ანისის გრიგოლ განმანათლებლის ეკლესია

(გადამისამართდა გვერდიდან ტიგრან ჰონენცის ეკლესია)

ანისის გრიგოლ განმანათლებლის ეკლესია, ტიგრან ჰონენცის ეკლესია — ეთნიკურად სომეხის, ქალკედონელი (მართლმადიდებელი სომეხი) ტიგრან ჰონენცის მიერ აგებული ქართული ეკლესია სომხეთის ძველი დედაქალაქის ანისის ტერიტორიაზე, ამჟამად თურქეთი. შედიოდა ანისის ქართულ ეპარქიაში. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე ამოტვიფრული წარწერის თანახმად, აშენებულია 1215 წელს მდიდარი ვაჭრის, ტიგრან ჰონენცის ფინანსებით.

ანისის გრიგოლ განმანათლებლის ეკლესია

ტაძარი აგებულია გრიგოლ განმანათლებლის სახელზე და მეორე სახელი ეწოდა ამშენებლის სახელის მიხედვით. ეკლესია მდებარეობს ანისის ნაქალაქარის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და გადაჰყურებს მდინარე ახურიანის ხეობას. ძეგლი მდებარეობს თურქეთის უკიდურეს აღმოსავლეთში, ყარსის პროვინციაში, სომხეთის საზღვრიდან 120 მეტრში.

ეკლესია მოხატულია და მასზე უამრავი წარწერა გვხვდება. მოხატულობა ქართველი მხატვრების მიერაა შესრულებული. ასევე გვხვდება ქართული წარწერებიც. ტაძრის მშენებლობის პერიოდში ანისი ქართველების კონტროლის ქვეშ იყო, რაც ხსნის ფრესკების ქართულ წარმოშობას.

ტიგრან ჰონენცის წარწერა

რედაქტირება

ტაძრის დასავლეთ კედელში ჩასმულია წარწერიანი ჯვარი. წარწერის არსებობის შესახებ მოკლე ცნობა, ტექსტის გარეშე, გამოაქვეყნა დიმიტრი ბაქრაძემ:

 
„ქვაზე შერჩენილა მხედრულ­ხუცური წარწერა, რომელიც პალეოგრაფიულის თვისებით უძველეს დროს (IX-­X საუკუნეებს) ეკუთნის... წარწერა ძნელად იკითხვის, თუმცა ჩემის აზრით იგი შეიცავს ბაგრატის სახელს და ქორონიკონს სი 210 — 990 წელს.“

დიმიტრი ბაქრაძის არქივიდან წარწერის ტექსტი პირველად ვალერი სილოგავამ გამოაქვეყნა:

ძლევის ძალის მომც(ე)მ(ე)ლი.
მეფჱ ბ(ა)გრ(ა)ტ, ლიპარიტ
მწედ ტ(ი)გრან მ(ე)ფისა.
ქრ(ონიკო)ნი სი (990 წ.)

ბუბა კუდავა ტექსტს ასე კითხულობს:

 
„წყალობის მომცემელი, შემწე და მფარველი ტიგრანისი...“

და წარწერას 1215 წლით ათარიღებს. მისივე მტკიცებით აღნიშნული წარწერით დასტურდება, რომ ეთნიკურად სომეხი ტიგრან ჰონენცი ქალკედონელია და მართლმადიდებლურ, ქართულ ტაძარს აშენებს. ამით იგი ეწინააღმდეგება სომეხი მეცნიერის პარუირ მურადიანის მოსაზრებას, რომელიც ამტკიცებს, რომ ტიგრან ჰონენცი არ ყოფილა მართლმადიდებელი და ტაძარიც მონოფიზიტებისთვის ააგო, დიოფიზიტებს კი ეკლესია მოგვიანებით გადაეცათ[1].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • სილოგავა ვ., სომხეთის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების გამოცემის შესახებ, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის „მაცნე“, ენისა და

ლიტერატურის სერია, № 2, 1980

  1. П. М. Мурадян, Проблема конфесиональной ориентации церкви Оненца, Кавказ и Византия, N 5, Ер., 1987, стр. 36-66