უჯარმის მეორე ეკლესია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ უჯარმის ეკლესია.

მეორე უჯარმის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ციხე-დარბაზის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 1,8 კილომეტრზე, მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირას, ტყიანი მთის ციცაბო კალთაზე. სავარაუდოდ, თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით.

ეკლესია კლდის გამოშვერილ ნაწილზე დგას ისე, რომ მისი სამხრეთ მხარე ფერდობშია შეჭრილი, ჩრდილო მხარე კი, ფერდობისკენაა მიმართული. ერთი შესასვლელი სწორედ ამ მხრიდანაა. მიწიდან დაახლოებით 1,2 მეტრის სიმაღლეზე.

ეკლესია დარბაზულია (გარეთა ზომები: სიგრძე — 7,8 მეტრი, სიგანე — 5,2 მეტრი), ჩრდილოეთ მხრიდან ეკვრის თანადროული მომცრო (გარეთა ზომები: სიგრძე — 4,2 მეტრი, სიგანე — 2,3 მეტრი), ორსართულიანი ნაგებობა, რომლის ერთ-ერთ კედელს ეკლესიის ჩრდილო კედელი წარმოადგენს. ეკლესიის საშენ მასალად მოზრდილი ზომის, სრულიად დაუმუშავებელი, ნატეხი ქვაა გამოყენებული. ქვები შემთხვევითი ფორმისაა. ისინი ზომისა და ფორმის მიხედვით არ არის შერჩეული, რის გამოც წყობა ქაოსურია. წყობაში ალაგ-ალაგ, საკმაოდ დიდი, თხელი ქვებიცაა ჩართული, რომლებიც ზედაპირით ფასადის მხარეს არის მიქცეული. შიგნითანკედლების საპირე წყობა თითქმის იმდაგვარივეა. აფსიდის კუთხეები კი რიყის ქვითაა გამოყვანილი. კონსტრაქტულ ნაწილებში გამოყენებულია თხელი, მოგრძო ქვები. იგივე საშენი მასალითაა ნაგები მინაშენიც.

ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: აყრილია ეკლესიის სახურავის საფარი. სახურავის სამხრეთ კალთაზე დაყრილია ფერდობიდან ჩამოზვავებული მიწა და ზედ ხეებია ამოსული. კამარა რამდენიმე ადგილას გახვრეტილია, დარღვეულია იატაკის დონე, თითქმის მთლიანადაა ჩამოშლილი ორივე ფრონტონი. ჩრდილო მინაშენი სართულნახევრის სიმაღლეზეღაა შემორჩენილი.

ეკლესიის შესასვლელი გაჭრილია ჩრდილო კედლის დასავლეთ კიდეში ისე, რომ მისი დასავლეთ წირთხლი დასავლეთ კედლეთან ერთ სიბრტყეშია. კარი გარედან ნახევარწრიული თაღითაა გადახურული, შიგნიდან გადახურვა და მის თავზე არსებული წყობის ორი რიგი ჩამოშლილია. როგორც შემორჩენილი ნაშთებიდან ჩანს, იგი თარაზულად ყოფილა გადახურული.

აღმოსავლეთით ნახევარწრიულიი აფსიდია, დაბალი, ოთხკუთხა სარკმლით შუაში და მცირე ოთხკუთხა ნიშით ჩრდილოეთ გვერდში. სარკმლის თავი კონქის ქუსლის დონეზეა. საკუთვრივ კონქი დადაბლებული პროპორციებისაა. იგი კამარისგან კვერცხისებრი თაღითაა გამოყოფილი. მგავსი ფორმისაა კამარაც. აფსიდს და დანარჩენ კედლებს, მთელ სიგრძეზე ხარისხი გაუყვება.

ეკლესიის დარბაზი თითქმის კვადრატულია (სიგრძე - 3,9 მეტრი სიგანე - 3,6 მეტრი). დასავლეთ კედლის ზედა ნაწილში მაღალი, ბრტყლად გადახურული სარკმელია.

ჩრდილო კედელში კი, იატაკიდან დაახლოებით 1 მეტრი სიმაღლეზე. ოთხკუთხა ხვრელი რომელიც ჩრდილოეთიდან მიშენებული ნაგებობის მეორე სართულში გადის.

გარედან აღმოსავლეთ კედლის სამხრეთ ნახევარს კლდე წარმოადგენს. ჩრდილო კედელზე შემორჩენილია თაროსებლი ლავგარდის ნაწილი — კედლის სიბრტყის მიმართ ოდნავ გადმოშვერილი რამდენიმე თხელი ქვა.

ჩრდილოეთიდან მიშენებული ნაგებობა როგორც ჩანს, ბერის საცხოვრებელს წარმოადგენდა. შესასვლელი მას ჩრდილოეთიდან აქვს - პირველი სართულის დონეზე. კარი, ეკლესიის მსგავსად, ჩრდილო კედლის დასავლეთ კიდეშია გაჭრილი. იგი იმდენად მცირე ზომისაა (სიგრძე — 50 სანტიმეტრი, სიგანე — 70 სანტიმეტრი) რომ მასში შესვლა მხოლოდ ხოხვითაა შესაძლებელი. პირველი სართული (ფართობი — 4 კვადრატულ მეტრამდეა) გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომლის ღერძი ეკლესიის ჩრდილო კედლის პერპენდიკულარულია. სართულის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო ოთხკუთხა ნიშაა. დასავლეთ ნიშა სიმაღლეში ორ ტოლ ნაწილადაა გაყოფილი. ქვედა ნახევარი, ვიწროა. ზედა — განიერი. ჩრდილო კედელში მცირე ზომის ოთხკუთხა სარკმელია (წირთხლების დიდი ნაწილი აკლია) რომლის ქვემოთ ოცდაათიოდე სანტიმეტრზე. კედლიდან გამოშვერილი თხელი ქვის თაროა. სამხრეთ-აღმოსავლეთით კუთხეში კი ქვით ნაგები, კვადრატული მაგიდა. კამარის დასავლეთით გვერდში ხვრელია (სიგ. დაახლ. - 70 სმ). რომელიც ნაგებობის მეორე სართულზე ადის. შენობის მეორე სართულის კედლები (შემორჩენილია 1,3-1,5 მ სიმაღლეზე), პირველი სართულის კედლებთან შედარებით, რამდენადმე თხელია. რის ხარჯზეც მეორე სართულის ფართობი, პირველთან შედარებით, ოდნავ უფრო მეტია. სართულის აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით კედლების შუაში ღიობის კვალია შემორჩენილი. შესაძლოა ღიობი მოწყობილი იყო დასავლეთ კედლის შუაშიც (კედელი ამ ადგილას დანგრეულია). თუ როგორ იყო გადახურული სართული არ ჩანს.

ლიტერატურა

რედაქტირება