ტარიელ ჯავრიშვილი

ტარიელ კონსტანტინეს ძე ჯავრიშვილი (ჯავროვი; დ. 10 მაისი, 1853, თბილისი, — გ. 1 სექტემბერი, 1910, ალექსანდროპოლი, ახლანდ. გიუმრი, სომხეთი) — ქართველი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1910).

დაიბადა პოდპოლკოვნიკ კონსტანტინე სოლომონის ძე ჯავრიშვილის (ჯავროვი) ოჯახში. ჰყავდა ძმები — სოლომონი (შემდგომში პოლკოვნიკი, ღუნიბის ოკრუგის უფროსი) და ალექსანდრე (შემდგომში სამედიცინო სამსახურის კაპიტანი). მისი შვილი იყო პოლკოვნიკი ვასილ ჯავრიშვილი.

ტარიელ ჯავრიშვილი სამხედრო სამსახურში ირიცხებოდა 1871 წლიდან. დაამთავრა კადეტთა კორპუსი და პავლეს I სამხედრო სასწავლებელი (1876). მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878) (პორუჩიკი, შტაბს-კაპიტანი). ომის დამთავრების შემდეგ მსახურობდა დაღესტნის ოლქში, ხოლო 1894-1899 წლებში — კავკასიის სამხედრო ოლქის საარტილერიო სამმართველოში. 1899 წლიდან კავკასიის 1-ლი საარმიო კორპუსის 39-ე საარტილერიო ბრიგადის მოძრავი საარტილერიო პარკის უფროსი იყო. 1904 წელს მიიღო პოლკოვნიკის, 1910 წელს — გენერალ-მაიორის წოდება. სამხედრო სამსახურის გარდა ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას. 1886-1890 წლებში იყო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის საზედამხედველო კომიტეტის წევრი. დაჯილდოებული იყო წმ. ანას IV (1878) და II (1901), წმ. ვლადიმერის IV (1898), წმ. სტანისლავის III (1879) და II (1892) ხარისხის ორდენებით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება