIX საუკუნეში ამ ადგილას ფარეხები მდგარა. აქედან მომდინარეობს სახელწოდებაც. გეომორფოლოგიურად გორა ამოზიდული ტიპისაა და წაგრძელებულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. გორის ჩრდილოეთ ფერდი მიწის სამუშაოების დროს დაზიანებულა და კარგად ჩანს დაახლოებით ერთი მეტრის სიმძლავრის კულტურული ფენა. აქ გამოვლენილი რიყის ქვის საძირკველზე ნაგები ძელური სახლების კედლები თიხითაა შელესილი. გვხვდება წითლად გამომწვარი კერამიკის ნაშთები. ნაპოვნია ჯამები, კოჭობები, სასმისები, ქოთნები, დერგები და ქვევრები. სოფლის სკოლის მოსწავლეებმა გორის ძირში იპოვეს აღმოსავლეთ-ქართული ცული, ე. წ. ჩუგლუგი, დასავლეთ-ქართული ბრტყელი ცული და ბრინჯაოს სხვა ნივთები. ნაპოვნი ნივთები ინახება სოფლის საშუალო სკოლის პიონერთა ოთახში.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვეტაძე ჯ. ცქიტიშვილი გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 337.