ტენერიული კულტურა

ტენერიული კულტურა — ისტორიამდელი კულტურა, რომელიც არსებობდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით V-III ათასწლეულში საჰარის უდაბნოს ტერიტორიაზე. ეს უდაბნოს ისტორიაში იყო ნოტიო პერიოდი, ცნობილი როგორც ნეოლითური სუბპლუვიალი.

პირველად ტერმინი „ტენერიული კულტურა“ გამოიყენა რეიგასმა (Reygasse) 1934 წელს.

ამ კულტურასთან დაკავშირებული ადამიანის ნაშთები, პირველად აღმოაჩინეს აირის მთებში, ასევე მოგვიანებით, 2000 წელს ნიგერის ტენერეს უდაბნოში, გობეროს მახლობლად.

2000 წელს დინოზავრზე მონადირეთა ექსპედიციამ აღმოაჩინა გობეროს არქეოლოგიური ძეგლი, სადაც ნაპოვნი იქნა ორი ერთმანეთის მიმდევრობით არსებული კულტურის კვალი. კიფიური კულტურა წინ უსწრებდა ტენერიულს და გაქრა ხანგრძლივი გვალვების შედეგად ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 6 ათას წელს. გვალვა საჰარის უდაბნოს ტერიტორიაზე გრძელდებოდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 4600 წლამდე, რის შემდეგაც კლიმატი ისევ ნოტიო გახდა; ამ პერიოდს მიეკუთვნება ტენერიული კულტურის ყველაზე უფრო ადრეული ძეგლები, რომლის ანთროპოლოგიური ტიპი განსხვავდებოდა კიფიური კულტურისგან. გობეროში აღმოჩნდა ტენერიული კულტურის წარმომადგენლების დაახლოებით 200 ჩონჩხი.

ტენერიული კულტურის არსებობის დროს საჰარა იყო ნაყოფიერი, ამიტომ ტენერიელები მისდევდნენ მეცხოველეობას, თევზჭერას და მონადირეობას. დაკრძალვის ადგილები მეტყველებენ, რომ ტენერიელები თაყვანს სცემდნენ ზებუნებრივ არსებებს, თავიანთ გარდაცვლილებს კრძალავდნენ არტეფაქტებთან ერთად (ბეჰემოთის ეშვის და კერამიკის მორთულობები). განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 3,3 ათასი წლის წინ დათარიღებული 3 ადამიანის ნამარხი: მოზრდილი ქალის და 2 ერთმანეთზე ჩახუტებული ბავშვის, რომელთა ასაკი კბილების მიხედვით განისაზღვრა, როგორც 5 და 8 წელი. სავარაუდოდ სამივე გარდაიცვალა ერთ დღე-ღამეში, მაგრამ ჩონჩხებზე არ აღმოჩნდა ძალადობრივი სიკვდილის კვალი. მდიდრული დაკრძალვის მიხედვით, ისინი ავადმყოფობის გამო არ უნდა ყოფილიყვნენ გარდაცვლილნი, შედეგად მათი სიკვდილის მიზეზი დღეისათვის გაუგებარი რჩება. ჩონჩხების ანალიზმა აჩვენა, რომ ტენერიელები, ნიგერის თანამედროვე მოსახლეობისგან განსხვავებით, მიეკუთვნებოდნენ ხმელთაშუაზღვისპირულ რასას.[1][2]

ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ათასწლეულში საჰარის რეგიონი ხელახლა გაუდაბნოვდა და ტენერიული კულტურა უკვალოდ გაქრა. სავარაუდოდ, მისი წარმომადგენლები გადასახლდნენ კლიმატურად უფრო მეტად ხელსაყრელ ადგილებში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Sereno PC, Garcea EAA, Jousse H, Stojanowski CM, Saliège J-F, Maga A; et al. (2008). „Lakeside Cemeteries in the Sahara: 5000 Years of Holocene Population and Environmental Change“ (PDF). PLoS ONE. 3 (8): e2995. doi:10.1371/journal.pone.0002995. PMC 2515196. PMID 18701936. ციტირების თარიღი: 8 May 2016.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  2. Wilford, John Noble (14 August 2008). „In the Sahara, Stone Age graves from greener days“. New York Times. ციტირების თარიღი: 10 June 2016.