სხლების ციხე — ციხე-დარბაზი ქარელის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ ციხისგვერდის დასავლეთით 3 კმ-ზე. მდინარე ძამის მარცხენა მაღალ ნაპირზე. თარიღდება ფეოდალური ხანით. ციხე კარგადაა მორგებული რელიეფს, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ციცაბო კლდეს გადაჰყურებს და სათვალთვალოდ მოხერხებული მდებარეობა აქვს. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. როგორც ჩანს, აქ ფეოდალის ციხე-დარბაზი იყო.

ციხე-დარბაზში შესასვლელი მის აღმოსავლეთ ნაწილში იყო - საბრძოლო კოშკსა და გალავანს შორის. ციხის წინა ეზოს (ფართობი 500 მ²) სამი მხრიდან გარს არტყია გეგმით უსწორო გალავანი, რომელიც რელიეფს მიჰყვება. წინა ეზოს ჩრდილოეთით ესაზღვრება შუა ციხის (ფართობი 250 მ²) კედელი. კედლის აღმოსავლეთ ნაწილში კარია გაჭრილი, ხოლო შუა ნაწილში გეგმით ნახევარწრიული შვერილია. ეს ნაგებობა ორსართულიანი უნდა ყოფილიყო. მის შუა ნაწილში კოშკი იყო ჩართული. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე იყო გამართული. მეორე სართულზე ციხის ეზოსკენ მიმართული ორი სათოფურია. ასეთივე სათოფურია შვერილის აღმოსავლეთ სწორ კედელში. შვერილის დასავლეთ მხარეს, საკმაოდ მაღლა კარის ღიობის კვალი ჩანს. ამ ნაგებობის პირველი სართულის ქვევით, მიწაში წყლის რეზერვუარია, რომელშიც წყალი კერამიკული მილებით ჩადიოდა. შუა ციხის დასავლეთ კედლის ნაწილიღაა შემორჩენილი, ხოლო აღმოსავლეთ კედლის მხოლოდ კვალი შეიმჩნევა. შუა ციხეს ჩრდილოეთიდან მესამე ზღუდე, კედლის პირზე ამოყვანილი, გეგმით სწორკუთხედს მიახლოებული კოშკი იცავდა. კოშკში შესასვლელი სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია. ჩანს კოშკი სათავდაცვო და საცხოვრებელი, მრავალსართულიანი ნაგებობა იყო. შედარებით კარგადაა შემორჩენილი კონტრფორსით გამაგრებული სამხრეთის კედელი. კონტრფორსის დასავლეთით სწორკუთხა ნიში და შუა ციხისკენ მიმართული სათოფურია. კოშკის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხე მომრგვალებული უნდა ყოფილიყო.

ლიტერატურა

რედაქტირება