უფლისწულის ეკლესია
უფლისწულის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის ნაქალაქარ უფლისციხეში. მდებარეობს შიდა ქალაქის შუა უბანში, თვალსაჩინო ადგილას, ამაღლებული კლდის მასივზე. თარიღდება IX-X საუკუნეებით. ეკლესია აშენებულია ძველი წარმართული ტაძრის ადგილზე, რასაც მოწმობს ეკლესიის დასავლეთ ფასადის ქვეშ შემორჩენილი კლდეში ნაკვეთი ანტიკური დროის ნაგებობის ნაშთები, სამხრეთ ფასადის კლდის ცოკოლი და აღმოსავლეთ ბოლოში, შესასვლელთან გაცვეთილი იატაკი, აგრეთვე, წარმართული დროის შესასვლელი აღმოსავლეთ ფასადის ცენტრში, სადაც ახლა კლდეში ჩაღრმავებული ადგილი ქვის ცოკოლით მოსწორებულია და გამოყენებულია ეკლესიის ფუძედ.
არქიტექტურა
რედაქტირებანაგებობა სამეკლესიანი ბაზილიკაა (18,5 X 13,8 მ), ნაგებია აგურით. შენობა მრავალჯერ არის გადაკეთებული. XI-XII საუკუნეებს მიეკუთვნება სარკმელი და მისი ქვის ჩარჩოს ორნამენტიანი ფრაგმენტი, პროფილირებული ლავგარდნის ქვები და მწვანე ქვის კანკელის ნატეხები, რომლებიც არქეოლოგიური გათხრების დაროს იპოვეს ეკლესიის ქვემოთ, ფერდობზე და XVII საუკუნის სახლის კედლის წყობაში. შენობა შემდეგშიც რამდენიმეჯერ გადაუკეთებიათ. XVIII საუკუნეში სამხრეთ შესასვლელის თავზე დაუშენებიათ ოთხივე მხარეს თაღებით გახსნილი მცირე გუმბათიანი სამრეკლო, რომელიც ნაგებია მცირე ზომის აგურით.
უფლისწულის ეკლესიის შესასვლელი ამჟამად სამხრეთ კედლის ცენტრში არსებულ ნიშშია. აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში ჩანს პირვანდელი შესასვლელების (ამოშენებულია) კვალი. აფსიდი ნალისებრია. გრძივი კედლები დანაწევრებულია სამ-სამი ღრმა (0,5-0,6 მ) მაღალი სართავი თაღით, რომლებშიც კიდევ უფრო ღრმად შეწეული ბრტყელი ნიშებია. ისინი უსწორო ფორმისაა, სადა, კამარამდე აღწევს და შიდა სივრცეს სიმაღლესა და ხალვათობას მატებს. დასავლეთ კედელშიც სამი შეღრმავებული დაბალი თაღია. სამხრეთ კედლის სამივე თაღში, ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ თაღში და აფსიდში გაჭრილია სარკმლები (სულ ხუთი). სარკმლები შიგნიდან განიერი და მაღალია, გარეთ ვიწროვდება, ნალისებრია, ზემოთ შეტეხილი. ასეთივე ფორმა აქვს ნიშების თაღებსაც. აფსიდის სარკმლის ქვეშ ქვის ეგვტერია. ეკლესიის კედლებს შიგნით კლდეში ნაკვეთი ცოკოლი გასდევს. კლდეშივე ნაკვეთი ნალისებრი ცოკოლია აფსიდშიც. ეკლესიის იატაკზე მოგებულია XVIII საუკუნის აგური. აგურისავეა სოლეას საფეხური აღმოსავლეთის კარის წინ.
შენობის ყველა ფასადი შელესილია თეთრად. აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონში აგურით შეღრმავებული ჯვარია გამოსახული, ლავგარდანიც აგურისაა, დაკბილული. სახურავი ღარისებრი კრამიტისაა. მათ შორის რამდენიმე მწვანედ და ფირუზისფრად არის მოჭიქული.
ეკლესიას სამი მხრიდან ეკვრის მასზე დაბალი აგურით ნაგები მინაშენები.
უფლისწულის ეკლესიის სამხრეთით მდებარე სათავსი - კარიბჭე ეკლესიის სიგრძისაა და მასზე ბევრად დაბალია. მინაშენის ნალისებრი აფსიდი გადახურულია კამარითა და კონქით. თაღიც ნალისებრია. სათავსის სამხრეთ კედელში, ეკლესიის კარის პირდაპირ აგურისთაღიანი შეწყვილებული შესასვლელებია. შესასვლელებს შორის აგურის წყობაში მოქცეულია კლდეში ნაკვეთი მრგვალი სვეტი. სავარაუდოა, რომ იგი ადრინდელი ფეოდალური ხანის ეკლესიას ეკუთვნოდა და შეწყვილებული გასასვლელის თაღების შუაბოძი - საყრდენი იყო. სათავსის კედლები შელესილია. იატაკი XVII საუკუნის აგურისაა.
ჩრდილოეთ მინაშენიც ეკლესიის სიგრძისაა და მასზე ბევრად დაბალია. ეკლესიასთან დაკავშირებული არ არის შემოსასვლელით. მინაშენში შემორჩენილ თხელი ფენის შელესილობას ატყვია მოხატულობის მკრთალი კვალი. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში ქვით ამოშენებული ღიობია, რომელიც შესაძლოა, ეკლესიაში გადიოდა. სათავსის იატაკი ეკლესიის იატაკზე მაღალია, კლდისაა და მოსწორებულია მიწით. ჩრდილოეთ მინაშენის ფასადს აქვს წვრილი ქვის ცოკოლი, რომელშიც ჩაყოლებულია შავი ბაზალტის ოთხი დიდი კვადრი. სათავსი გადახურულია კამარით. იგი განივი კედლით იყოფა გრძელ და მოკლე სათავსებად. გამყოფ კედელში გაჭრილია კარი. ორივე სათავსი სწორკუთხაა, უაფსიდო. გრძელი სათავსის აღმოსავლეთ კედელში ერთი სარკმელია. მოკლე სათავსის ჩრდილოეთ კედელში გარედან შემოსასვლელი კარია, ხოლო დასავლეთ კედელში დატანებული კარით სათავსი დასავლეთ მინაშენს უკავშირდება.
დასავლეთ მინაშენი მთელ სიგანეზე ეკვრის ეკლესიას. სათავსი სწორკუთხაა. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთით აქვს. აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ კუთხეში გაჭრილი კარით იგი ჩრდილოეთ მინაშენს უკავშირდება. ამ კედლის ცენტრში ქვის წყობით ამოშენებულია ღიობი, რომელიც ეკლესიის დასავლეთ კედლის შუა ნიშს ემთხვევა და მისივე ზომისაა. ამავე კედლის სამხრეთ ბოლოში დარღვეულია აგურის წყობა, რაც აქ ძველად კარის არსებობაზე მიგვითითებს. იატაკი კლდისაა, უსწორმასწორო, მაღლდება ჩრდილოეთისკენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქარუმიძე თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 105-106.