სურამის ღვთაების ეკლესიის წარწერა

სურამის ღვთაების ეკლესიის წარწერა — წარწერა სურამის ღვთაების ეკლესიის ეზოში მდებარე არქიტრავის ქვაზე.

ღვთაების ეკლესიის წარწერა
სურამის ღვთაების ეკლესიის წარწერის პალეოგრაფიული პირი (აღებულია სტატიიდან)

არქიტრავის ქვა, რომელზეც წარწერაა ამოკვეთილი, დიდი ხნის განმავლობაში ღვთაების ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის ფასადში, კედლის აღმოსავლეთი მონაკვეთის ქვედა ნაწილში თავდაყირა იყო ჩადგმული და ბათქაშის სქელი ფენა ფარავდა. 2002-2004 წლებში, ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დროს, ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის ფასადის ქვედა ნაწილს ბათქაში მოხსნეს და არქიტრავის ქვა, მასზე ამოკვეთილ წარწერასთან ერთად, სრულად გამოჩნდა. წარწერა ამოკვეთილია რუხი ფერის მასიური არქიტრავის ქვაზე, რომელიც ეკლესიაში შესასვლელი კარის თავზე უნდა ყოფილიყო დადებული. არქიტრავის ქვის ზომებია: სიგრძე – 350 სმ, წინა ანუ საფასადო წახნაგის სიმაღლე – 77 სმ, ზედა წახნაგის სიგანე – 36 სმ, ხოლო ქვედა წახნაგის სიგანე – 58 სმ. წარწერა არქიტრავის ქვის საფასადო წახნაგის, დაახლოებით, შუა ნაწილშია ამოკვეთილი.

წარწერის ტექსტი ასე იკითხება:

„† ს(ა)ხ(ე)ლითა ღ(მრ)თის(აჲ)თ[ა], [მ(ა)მი]სა, ძისა და ს(უ)ლი
სა წ(მი)დ(ი)ს(ა)ჲთა, წ(მი)დ(ი)სა ღ(მრ)თ(ი)სმშ(ო)ბ(ე)ლის(ა)ჲთა დ
ა წ(მი)დ(ი)სა ჲვ{ო}ვ{ა}ნე ნ[ათ]ლ{ი}სმ[ც]{ე}მ{ე}ლ{ი}ს{ა}ჲთ{ა}<ჲ>, ყ{ოვე}ლთ
ა წ(მიდა)თა მ{ი}სთ{ა}ჲთა, მე, † რ(ა)ტი ერ(ი)სთ(ა)ვმ(ა)ნ, ძემ{ა}ნ † ბ(ე)გ(ა)ჲ
ერ(ი)სთ(ა)ვ(ი)ს(ა)მ(ა)ნ, ავ{ა}შენე წ(მიდა)ჲ ესე ეკლეს{ი}აჲ ს{ა}ლ{ო}ცველ[ა]
დ ს(უ)ლ(ი)სა ჩ{ე}მისა და ს{ა}ლხინ{ე}ბელ{ა}დ ც{ო}დვ[ა]
თა ჩ{ე}მთა. შ{ე}მდგ{ო}მითი შ{ე}მდგ{ო}მად მ(ო)გუ[ი]
ჲს(ე)ნებდ(ე)თ და ლ{ო}ცვ{ა}თა თქ{უე}ნთა, გ
ვედია, მღდ{ე}ლო, [----] ა [--] ო [----].“

წერილობით ძეგლებში სურამელთა ფეოდალური სახლის ათამდე წარმომადგენელია მოხსენიებული. მათ შორის სახელების – ბეგასა და რატის მატარებელი მამა-შვილის წყვილი სულ ორჯერ გვხვდება. ესენი არიან:

  1. XII საუკუნის შუახანებსა და II ნახევარში მოღვაწე ბეგა I და მისი ვაჟი, XII საუკუნის II ნახევარში მოღვაწე ქართლის ერისთავი რატი II სურამელი.
  2. XIII საუკუნის შუახანებსა და II ნახევარში მოღვაწე ქართლის ერისთავი ბეგა II და მისი ვაჟი, XIII საუკუნის II ნახევარსა და XIV საუკუნის დასაწყისში მოღვაწე რატი III სურამელი.

თუმცა როგორც მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა პალეოგრაფიულმა ანალიზმა ცხადყო ტექსტში მოხსენიებულია პირველი წყვილი ბეგა I სურამელი და მისი ვაჟი რატი სურამელი. ბეგა I ქართლის ერისთავის სახელოს 1177 წლიდან დაახლოებით 1180-იანი წლების დასაწყისამდე ფლობდა, ხოლო რატი სურამელმა ქართლის ერისთავის სახელო მამის გარდაცვალების შემდეგ 1180-იანი წლების დასაწყისში მიიღო.

წარწერიდან ირკვევა, რომ 1180-1210-იან წლებში სურამელთა საგვარეულოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ქართლის ერისთავმა რატი II-მ ციხე-ქალაქ სურამის შემოგარენში ანუ საკუთარ ფეოდალურ მამულში ეკლესია ააგო და ამ ტაძრის კედელზე ზემოთ აღნიშნული ქტიტორული წარწერა ამოჰკვეთა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჯოჯუა თ., გოგოლაძე თ., 1180-1210-იანი წლების უცნობი სააღმშენებლო წარწერა სურამის გვერდისუბნის ღმრთაების ეკლესიიდან ქართლის ერისთავების ბეგა I და რატი II სურამელების მოხსენიებით, საისტორიო კრებული, ტომი 4 (2014), გვ., 273-322