თითბერი
თითბერი — სპილენძის ფუძეზე დამზადებული შენადნობი, რომლის ძირითადი დანამატია თუთია (50%-მდე); თითბერი – ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ -მდე ძველი ბერძნებისა და ეგვიპტელებისათვის იყო ცნობილი. XVIII საუკუნის ბოლომდე მას იღებდნენ ხის ნახშირთან შერეული სპილენძისა და თუთიის მადნის დნობით. XIX საუკუნიდან დაიწყეს სპილენძისა და თუთიის პირდაპირი შედნობა. სპილენძის შენადნობებიდან თითბერი ყველაზე გავრცელებულია. იგი ადვილად მუშავდება წნევით, ახასიათებს მაღალი მექანიკური თვისებები, ლამაზი ფერისაა და შედარებით იაფია. თითბერთაგან ამზადებენ ლენტებს, ფურცლებს, წნელებს, მილებს, მავთულს (დეფორმირებადი თუთბერი), აგრეთვე სხმულებს. თუთიის შემცველობის გაზრდასთან ერთად იცვლება თითბერის ფერი წითლიდან ღია ყვითლამდე. თითბერს, რომელიც შეიცავს 10%-მდე თუთიას, ტომპაკი ჰქვია, ხოლო 10-იდან 20%-მდე — შემცველს კი ნახევრადტომპაკი. ეს შენადნობები გამოირჩევა კოროზიამედეგობით და გადიდებული პლასტიკურობით. მათ იყენებენ რადიატორების მილების, ფურცლების, ლენტის დასამზადებლად, ფოლადის მისატკეცად.
თითბერს, რომელიც შეიცავს 20% თუთიას, იყენებენ ნაკეთობათა ცივი შტამპვით, დაწნეხითა და ადიდვით დასამზადებლად. მექანიკური, ანტიკოროზიულ და სხვა თვისებათა გასაუმჯობესებლად სპილენძისა და თუთიის ორმაგ შემადნობებს უმეტესად ალუმინს, რკინას, მანგანუმს, ნიკელს, ტყვიას და სხვა ელემენტებს უმატებენ (ჯამში დაახლოებით 10-მდე). თითბერს, რომელიც შეიცავს 15% Zn და 0,5% Al აქვს ოქროს ფერი, გადიდებული ატმოსფერული კოროზიამდგრადობა; მას იყენებენ, როგორც ოქროს შემცვლელს, წარჩინების ნიშნების, მხატვრულ ნაკეთობათა დასამზადებლად. თითბერი, რომელსაც დამატებული აქვს 1,5% Sn, ზღვის წყლის მიმართ კოროზიამედეგია. ტყვიის შემცველ თითბერს იყენებენ საავტომობილო და საათების მრეწველობაში. თითბერს იყენებენ აგრეთვე საერთო მანქანათმშენებლობაში, ხელსაწყოთმშენებლობაში, თბოტექნიკაში და წარმოების სხვა მრავალ დარგში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 682.