ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი (ინგლ. Thompson submachine gun) — ამერიკული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, პირველად გამოგონილი ჯონ ტ. ტომპსონის მიერ 1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს. ის პოპულარული გახდა აშშ-ს ე.წ. „აკრძალვის ერის“ (აშშ-ს კონსტიტუციის მე-18 შესწორებამ აკრძალა ალკოჰოლის წარმოება, რეალიზაცია და ტრანსპორტირება) დროს და განსაკუთრებით ასოცირდებოდა ორგანიზებულ დანაშაულთან. იარაღი ხშირად ფიგურირებდა იმდროინდელ მედიაში, ვინაიდან ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი იმხანად გამოიყენებოდა როგორც კრიმინალების, ასევე სახელმწიფო ძალოვანი უწყებების მიერ. ამ იარაღს არაერთი მეტსახელი ჰქონდა შერქმეული, როგორიცაა: „ტომი განი“ (Tommy Gun), „ქუჩის დამგველი“ (Street Sweeper), „გამანადგურებელი“ (Annihilator), „ჩიკაგოს სტილი“, „ტომი ბიჭი“ (the Tommy Boy), „სანგრის ცოცხი“ (Trench Broom), უბრალოდ „ტომპსონი“ და კიდევ მრავალი სხვა.

Thompson Submachine Gun

ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი დისკისებური მჭიდითა და სახელურით
ტიპი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი
წარმომავლობის ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
სამსახურის ისტორია
შეიარაღებაშია 1938–1971 აშშ-ის დროშა აშშ
1921-დღემდე (სხვა ქვეყნებში)
წარმოების ისტორია
კონსტრუქტორი ჯონ ტ. ტომპსონი
შექმნის თარიღი 1917–1920
მწარმოებელი Auto-Ordnance Company (თავდაპირველად)
The Birmingham Small Arms Company Limited
Colt
Savage Arms
RPB Industries
წარმოების პერიოდი 1921–1945
რაოდენობა 1.75 მილიონი ყველა ვარიანტის ჩათვლით
მახასიათებლები
წონა მჭიდის გარეშე 4.9 (Thompson M1928A1)
4.5 (Thompson M1A1)
სიგრძე 860 (M1928A1 ვარიანტი)
810 (M1/M1A1 ვარიანტები)
ლულის სიგრძე 267

ვაზნა .45 ACP (11.43×23 მმ)
მუშაობის პრინციპი უკუცემა, ბლიშის საკეტი
ჭურვის/ტყვიის საწყისი სიჩქარე 285 მ/წმ
დამიზნების მანძილი 150
დატენვის სისტემა 20 ვაზნიანი მჭიდი
30 ვაზნიანი მჭიდი
50 ვაზნიანი დისკისებური მჭიდი
100 ვაზნიანი დისკისებური მჭიდი

ტომპსონი ჯარისკაცთა, კრიმინალთა, პოლიციელთა, FBI-ის აგენტთა და სამოქალაქო პირთა საყვარელი იარაღი იყო მისი ავტომატური სროლის რეჟიმის გამო, რასაც ემატებოდა მისი სიმსუბუქე, პორტატულობა და გამოყენების სიმარტივე. ისტორიული მნიშვნელობის წყალობით ტომპსონმა დიდი ცნობადობა მოიხვეჭა კოლექციონერთა წრეებში და არანაკლებ პოპულარულია ამერიკულ პოპ კულტურაში, განსაკუთრებით ნამუშევრებში, რომლებიც ეხება „აკრძალვის ერასა“ და მეორე მსოფლიო ომს. ტომპსონი წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ცეცხლსასროლ იარაღს.

შემუშავება

რედაქტირება
 
ჯონ ტომპსონი თავისი სახელობის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევით ხელში.

გენერალ ჯონ ტ. ტომპსონს თავდაპირველად სურვილი ჰქონდა, შეექმნა ავტომატური შაშხანა (და არა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი), რომელიც ხელით გადასატენ გრძივმოძრავსაკეტიან შაშხანების ჩაანაცვლდებდა, როგორიც, მაგალითად, იყო ამერიკული არმიის M1903 Springfield. მოკვლევისას ტომპსონი გადააწყდა ჯონ ბლიშის პატენტს, მან მიიღო დაფინანსება და გადაწყვიტა ბლიშის მექანიზმით ეწარმოებინა საკუთარი „ავტომატური შაშხანა“. თუმცა ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც ამას ტომპსონი გეგმავდა. აღმოჩნდა, რომ ბლიშის მექანიზმისთვის ერთადერთი შესაფერისი ვაზნა აქტიურ ექსპლუატაციაში აშშ-ში იყო მხოლოდ .45 ACP (11.43×23 მმ). ამის შემდეგ ტომპსონმა იარაღი წარმოიდგინა, როგორც ერთი კაცის მიერ ხელში დასაჭერი ტყვიამფრქვევი, რომლითაც ევროპაში მიმდინარე პირველ მსოფლიო ომში სანგრებს მტრისგან გაწმენდნენ (აქედან მისი მეტსახელი —„სანგრის ცოცხი“). პროექტს „გამანადგურებელი I“ ეწოდა (Annihilator I) და 1918 წლისთვის ყველა სახის კონსტრუქციული პრობლემა უკვე მოგვარებული იყო, თუმცა იარაღის ევროპაში ფრონტზე გამოსაცდელად გაგზავნამდე ორი დღით ადრე პირველი მსოფლიო ომი დასრულდა.

ომის დასრულების შემდეგ, 1919 წელს, იარაღს მარკეტინგული მიზნით გადაერქვა სახელი და ეწოდა ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი. იმის მიუხედავად, რომ ტომპსონამდე ამ ტიპის იარაღები უკვე შექმნილი იყო იმავე დანიშნულებისთვის, ტომპსონი მაინც პირველი იყო, რომელსაც ეწოდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი. მეტიც, ომის დასრულებამდე ამგვარი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება გერმანელებმა მოასწრეს ბერგმანის MP 18-ის სახით, რომელიც ჰუგო შმაისერის შექმნილი იყო და საერთოდაც მსოფლიოს პირველ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევად მიიჩნევა.

საბრძოლო გამოყენება

რედაქტირება
 
ამერიკელი საზღვაო ქვეითი ისვრის ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევიდან, ოკინავას ბრძოლა, 1945 წელი

1938 წელს აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი შეიარაღებაში მიიღო და აქტიურად იყენებდა მას მეორე მსოფლიო ომსა და მის შემდგომ.

მეორე მსოფლიო ომში იარაღი აქტიურად გამოიყენებოდა მოკავშირეების ჯარებში, კონკრეტულად კი მზვერავების, სხვადასხვა ოფიცრების, პატრულის მეთაურების, ტანკისტებისა და სხვათა მიერ. ევროპის ფრონტზე ტომპსონი აქტიურად გამოიყენებოდა ბრიტანელი და კანადელი კომანდოსების მიერ, ასევე აშშ-ს მედესანტეთა და რეინჯერთა ბატალიონებში, რომლებშიც ეს იარაღი უფრო გავრცელებული იყო, ვიდრე ჩვეულებრივ ქვეით საველე დივიზიებში, რადგანაც მაღალი საცეცხლე სიხშირის გამო ტომპსონი სპეციალურ ოპერაციებში ძალიან ეფექტური იყო ახლო მანძილზე ბრძოლებში. ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს ძლიერი დაფასება ჰქონდა მათგან, ვინც საკმარისად იღბლიანი იყო, ამ იარაღით ებრძოლა, განსაკუთრებით ეს ეხება მათ, ვინც საფრანგეთის გერმანელთაგან გათავისუფლების ოპერაციის ფარგლებში ქალაქის ბრძოლებში იღებდა მონაწილეობას.

ლენდ-ლიზის მეშვეობით ტომპსონების პარტია მიიღო საბჭოთა კავშირმაც, თუმცა შესაფერისი საბრძოლო ამუნიციის ნაკლებობის გამო მისი გამოყენება ფართო არ ყოფილა წითელარმიელთა რიგებში.

 
გერმანელ მედესანტეთა დანაყოფის — ფალშირმიაგერის წევრები ნაალაფარი ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევით ტუნისში.

მალაიისა და ბირმის კამპანიებში, ასევე წყნარი ოკეანის საბრძოლო თეატრში ლენდ-ლიზით გაცემული ტომპსონები გამოიყენებოდა ბრიტანელი, ინდოელი, ავსტრალიელი და თანამეგობრობის ჯარისკაცების მიერ. ის აქტიურად გამოიყენებოდა ჯუნგლებში, სადაც ეფექტური იყო მაღალი საცეცხლე შესაძლებლობის წყალობით, თუმცა აკრიტიკებდნენ არასაიმედოობის გამო. მომარაგების სირთულეების გამო 1943 წელს ავსტრალიელმა სამხედროებმა ის ავსტრალიური წარმოების Owen და Austen პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებით ჩაანაცვლეს, ბრიტანელებმა კი — სტენის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევით (Sten gun).

 
ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებით შეიარაღებული ავსტრალიელი სამხედროები ტობრუკთან,1941 წლის 8 სექტემბერი.

ტომპსონები ასევე დაურიგდათ ავსტრალიის სამეფო საჰაერო ძალებსა და ახალი ზელანდიის სამეფო საზღვაო ძალებს. ახალი ზელანდიის კომანდოსები თავდაპირველად იყენებდნენ ტომპსონებს, თუმცა მოგვიანებით, გუადალკანალისა და სოლომონის კუნძულების კამპანიებში, ისინიც გადაერთნენ ავსტრალიური ოუენის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების გამოყენებაზე, რომლებიც უფრო საიმედო, მსუბუქი და ზუსტი იყო.

ამერიკელი საზღვაო ქვეითები ასევე იყენებდნენ ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს გარკვეული რაოდენობით, განსაკუთრებით ომის ბოლოსკენ კუნძულებზე იერიშებისას. მალევე აღმოჩნდა, რომ ტომპსონს შეზღდული შესაძლებლობები ჰქონდა ღრმა ჯუნგლების საფარში, რადგანაც მისი სუსტი ტყვიები ვერ ხვრეტდა ყველაზე მცირე დიამეტრის ხეებსა და დამცავ ჯავშანჟილეტებს. აშშ-ს საარმიო ძალების წევრები, რომლებიც ჯუნგლებში პატრულირებდნენ, თავდაპირველად ტომპსონებს იყენებდნენ ახალი გვინეისა და გუადალკანალის კამპანიებში, თუმცა მოგვიანებით მათ ტომსპონების ნაცვლად ბრაუნინგის ავტომატური შაშხანების გამოყენება დაიწყეს.

1943 წელს აშშ-ს არმიამ M3 და M3A1 პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები გამოუშვა იმ მიზნით, რომ მოხერხებულიყო ამ იარაღების იმ რაოდენობით დამზადება, რაც საკმარისი იქნებოდა ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის მომავალი შეკვეთების გასაუქმებლად, რა დროსაც ამავდროულად მოხდებოდა ფრონტიდან ტომპსონის ნელ-ნელა ხმარებიდან ამოღება. თუმცა, გაუთვალისწინებელი ფაქტორების გამო, M3/M3A1-მა ვერ მოახერხა ტომპსონის ჩანაცვლება. მიუხედავად იმისა, რომ M3 გაცილებით იაფი იყო საწარმოებლად, მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ტომპსონები ამერიკელ სამხედროთა ექსპლუატაციაში 3-ჯერ მეტი იყო M3-ებზე.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი მრავალ სხვა კონფლიქტში სხვადასხვა ქვეყნებისა თუ გასამხედროებული ორგანიზაციების მიერ გამოიყენებოდა და დღემდე აგრძელებს სხვადასხვა კონფლიქტში გამოჩენას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Albert, David and Sig, Mike. (2005). Thompson Manuals, Catalogs, and Other Paper Items. Self Published.
  • Bannan, James F. and Hill, Tracie L. (1989). Notes On Auto-Ordnance. South West Publishing Co.
  • Bearse, Ray (1994). "The Thompson Submachine Gun: Weapon of War and Peace". In Murtz, Harold A. (ed.). Gun Digest Treasury (7th ed.). DBI Books.
  • Burrough, Bryan. (2004). Public Enemies: America's Greatest Crime Wave and the Birth of the FBI. The Penguin Press.
  • Cox, Roger A. (1982). The Thompson Submachine Gun. Law Enforcement Ordnance Company.
  • Ellis, Chris. (1998). The Thompson Submachine Gun. Military Book Club.
  • Fitzsimons, Bernard (1977). The illustrated encyclopedia of 20th century weapons and warfare. Phoebus.
  • Hill, Tracie L. (1996). Thompson: The American Legend. Collector Grade Publications.
  • Hill, Tracie L. (2009). The Ultimate Thompson Book. Collector Grade Publications.
  • Hogg, Ian V. and Weeks, John. (1989). Military Small Arms of the 20th Century. DBI Books Inc.
  • Nelson, Thomas B. (1963). The World's Submachine Guns, Volume I. International Small Arms Publishers.