ტრაიბეკა

(გადამისამართდა გვერდიდან ტრიბეკა)

ტრაიბეკა (ინგლ. TriBeCa — Triangle Below Canal Street — სამკუთხედი არხის ქუჩის ქვემოთ) — უბანი ქვემო მანჰეტენზე, ნიუ-იორკი. იწყება კანალის ქუჩიდან და გრძელდება სამხრეთით პარკ-პლეისამდე, ხოლო მდ. ჰუდზონიდან აღმოსავლეთით ბროდვეიმდე.

ჰადსონის ქუჩა ტრაიბეკაში.

თავდაპირველად განვითარდა როგორც ინდუსტრიული უბანი, ძირითადად სასაწყობე შენობებით, ბოლო ათწლეულში კი მნიშვნელოვანი გადახალისება განიცადა. მრავალი საწყობი საცხოვრებელ ლოფტად გადაკეთდა, უბანში გაჩენილმა ახალმა სავაჭრო და შემოქმედებითმა დაწესებულებებმა კი მას რადიკალურად შეუცვალა იერი. უბნის მცხოვრებლებს ეს არემარე მოსწონთ შერეული ზონირებით მიღებული სიმშვიდისა და ჰარმონიულობის გამო, რასაც მრავალრიცხოვან კაფეთა და რესტორანთა ცოცხალი ატმოსფერო ერწყმის.

ტრაიბეკა ამჟამად მოდური საცხოვრებელი უბანია, სადაც ძირითადად შეძლებული ნიუ-იორკელები ცხოვრობენ. ქუჩების უმრავლესობა ბუტიკებითა და ძვირფასი რესტორნებით (მათ შორის: ნობუ, შანტრელი და ბული) არის ჩამწკრივებული. ტრაიბეკა ყოველწლიურად მასპინძლობს ტრაიბეკას კინოფესტივალს. აქ ხშირად იღებენ კინოფილმებს, მათ შორის იყო 1984 წლის ჰიტი „მოჩვენებებზე მონადირეები“, რომელიც ამ უბნის სახანძროში გადაიღეს.

ტრაიბეკაში მრავალი ცნობილი პიროვნება ცხოვრობს, მათ შორის მერაია კერი, ჰარვი კეიტელი, ჯეიმზ განდოლფინი, მაიკლ იმპერიოლი და რობერტ დენირო (რომელიც ტრაიბეკას კინოფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნეველი იყო 2002 წელს). ჯონ კენედი უმცროსიც აქ ცხოვრობდა.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ტრაიბეკამ მწვავე ფინანსური კრიზისი განიცადა. მიუხედავად ამისა, სამთავრობო გრანტების წყალობით უბანმა სული მალე მოითქვა. 2000-იანი წლების უძრავი ქონების ბუმის პერიოდში ტრაიბეკას ბინების ფასებმა მანჰეტენის ყველა სხვა უბანს გაუსწრო. 2006 წელს ჟურნალი ფორბსი საფოსტო კოდ 10013-ს ტრაიბეკაში აშშ-ის მე-12 ყველაზე ძვირ უბნად ასახელებს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება