სჯულისკანონი
სჯულისკანონი — კანონიკური კრებული, ბიზანტიურ-ბერძნული წარმოშობის საკანონმდებლო ძეგლი — ნომოკანონის ქართული რედაქცია, რომელსაც დამატებული ჰქონდა ქართული საეკლესიო სამართლის ნორმებიც.
აღმოსავლეთის ქრისტიანული ეკლესიის მესვეურთა მეცადინეობით, უკვე V—VI საუკენეებში გაჩნდა კანონიკური კრებულები, რომლებიც იურიდიულ ნორმებს შეიცავდნენ, მაგრამ ნომოკანონების ჩამოყალიბების პროცესი VIII საუკუნამდე გაგრძელდა. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში განსაკუთრებით დიდი დაფასება ჰქონდა ე. წ. 14-ტიტლოვან ნომიკანონს, რომელიც სისტემურ და ქრონოლოგიურ კრებულს წარმოადგენდა.
X საუკუნის ბოლოს ქართულ ენაზე გამოჩნდა კანონიკური კრებული „მცირე სჯულისკანონის“ სახელწოდებით, რომელიც ექვთიმე მთაწმიდელმა შეადგინა ბერძნული კანონიკური მწერლობის სხვადასხვა წყაროს რედაქციული გადამუშავებისა და შიგ ქართული მასალის შეტანის გზით. კრებულის სახელწოდება თვით ექვთიმეს ეკუთვნის. სხვა ანალოგიური ხასიათის კანონიკური კრებული ქრისტიანული კანონიკური სამართლის ისტორიისათვის ცნობილი არ არის. „მცირე სჯულისკანონი“ დიდხანს ითვლებოდა ქართული ეკლესიის სახელმძღვანელოდ, იგი ხმარებიდან ვერ განუდევნია არსენ იყალთოელის მიერ თარგმნილ „დიდ სჯულისკანონსაც“.
ექვთიმე მთაწმიდელს 692 მსოფლიო საეკლესიო კრების კანონების 102 მუხლიდან გამოუტოვებია რამდენიმე მუხლი და მათ ნაცვლად შეუტანია ავტორიტეტულ წმიდა მამათა კანონიკური ხასიათის თხზულებებიდან ამოღებული ადგილები. ამათ ერთვის თვით ექვთიმეს მიერ დაწერილი მუხლები და ქართული სინამდვილიდან აღებული მასალები, რაც კრებულს უფრო გამოსადეგად ხდიდა ქართულ საღვთისმსახურო პრაქტიკისათვის. კრებული, როგორც დედნიდანდან გადმოკეთებული და განმართებებით შემკული რედაქცია, შეიცავს თვით ექვთიმე მთაწმიდლის ორიგინალურ შეხედულებებსაც სისხლის სამართლის თეორიის ცალკეულ საკითხებზე, კერძოდ, ბრალზე.
აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ძირითადი კანონიკური ძეგლი — 14-ტიტლოვანი ნომოკანონი ბერძნულიდან ქართულად არსენ იყალთოელმა თარგმნა XI საუკუნის ბოლოს ან XII საუკუნის დასაწყისში. იგი ქართული საეკლესიო პრაქტიკაში „დიდი სჯულისკანონის“ სახელით იყო ცნობილი. „დიდი სჯულისკანონი“ შეიცავს მოციქულთა, მსოფლიო საეკლესიო კრებათა და წმიდათა კანონებს. გარდა ამისა, მას თან ერთვის ქართული ორიგინალური კანონიკური მწერლობის ძეგლი — რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა. ქართული ეკლესიისათვის „დიდი სჯულისკანონი“ ქართული „ძეგლისწერითურთ“ ერთიან მოქმედ სამართლის წიგნად იყო წარმოდგენილი.
სჯულისკანონის გავლენით ქართული საერო ფეოდალურმა სამართალმა ბევრი რთული და შინაარსით მდიდარი იურიდიული ცნება შეიმუშავა.
პუბლიკაციები
რედაქტირება- დიდი სჯულისკანონი, ე. გაბიძაშვილის, ე. გიუნაშვილის, მ. დოლაქიძის, გ. ნინუას გამოც., თბ., 1975;
- მცირე სჯულისკანონი, ე. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1972
ლიტერატურა
რედაქტირება- ნადარეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 632.
- ნადარეიშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.