ტატიანა მარკუსი (უკრ. Тетяна Маркус; დ. 21 სექტემბერი, 1921 — გ. 29 იანვარი, 1943) — კიევის იატაკქვეშა ანტინაცისტური ორგანიზაციის წევრი.

ტატიანა მარკუსი
უკრ. Маркус Тетяна Йосипівна
დაბადების თარიღი 21 სექტემბერი, 1921
დაბადების ადგილი რომნი
გარდაცვალების თარიღი 29 იანვარი, 1943 (21 წლის)
გარდაცვალების ადგილი კიევი, უკრაინა
ბრძოლები/ომები მეორე მსოფლიო ომი[1]
ჯილდოები უკრაინის გმირი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ტატიანა დაიბადა დიდ ებრაულ ოჯახში, ჩრდილოეთ უკრაინის ქალაქ რომნის შტეტლებად წოდებულ ერთ-ერთ ებრაულ დასახლებაში.[2] ტატიანას დაბადებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა კიევში. მარკუსმა დაამთავრა 44-ე სკოლის ცხრა კლასი. 1939 წელს მან მუშაობა დაიწყო სამხრეთ-დასავლეთის რკინიგზის მგზავრთა მომსახურების განყოფილებაში, მდივნად.[3] 1940 წლის ზაფხულში ის გაგზავნეს კიშინიოვში, სადაც ის მუშაობდა ტრამვაი-ტროლეიბუსების პარკში.[3]

რუმინელების მიერ კიშინიოვის დაკავების შემდეგ ტატიანა კიევში დაბრუნდა, ეს ადგილი კი 1941 წელს დაიკვეს გერმანელებმა. მას შემდეგ დაიწყო აქტიური იატაკქვეშა ბრძოლა. მან განმეორებით მიიღო მონაწილეობა ნაცისტების წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟის აქტში — მარშით მიმავალ ჯარისკაცებს ესროლა გვირილების თაიგული, რომელშიც ჩამონტაჟებული იყო ნაღმი.[4]

ყალბი დოკუმენტებით მარკუსი მარკუსისად იყო დარეგისტრირებული კერძო სახლში: ლეგენდა ისე იყო შეთხზული, თითქოსდა ის იყო ბოლშევიკების მიერ მოკლული ქართველი პრინცის ქალიშვილი.[2] ამავე სახელით ის დაიქირავეს ოფიცერთა სასადილოში, სადაც ოფიცერთა საკვებში ჩაყარა შხამი,[3] რის შედეგადაც რამდენიმე ოფიცერი გარდაიცვალა, ტატიანამ კი სამსახური დატოვა ისე, რომ მასზე არავის უეჭვია. ამას გარდა, მან პირადად ესროლა გესტაპოს ღირებულ ოფიცერს და გამოამჟღავნა იატაკქვეშა ინფორმაცია იმ მოღალატეების შესახებ, რომლებიც გესტაპოსთვის მუშაობდნენ. გერმანული ჯარის ბევრი ოფიცერი მოხიბლული იყო მისი მშვენიერებით და ცდილობდნენ მისი გულის მოგებას. ერთ-ერთი იყო ბერლინელი მაღალი რანგის ოფიცერი, რომელიც სასიკვდილოდ დაჭრა მისსავე საცხოვრებელ ბინაში, მას შემდეგ, რაც მოხდა ბრძოლა პარტიზანებსა და იატაკქვეშა მებრძოლებს შორის.

ერთხელ მან მოკლა ნაცისტი ოფიცერი და დატოვა წარწერა: „ფაშისტო რეპტილიებო, ყველა თქვენგანი ამას ელოდეთ“.[2]

საბოლოოდ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ტატიანა მარკუსი ქალაქიდან პარტიზანულ ბრძოლაში გაეწვია, მაგრამ ამის განხორციელება ვერ შეძლო. 1942 წლის 2 აგვისტოს ტატიანა დააკავეს გესტაპოელებმა დნეპრის გადაკვეთის მცდელობისას. გესტაპოში მას სასტიკად აწამებდნენ ხუთი თვის განმავლობაში, მაგრამ ტატიანამ არავინ გასცა.[2] 1943 წლის 29 იანვარს იგი დახვრიტეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება