უტარა-კანადა (ინგლ. Uttara Kannada) ― რაიონი ინდოეთის შტატ კარნატაკაში. შტატის მთავარი სანაპირო რაიონი და სიდიდით მესამე რაიონი. ჩრდილოეთიდან გოა და ბელგაუმის რაიონი ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან ― დარვადის რაიონი და ჰავერის რაიონი, სამხრეთიდან ― შივამოგის რაიონი და უდუპის რაიონი, ხოლო დასავლეთიდან ― ლაკადივის ზღვა.

დასახლებული პუნქტი
უტარა-კანადა
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 14°41′00″ ჩ. გ. 74°35′00″ ა. გ. / 14.68333° ჩ. გ. 74.58333° ა. გ. / 14.68333; 74.58333
ფართობი 10291 კმ²
ცენტრის სიმაღლე 500 მეტრი
ოფიციალური ენა კანადა
მოსახლეობა 1 437 169 (2011)[1]
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 0838
საფოსტო ინდექსი 581xxx
ოფიციალური საიტი http://uttarakannada.nic.in/
უტარა-კანადა — ინდოეთი
უტარა-კანადა

რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია კარვარი, ხოლო მთავარი კომერციული ცენტრები კუმტა და სირსია.

რაიონის აგროკლიმატური დანაყოფებია: სანაპირო ვაკე (მოიცავს კარვარის, ანკოლის, კუმტის, კონავარისა და ბჰატკალის ტალუკებს) და მალენადუ (მოიცავს სირსის, სიდაპურის, იელაპურის, ჰალიალის, ჯოოიდისა და მუნდგოდის ტალუკებს).

გეოგრაფია

რედაქტირება

უტარა-კანადის მთავარი გეოგრაფიული მახასიათებელი დასავლეთი გატებია, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენაა გადაჭიმული. დასავლეთ გატებსა და არაბეთის ზღვას შორის ვიწრო სანაპირო ზოლია გადაჭიმული, რომელსაც პაიანგატი ეწოდება და მისი სიგანე 8-დან 24 კმ-მდე იცვლება. სანაპირო ვაკეების უკან 60-დან 100 მეტრამდე სიმაღლის ბორცვებია. ამ უკანასკნელის უკან კი დასავლეთ გატების ქედები და მწვერვალებია. დასავლეთ გატების აღმოსავლეთით ბალაგატის მაღლობი მდებარეობს, რომელიც დეკანის ზეგანის ნაწილია.

ტენიანობის მომდანი ქარები დასავლეთიდან ქრის და საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი სანაპიროზე 3 000 მმ-ს უტოლდება, ხოლო დასავლეთ გატების ქარპირა ფერდობებზე ― 5 000 მმ-ს. დასავლეთ გატების აღმოსავლეთ ფერდობებზე, წვიმის ჩრდილში, საშუალო დლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 1 000 მმ-ს უდრის. წვიმის დიდი წილი ივნის-სექტემბრის მუსონების დროს მოდის. დასავლეთ გატებიდან არაბეთის ზღვისკენ ოთხი მთავარი მდინარე მიედინება: კალი, განგავალი, აგანაშინი და შარავატი. ამ მდინარეებზე არაერთი ჩანჩქერია, მათ შორის: მაგოდის, შივაგანგის, ლალგულისა და მაილმანეს ჩანჩქერები. დაბლობებში, მდინარეები ფართო ესტუარებს წარმოქმნიან, რომლებიც ხმელეთში რამდენიმე კმ-ზე იჭრებიან.

ეკოლოგია

რედაქტირება

ნალექიანობის მაღალი მაჩვენებელი ტყეების გავრცელებას უწყობს ხელს და უტარა-კანადის 70%-ს სწორედ ტყეები იკავებს. არაბეთის ზღვასა და დასავლეთ გატების მთისწინეთებს შორის 250 მეტრის სიმაღლეზე ვიწრო ზოლი მდებარეობს, რომელიც მალაბარის სანაპიროს ტენიანი ტყეების ეკორეგიონს მიეკუთვნება. ეს ტყეები თითქმის მთლიანად სოფლის მეურნეობისა და ტექის ხეების პლანტაციებად გადააქციეს. დასავლეთ გატების 250-დან 1 000 მეტრამდე ზონა ჩრდილოეთ დასავლეთ გატების ტენიანი ფოთლოვანი ტყეების ეკორეგიონს უკავია. 1 000 მეტრზე მაღლა ჩრდილო დასავლეთ გატების მთიანი წვიმის ტყეების ეკორეგიონია. დანდელის მახლობლად მდებარეობს ანშის ეროვნული პარკი, სადაც დაახლოებით 250 კმ²-ის ფართობის ნახევრად მარადმწვანე ტყეა შემონახული. ეროვნულ პარკში ბინადრობს: ვეფხვი, შავი ავაზა, აზიური სპილო, ბენგალური კატა, გაური, ინდური სამბარი და სხვ. დანდელის ველური ბუნების თვშესაფარში 834 კმ² ფართობის მქონე ნახევრად მარადმწვანე და ბამბუკის ტყეა დაცული.

დემოგრაფია

რედაქტირება

2011 წლის აღწერის მიხედვით, უტარა-კანადის მოსახლეობა 1 437 169 ადამიანს შეადგენს,[2] რაც დაახლოებით ესვატინის[3] ან ჰავაის შტატის მოსახლეობის[4]ტოლია. ამ მაჩვენებლით ის ინდოეთის 640 რიონს შორის 346-ე ადგილზეა. მოსახლეობის სიმჭიდროვე 140 ადამიანი 1 კმ²-ზე. 2001-2011 წლებში მოსახლეობის ზრდის ტემპი 6.15%-ს უდრიდა. სქესობრივი თანაფარდობაა: 975 ქალი 1 000 კაცზე. მოსახლეობის 29.15% ცხოვრობს ურბანულ ტერიტორიაზე.

რელიგია უტარა-კანადის რაიონში (2011)[5]
რელიგია %
ინდუიზმი
  
82.61%
ისლამი
  
13.08%
ქრისტიანობა
  
3.10%
ბუდიზმი
  
0.89%
სხვა ან უარი პასუხზე
  
0.32%

უტარა-კანადის მოსახლეობის უმრავლესობა ინდუიზმის მიმდევარია. 1500-იანი წლებიდან მოყოლებული ამ ტერიტორიაზე კათოლიკეებიც ცხოვრობენ. მუსლიმანების დიდი ნაწილი ბჰატკალის ტალუკში ცხოვრობს და უმრავლესობას შეადგენენ ქალაქ ბჰატკალში. ტიბეტელი ლტოლვილების პატარა თემი მუნდგოდში ცხოვრობს.

რაიონში მოსახლეობის უმრავლესობა (55.34%) კანადაზე საუბრობს. სხვა ძირითადი ენებია: კონკანი ― 18.21%, ურდუ ―11.83%, მარათული ენა ― 9.52% და ტელუგუ ― 1.36%. მარათულ ენაზე მოლაპარაკეები ძირითადად ჩრდილოეთ ნაწილში, ჯოიდისა და ჰალიიალის ტალუკებში ცხოვრობენ, ხოლო კონკანიზე ძირითადად კარვარის ტალუკში საუბრობენ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 2011 census of India
  2. District Census Handbook: Uttara Kannada. Registrar General and Census Commissioner of India (2011).
  3. US Directorate of Intelligence. Country Comparison:Population. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-27. ციტატა: „Swaziland 1,436,847“ ციტირების თარიღი: 2011-10-01
  4. 2011 Resident Population Data. U. S. Census Bureau. ციტატა: „Hawaii 1,436,847“ ციტირების თარიღი: 2011-09-30[მკვდარი ბმული]
  5. Table C-01 Population by Religion: Karnataka. Registrar General and Census Commissioner of India (2011).