უდის ღვთისმშობლის ეკლესია
უდის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი— ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, სოფლის ცენტრში. ეკლესია აშენდა 1904-1906 წლებში ქართველი კათოლიკეების მიერ მანამდე არსებული მართლმადიდებლური ნაეკლესიარის ადგილზე. ეს არის ხუთიდან ერთ–ერთი ტაძარი, რომელიც სადავოა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოში კათოლიკე ეკლესიას შორის.[1]
უდის ღვთისმშობლის ეკლესია | |
| |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | უდე |
ფუნქციური სტატუსი | მოქმედი |
ხელმძღვანელობა | სიმონ ჭილაშვილი |
დეტალები
|
ისტორია
რედაქტირებაუდეს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია აშენებულა დაახლოებით IX საუკუნეში, დროთა ვითარებაში ტაძარი მრავალჯერ აუოხრებია მომხვდურ მტერს. 1860 წელს, აღუდგენიათ ტაძრის დასავლეთ ფასადი და ნავისებური ნაწილი. 1845 წლამდე შესასვლელ კარს ზემოთ ყოფილა ნუსხური წარწერა, აღნიშნულ წელს უდეს ტაძერების მოსანახულებლად წამოსულა ცნობილი ქართველოლოგი მარი ბროსე. აქ მყოფ კათოლიკე მღვდელს, იოსებ ხუციანოვს შეუტყვია, სანქტ-პეტერბურგიდან ხელმწიფეს კაცი გამოუგზავნია აქაური ეკლესიების სანახავადო, ბროსეს ამოსვლამდე, აუღია ტარაღი (ქვის სათლელი) და ხუცური ასოები ამოუშლია ქვიდან, რათა წაეშალა მართლმადიდებელთა კვალი ტაძარში; როდესაც ბროსე ამოსულა და უკითხავს ამ მღვდლისთვის თქვენ ვინ ხართო, მას უპასუხია: „ჩვენ ვართ სომეხი კათოლიკეებიო“. ბროსესაც ასე დაუწერია თავის მოხსენებაში. [2] ეს დატარაღებული ქვა დღესაც ტაძრის გარედან, შესასვლელ კარს ზემოთაა ჩაშენებული. იოსებ ხუციანოვს აგრეთვე დაუტარაღებია წმ. ნინოს ეკლესიის წარწერაც.
1886 წელს უდეს ღვთისმშობლის ტაძარი აღწერა რუსეთის საიმპერატორო ექსპედიციამ - ხელმძღვანელი პ. უვაროვა, რომელიც საინტერესო ცნობებს გვაწვდის ძველი ტაძრის შესახებ: ბაზილიკური ფორმის, სამნავიანი, ორფერდიანი სახურავით, კრამიტით გადახურული, გადაკეთებული ყოფილა ტაძრის დასავლეთის ფასადი და ნავისებური ნაწილი. ტაძარს ჰქონია სამრეკლო, რომელიც ტაძარზე უკეთესად ყოფილა შემონახული, მასში მრავალი ახალი ჩანართი შეუნიშნავთ, მათ შორის ორნამენტების ნაწილები. პ. უვაროვა აღწერს რამდენიმე ქვის გამოსახულებას, მათ შორის ვეშაპის ხახიდან გადმოსროლილი იონას გამოსახულება, აგრეთვე სამხრეთის კედელში ჩაშენებული ღვთისმშობელი ყრმით, რომელიც დღესდღეობით ტაძარშია დაბრძანებული. ტაძრიდან რამდენიმე ნაბიჯში ყოფილა წმ. გიორგის სახელობის მცირე ბაზილიკური სტილის ეკლესია, რომელიც აგებულია დაახლოებით VII საუკუნეში[3].
1904-1906 წლებში კათოლიკეებმა დაშალეს ძველი მართლმადიდებლური ეკლესია სამრეკლო და წმ. გიორგის სახელობის ეკლესია და მის ადგილას ააგეს ახალი ეკლესია. ეკლესიის დასაშლელად მოიმიზეზეს ის რომ, თითქოს ეკლესია არ იტევდა სოფლის მოსახლეობას. ძველი ნაგებობების მასალა ახალი ეკლესიისთვის გამოუყენებიათ[4]. ნაგებობის დიდი ზომა და არქიტექტურული გადაწყვეტა ცხადად მიგვანიშნებს მის მაშენებელთა ამბიციაზე ჰქონოდათ ტაძარი, რომელიც გამორჩეული იქნებოდა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ საქართველოში. მის ჩრდილოეთ ფასადზე სამშენებლო წარწერაა
„1901 წ. აღშენდა 1909 წ. სამცხე-საათაბაგოს მესხ ქართველებმა უდის 272 მოსახ კათოლიკეებმა“
|
წარწერის თავზე ჯვრის გამოსახულებიანი ფილაა ჩასმული, რომლის გარშემო ამოკვეთილია: „პაპი პიი X“, „ეპისკოპოზ კესლერ“, „უდის მღვდე სიმონ ჩილაშვილი“ „1909“. ასევე სამშენებლო წარწერაა სამხრეთ ფასადზე „უდეს არის კათოლიკები 2120 სული მაშენებელნი ამა საყდრისა. მაჰმადიანები 520 სული ორივ ტომით ქართველნი. ღვთისმშობელო შენ გწირამთ ჩვენ შრომასა“. წარწერიდან ირკვევა, რომ მშენებლობაში მონაწილეობა კათოლიკეებთან ერთად ქართველ მუსლიმებსაც მიუღიათ.
მშენებლობის დასრულების შემდეგ მრევლის მთავარ საზრუნავს წარმოადგენდა წირვა-ლოცვის მშობლიურ ენაზე ჩატარების ნებართვის მოპოვება, რადგან მანამდე წირვა სომხურ ენაზე აღევლინებოდა, მხოლოდ სახარება იკითხებოდა ქართულად. 1908 წ. უდეს მკვიდრი ივანე მერაბიშვილი მიხეილ თამარაშვილს სწერდა:
„ახალი ეკლესია ავაშენეთ ისეთი, რომ თელ კავკასიასიაშიდ პირველია სიდიდით და სილამაზითაც... არ გვინდა, რომ ეკლესია სომეხმა აკურთხოს და სომხები იყვნენ ბატონები...“
|
ეს წერილიცა და წარწერაც მოწმობს, რომ XX საუკუნის დასაწყისში სამხრეთ საქართველოს კათოლიკეთა იდენტობას დიდწილად ეროვნული ფაქტორი - "ტომით ქართველობა" განსაზღვრავდა. ეკლესიის არქიტექტურა მასიური კედლებითა და ნახევარწრიული თაღებით, კლასიციზმის ძლიერ სქემატიზირებულ ვარიანტს მისდევს. მისი საფასადო გაფორმების ზოგიერთ დეტალში (მაგ. კარ-სარკმელების) შეიძლება შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების გამოძახილიც ამოვიკითხოთ, მაგრამ იმ ფენომენთან, რასაც ქართულ სტილს ვუწოდებთ, მას ვერ დავაკავშირებთ.[5]
1930-იან წლებში, ათეისტური კომუნისტური მმართველობის დროს, ტაძარში აკრძალეს ღვთისმსახურება, კათოლიკე მღვდელი დააპატიმრეს და ტაძარი კოლმეურნეობის საწყობად აქციეს. უდელი კათოლიკეები ღამღამობით ფარულად ლოცულობდნენ ტაძრის შენობაში დარჩენილ ლურდის ღვთისმშობლის ქანდაკების წინაშე. ქანდაკება ფარულად მორიგეობით ოჯახებშიც გადაჰქონდათ. 1970-იანი წლების ბოლოს ტაძარი სოფლის მხარეთმცოდნეობის მუზეუმად გადაკეთდა. ამ დროისთვის ის თითბერის ფურცლებით გადიახურა. 1980-იანი წლებიდან კათოლიკეები ითხოვნდნენ სახელმწიფოსგან ეკლესიის დაბრუნებას. 1986 წელს, რელიგიების საქმეთა საბჭო დათანხმდა უდეს კათოლიკური მრევლის რეგისტრაციას და ტაძრის გადაცემას, მაგრამ სოფელში კათოლიკური წესის მღვდლის არყოფნის გამო საკითხი ვერ გადაწყდა. 1992 წლის შემდეგ სახელმწიფომ ტაძარი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადასცა მას შემდეგ ღვთისმსახურება მართლმადიდებლური წესით მიმდინარეობს. 1990-იანი წლებიდან დღემდე უდეს კათოლიკურმა მრევლმა სამი სხვა სამლოცველო ააგო, ორი სოფელში და ერთიც იალაღზე, თუმცა სოფლის კათოლიკური მრევლი დღემდე ითხოვს ტაძრის დაბრუნებას. 2006 წლიდან ტაძარს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
2012 წელს დაიწყო უდეს ღვთისმშობლის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა და განახლება. ეკლესიას გაუკეთდა ახალი გალავანი, ტაძრის დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით აშენდა სამრეკლო, სატრაპეზო, სენაკები და მაღაზიები, აიგო წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სამრეკლო, რომლის საძირკველშიც ხანძთიდან ჩამოტანილი ეკლესიის ქვებია ჩატანებული. აიგო ორსართულიანი შენობა, სადაც პირველ სართულზე მამათა კელიები, ხოლო, მეორე სართულზე სატრაპეზო განთავსდა. აშენდა საწინამძღვრო და სამღვდელმთავრო კელიები. გაკეთდა ტაძართან ასასვლელი მრავალსაფეხურიანი ქვით მოპირკეთებული კიბე, ეკლესიის ტერიტორია მოპირკეთდა გათლილი ქვით, მონასტრის შესასვლელს გაუკეთდა რკინის მოჭედილი კარი. მთლიანად შეიცვალა ეკლესიის სახურავი. მშენებლობების დროს ტაძრის გარშემო აღმოჩნდა განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების დეტალები და საფლავის ქვის ფრაგმენტები, რომლებიც ახლა ტაძრის სამხრეთ ფასადთანაა დალაგებული. 2013 წლის 26 ივნისს, უწმინდესისა და უნეტარესის ლია II-ის ლოცვა-კურთხევით საზეიმოდ გაიხსნა წმ. ანთიმოზ ივერიელის სახელობის მამათა მონასტერი. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ 13 ეპისკოპოსთან ერთად საზეიმო წირვა აღავლინა. წინამძღვრად დაინიშნა არქიმანდრიტი გრიგოლი (ქურციძე). 2015 წლის 12 მაისს საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბარდაველიძე ნ., კათოლიკე ეკლესია საქართველოში // კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში, ტ. 1, თბილისი: საბაუნი, 2018. — გვ. 224-226, ISBN 978-9941-0087-0 Invalid ISBN.
- მარსაგიშვილი გ., „უდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია“, // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ. 2013, გვ. 524-530
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17799
- მონასტრის ოფიციალური ვებგვერდი
- ისტორიულ კათოლიკურ ტაძარს იერსახეს უცვლიან დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „რატომ ვერ შეიქმნა სადავო ეკლესიების შემსწავლელი კომისია“. ნეტგაზეთი (7 მაისი 2013). ციტირების თარიღი: 2021-02-05.
- ↑ ჟურნალი"კვალი";1897; N 38-39
- ↑ Графиня Пр. Уварова, «Кваблианское ущелие», МАК IV, М., 1894, ст. 68-69
- ↑ ბოჭორიძე გ., „მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში“ თბ., 1992, გვ. 64-65
- ↑ ხოშტარია დ. „არქიტექტურა და იდენტობა: საეკლესიო მშენებლობა ეროვნული და კონფესიური იდენტობის კონტექსტში“ თბილისი, 2016, გვ., 23-25