პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი
პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი — მჭიდიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც პისტოლეტის ტყვიებს ისვრის. ამ ტიპის იარაღის აღმნიშვნელი პირველი ტერმინი — „submachine gun“ (პირდაპირი თარგმანით „ქვეტყვიამფრქვევი“) თავდაპირველად დაამკვიდრა ამერიკელმა ჯონ ტ. ტომპსონმა, ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიაფმრქვევის გამომგონებელმა, რათა საკუთარი გამოგონება დაეხასიათებინა, როგორც ავტომატური იარაღი, რომელიც ტყვიამფრქვევზე ბევრად ნაკლები სიძლიერის იყო, თუმცა ტყვიამფრქვევის მსგავსად, ავტომატურ რეჟიმში ისროდა. ზოგ ენაში, მათ შორის გერმანულში, რუსულსა და ქართულში, ეს სახელი დამკვიდრდა არა როგორც „ქვეტყვიამფრქვევი“, არამედ, როგორც „პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი“. რადგანაც სტანდარტული ტყვიამფრქვევი იყენებს შაშხანის ვაზნას და არა პისტოლეტისას, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები არ ითვლება ტყვიამფრქვევებად.
პირველი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი შემუშავდა პირველი მსოფლიო ომის დროს, როგორც ახლო მანძილზე საიერიშო იარაღი, რომელიც გამოიყენებოდა სანგრების მოწინააღმდეგეთაგან გასაწმენდად. დღევანდელი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების პირველი წინაპარი იყო გერმანული MP 18. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების გამოყენებამ პიკს მიაღწია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როცა მილიონობით პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი მზადდებოდა რეგულარული არმიების, კომანდოსებისა და პარტიზანებისთვის. მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გამორჩეული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები და მათი სხვადასხვა ვარიანტები იყო ამერიკული ტომპსონი, გერმანული MP 40 და საბჭოთა PPSh-41, რომლებიც ბრძოლის ველზე ყველაზე გავრცელებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები იყო. ომის შემდეგ ბევრი ახალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი შემუშავდა, როგორებიცაა, მაგალითად, გერმანული Heckler & Koch-ის MP5 და მისი სხვადასხვა ვარიანტები, თუმცა 1980-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის გამოყენება შემცირდა, რადგან უპირატესობა მიენიჭა საიერიშო შაშხანებს, რომლებსაც გააჩნიათ სროლის უფრო დიდი ეფექტური მანძილი და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევისგან განსხვავებით, შეუძლიათ ჩაფხუტისა და ჯავშანჟილეტის გახვრეტა. ამის მიუხედავად, დღეისთვის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები მაინც გამოიყენება ელიტური სამხედრო დანაყოფებისა და პოლიციის სპეცრაზმების მიერ ახლო მანძილზე ბრძოლებში, განსაკუთრებით შენობებში, ვინაიდან პისტოლეტის კალიბრიანი ავტომატური იარაღი კომპაქტური, სროლისას ადვილად გასაკონტროლებელი და მაღალი საცეცხლე სიხშირისაა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Military Small Arms Of The 20th Century. Ian Hogg & John Weeks. Krause Publications. 2000. გვ. 93