ტესკოკო

(გადამისამართდა გვერდიდან ტესკოკო (ქალაქი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტესკოკო (მრავალმნიშვნელოვანი).

ტესკოკო (ტეცკოკო, ნაუატ. Tetzco(h)co, tetsˈkoʔko) — მსხვილი ქალაქი-სახელმწიფო (ალტეპეტლი) ცენტრალურ მექსიკაში მესოამერიკული ქრონოლოგიის გვიან პოსტკლასიკურ პერიოდში. მდებარეობდა ტბა ტესკოკოს აღმოსავლეთ სანაპიროზე, მეხიკოს ველზე, ტენოჩტიტლანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით. ამჟამად ძველი ქალაქის ტერიტორიის ნაწილი უკავია თანამედროვე მუნიციპალიტეტ ტესკოკოს, რომლის მთავარი ქალაქია ტესკოკო-დე-მორა, მეორე ნაწილი კი — მეხიკოს.

მეხიკოს ველი ესპანელების მიერ აცტეკების დაპყრობის პერიოდი

კოლუმბამდე ქალაქი ტესკოკო აცტეკების სამთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. ესპანელების მიერ აცტეკების დაპყრობის პერიოდში ის ცენტრალური მექსიკის ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო, ტენოჩტიტლანის შემდეგ მეორე. ტესკოკოს მოსახლეობა კოლუმბამდელ პერიოდში შეადგენდა 24 ათას ადამიანს, ხოლო მოედანი — 450 ჰექტარს.[1]

ქალაქი ტესკოკო დაარსდა XII საუკუნეში ტბა ტესკოკოს აღმოსავლეთ სანაპიროზე, სავარაუდოდ, ჩიჩიმეკების მიერ, რომლებმაც მოგვიანებით დედაქალაქი ტენაიუკადან აქ გადმოიტანეს.

დაახლოებით 1337 წელს აკოლჰუამ ტეპანეკების მეშვეობით განდევნა ჩიჩიმეკები ტესკოკოდან, რის შემდეგაც ქალაქი აკოლჰუას დედაქალაქი გახდა, კოატლინჩანის ნაცვლად.

1418 წელს იჰტლილჰოჩიტლ I, ქალაქ ტესკოკოს ტლატოანი (მმართველი), დამხობილ იქნა და ტახტი დაიკავა ტესოსომოკმა ქალაქ-სახელმწიფო ასკაპოცალკოდან. ათი წლის შემდეგ, 1428 წელს, იჰტლილჰოჩიტლის ვაჟმა ნესაუალკოიოტლმა აცტეკების მოკავშირეობით დაამარცხა ტესოსომოკის ვაჟი და მემკვიდრე მაჰტლა. ტესკოკო, აცტეკები დედაქალაქ ტენოჩტიტლანითა და ტეპანეკები დედაქალაქ ტლაკოპანით გაერთიანდნენ აცტეკების სამთა კავშირში. ამგვარად, ტესკოკო გახდა აცტეკების იმპერიის სიდიდით მეორე ქალაქი და ხელშეკრულების მიხედვით იღებდა აღებული ხარკის 2/5 ნაწილს.

აცტეკების იმპერიაში ტესკოკო ცნობილი იყო, როგორც განათლების ცენტრი. ქალაქს ჰქონდა ბიბლიოთეკა, სადაც ინახებოდა მესოამერიკის ძველი ცივილიზაციების წიგნები.

ნესაუალკოიოტლი (1403—1473) ცნობილი პოეტი, ფილოსოფოსი და ხელოვნების მფარველი იყო. მას ასევე ჰქონდა მდიდარი ბოტანიკური ბაღი და ცხოველების კოლექცია, ფლორისა და ფაუნის ნიმუშებით არა მხოლოდ აცტეკების იმპერიის ტერიტორიიდან, არამედ სხვა სახელმწიფოებიდანა, რომლებთანაც აცტეკები ვაჭრობდნენ.

მისმა ვაჟმა ნესაუალპილიმ (14641515) გააგრძელა ხელოვნების მფარველობის ტრადიცია.

1520 წელს ერნან კორტესის ჯარმა დაიპყრო ქალაქი და მოკლა კაკამაცინი, ნესაუალპილის ვაჟი და უკანასკნელი დამოუკიდებელი ტლატოანი. ტახტზე ავიდა მარიონეტული მმართველი იჰტლილჰოჩიტლ II. კორტესმა ტესკოკო თავის საყრდენ პუნქტად აქცია და ტესკოკოს მებრძოლები გამოიყენა ტენოჩტიტლანის ბლოკადისას.

 
ნეფრიტის ჩხრიალა გველის ქანდაკება, ანთროპოლოგიის ნაციონალური მუზეუმი (მეხიკო)

ტაძარი, ბაღები და არხების სისტემა

რედაქტირება

ტეჰკოცინგოს მთაზე აღმართულ მმართველების ტაძარს ჰქონდა აკვედუკები, აბანოები, ბაღები, კიბეები და 300-მდე ცალკეული ოთახი.

ტაძრის ბაღები, თავის მხრივ, წარმოადგენდნენ უზარმაზარ ბოტანიკურ კოლექციას, რომელიც მოიცავდა მცენარეებს არა მხოლოდ აცტეკების იმპერიიდან, არამედ მესოამერიკის სხვა კუთხეებიდანაც. ბაღების ნარჩენებმა ჩვენამდეც მოაღწია. ტელეარხ Discovery Channel-ის მკვლევარებმა კომპიუტერული მოდელირების გზით აღადგინების ტაძრისა და ბაღების გეგმა. ეს გეგმა, მათი აზრით, ასტრონომიულ მოვლენებს უკავშირდებოდა.

წყალი ირიგაციისთვის ბაღებს მიეწოდებოდათ წყაროებიდან, რომლებიც ტესკოკოდან აღმოსავლეთით, მთების იქით მდებარეობდა და ქვებში ამოკვეთილ არხებში მიედინებოდა. ზოგიერთ ადგილას საფეხურები კლდეებში ერთდროულად ჩანჩქერებსაც წარმოადგენდა. მთებს იქით არხები ბორცვებზე ეშვებოდა. იქ ქალაქისკენ გზას აბრკოლებდა ღრმა, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმავალი კანიონი. ნესაუალკოიოტლმა კანიონის ქვებით ამოქოლვა ბრძანა და ამგვარად შეიქმნა ახალი სამყაროს პირველი აკვედუკი.

წმინდა მთა

რედაქტირება

ტეჰკოცინგოს მთლიან მთას ასევე ემსახურებოდა იგივე არხების სისტემა. ის წარმოადგენდა წვიმის ღმერთ ტლალოკის თაყვანისცემის ადგილს. მთაზე გაკეთებული იყო ხელოვნური ჩანჩქერები, ეგზოტიკური ცხოველებისა და ფრინველების ფიგურები.

მთის მწვერვალზე მდებარეობდა ღმერთის ტაძარი, რომელიც გარშემო დაკიდული ბაღებით იყო შემორტყმული. ტაძრამდე მიდიოდა 520 მარმარილოს საფეხურიანი კიბე. რიცხვს მაგიური მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან, აცტეკების მითოლოგიის მიხედვით, ღმერთებს შეეძლოთ ყოველ 52 წელიწადში გაენადგურებინათ ადამიანების სამყარო.

ტესკოკოს მმართველები

რედაქტირება
 
ნესაუალკოიოტლის პორტრეტი, იჰტლილჰოჩიტლის კოდექსი, ფურცელი 106R. გამოსახულება შექმნილია მისი გარდაცვალებიდან ასწლეულის შემდეგ.

ახალი ისტორია

რედაქტირება

1827 წლიდან 1830 წლამდე ტესკოკო მეხიკოს შტატის დედაქალაქი იყო.

  1. Smith (2005), გვ. 411.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Hicks, Frederic (1982) Tetzcoco in the Early 16th Century: The State, the City and the Calpolli. American Ethnologist 9:230-249.
  • Offner, Jerome A. (1983) Law and Politics in Aztec Texcoco. Cambridge University Press, New York.
  • Smith, Michael E. (2008) Aztec City-State Capitals. University Press of Florida, Gainesville (in press).
  • Smith, Michael E. (2005). „City Size in Late Post-Classic Mesoamerica“ (PDF). Journal of Urban History. 31 (4): pp.403-434. doi:10.1177/0096144204274396.CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი ტექსტი (link)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება