ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სტრაიკბოლი (ინგლ. Airsoft, Strikeball) არის სპორტის ან ჰობის სახეობა, სადაც მოთამაშეები ებრძვიან ერთმანეთს სპეციალური იარაღით. სტრაიკბოლის იარაღი ისვრის პლასტმასის 6 მმ–იან ბურთულებს, რომელთა წონა შეიძლება იყოს 0.12 დან 0.88 გრ მდე. სასროლი მექანიზმი შეიძლება იყოს გაზის, ზამბარიანი ხელის დატენვით ან ზამბარიანი ავტომატური დატენვით. სპორტის ეს სახეობა დაფუძნებულია Fair play-ს პრინციპზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ყოველი მოთამაშე თავად აღიარებს მოწინააღმდეგის "ტყვიის" მოხვედრას და ეთიშება თამაშს. თამაშობები ეწყობა სხვადასხვა სცენარების მიხედვით, ძირითადად გავრცელებულია შემდეგი თამაშობები: ორდროშობანა, შენობის შტურმი, ისტორიული ბრძოლა, ჩასაფრება, უეცარი თავდასხმა და ა.შ.

მოდიფიცირებული CYMA CM.022 AK-47 აირის იარაღი.
მოთამაშეები

აღჭურვილობა

რედაქტირება

არსებობს გაზის, ზამბარის მექანიზმის, აირის და ელექტრული იარაღი. ასეთი იარაღის წარმოება დაიწყო იაპონიაში, რომელსაც შემდეგ მხარი აუბეს ჰონგკონგმა და ჩინეთმა.

იაფფასიანი მოდელების კორპუსი მზადდება მთლიანად პლასტმასისაგან. ასეთი იარაღი გამოირჩევა დაბალი ფასით და ასევე შედარებით დაბალი გამძლეობით. უფრო მაღალხარისხოვანი მოდელების გარკვეული ნაწილები ლითონისაგან მზადდება. ძირითადად ამ საქმეში გამოიყენება ალუმინის შენადნობები.

6 მილიმეტრი ტყვიების სასროლად განკუთვნილი იარაღის შიდა ლულები ხშირად დიამეტრში 6.08–ს აღწევენ. შესაძლებელია მათი გამოცვლა უფრო წვრილი ვარიანტებით, 6.01 მილიმეტრის ჩათვლით. თუმცა ასეთი ლულები ძალიან მგრძნობიარენი არიან ტყვიის პარამეტრებისადმი და იაფფასიანი აღჭურვილობის გამოყენება არაა რეკომენდებული.

ტყვიებად სტრაიკბოლში გამოიყენება BB სტანდარტის 6 მმ–იანი ბურთულები, რომლებიც სპეციალური პლასტმასისგან მზადდება. მაღალი ხარისხის ტყვიები უნდა იყოს კარგად მოპრიალებული და თანაბარი ზედაპირის მქონე, რათა იგი ლულაში არ გაიჭედოს და ფრენის ტრაექტორია ზუსტი იყოს. დასაშვებია ტყვიის დიამეტრის 1/100 მმ–ით გადახრა სტანდარტიდან. ის ტყვიები რომლებიც ამ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ დაუშვებელია გამოსაყენებლად, რადგანაც მათ იარაღის დაზიანება შეუძლიათ. ყველაზე გავრცელებულია 0.2, 0.25 და 0.27 გრამიანი ტყვიების გამოყენება, რადგანაც უფრო მსუბუქი ტყვია ფრენის ტრაექტორიას ვერ ინარჩუნებს, ხოლო უფრო მძიმე შორს არ მიფრინავს.

მოთამაშეები, როგორც წესი, შემოსილნი არიან კამუფლირებულ სამხედრო ფორმაში, ფეხზე კი ბათინკები. ფორმა უზრუნველყოფს შენიღბვას, რაც თამაშის დროს შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.

თუკი მოთამაშეები ერთ გუნდში არიან გაერთიანებულები, ისინი ხშირად ცდილობენ ერთნაირი ფორმების ჩაცმას რათა შეიძლებოდეს მათი გამორჩევა სხვა გუნდებისაგან. ასევე ხშირად გამოიყენება სხვა გამოსაცნობი ნიშნები, მაგალითად მკლავზე და გულზე დასამაგრებელი ემბლემები. ზოგიერთ კლუბში მოქმედებს ფორმების დარეზერვების სისტემა, როდესაც ამა თუ იმ ფორმის ჩაცმის უფლება მხოლოდ კონკრეტული გუნდის წევრებს აქვთ.


სხვა აღჭურვილობა

რედაქტირება

მოთამაშეები ხშირად იყენებენ სამხედროს მაგვარი აღჭურვილობას. ამის განტვირთვის ჟილეტი, სამუხლეები, ლაზერული თუ ოპტიკური სამიზნეები, მაყუჩები, სახის შესანიღბი საღებავი, წყლის მათარები და სხვა. რადგანაც ნამდვილი სამხედრო აღჭურვილობა ხშირად მიუწვდომელია ან ძვირია, სტრაიკბოლისათვის სათამაშოების მწარმოებლებმა მრავალი ადაპტირებული აღჭურვილობის ელემენტი შექმნეს.

ბრძოლის წესები

რედაქტირება

მებრძოლის სიკვდილი

რედაქტირება

მოთამაშე, რომელსაც მოხვდება ტყვია სხეულის ნებისმიერ წერტილში, ცხადდება დაღუპულად. მოხვედრა აღჭურვილობაში (მაგალითად, ზურგჩანთაში) ასევე სასიკვდილოა. ზოგიერთ კლუბში გამონაკლისს შეიძლება შეადგენდეს იარაღი, ისიც იმ შემთხვევაში თუკი იგივე ადგილას ნამდვილი ტყვიის მოხვედრა მებრძოლს არ დააზიანებდა.

როგორც წესი, თამაშში არ მონაწილეობენ მსაჯები და სიკვდილის აღიარება მოთამაშის მოვალეობაა. აქედან გამომდინარე, თამაშის ხარისხი მთლიანად დამოკიდებულია მოთამაშეთა პიროვნულ თვისებებზე. არცთუ იშვიათად სტრაიკბოლის თამაში დახურულ კლუბებში ხდება. ასეთი კლუბები განსაკუთრებით მკაცრად აკონტროლებენ თავიანთი მოთამაშეების მიერ ამ უმთავრესი წესის დაცვას და დარღვევაში შემჩნევამ შეიძლება კლუბიდან გარიცხვაც კი გამოიწვიოს. როგორც წესი, დამრღვევთა გამოვლენა ხდება არა თამაშის დროს (რადგანაც თამაში საკმაოდ დინამიკურია და ყველანაირი გარჩევები ხელს უშლის მის ნორმალურ მიმდინარეობას), არამედ დასრულების შემდეგ. თუმცა ცალკეულ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება მოთამაშე დაუყოვნებლივ მოიხსნას თამაშიდან.

მოთამაშე, რომელსაც ტყვია მოხვდება, ხმამაღლა აცხადებს რომ მკვდარია და გადის თამაშიდან. მან ეს ისე უნდა გააკეთოს, რომ ხელი არ შეუშალოს დანარჩენ მონაწილეებს. მაგალითად, ჯვარედინ ცეცხლში მოხვედრისას შესაძლებელია დაღუპული დაწვეს მიწაზე და დაელოდოს, როდის შეწყდება სროლა.

საზოგადოდ დაუშვებელია მოწინააღმდეგეებს შორის ფიზიკური კონტაქტი, ხელჩართული ბრძოლის ილეთების გამოყენება და ა.შ. ზოგიერთ კლუბში დაშვებულია "ხიშტის" გამოყენება (ხიშტი წარმოადგენს რეზინის დანას, რომელიც დამაგრებულია ლულაზე და მისი შეხება ნიშნავს მოწინააღმდეგის მოკვლას). ასევე შესაძლებელია მოწინააღმდეგის "დანით აჩეხვა" – ამ დროს მოთამაშე ეპარება მოწინააღმდეგეს, ადებს ხელს და უჩურჩულებს "მკვდარი ხარ".

განსხვავებით ტყვიით დაღუპული მოთამაშისაგან, "აჩეხილი" ვალდებულია, ჩუმად დატოვოს ტერიტორია.

დაღუპულის გაცოცხლება

რედაქტირება

მოთამაშის გაცოცხლების ყველაზე გავრცელებული ფორმა ეგრეთ წოდებული ”გაცოცხლების წერტილების” (Re-spawn point) მოწყობაა. ასეთი წერტილი შეიძლება იყოს როგორც სტატიკური (განთავსებული იყოს წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე) ისე გადასატანი. სცენარით თითოეულ მხარეს შეიძლება მიეცეს უფლება, მოაწყოს ერთი ან მეტი ასეთი წერტილი.

დაღუპული მოთამაშე გადის თამაშიდან და მიდის გაცოცხლების წერტილში. შემდეგ კი გაცოცხლება ხდება შეთანხმებული სქემით. გავრცელებული სქემებია:

  • გაცოცხლება გარკვეული პერიოდის შემდეგ - მოთამაშე მიდის გაცოცხლების წერტილში და ინიშნავს დროს. წინასწარ შეთანხმებული ვადის (მაგ. 15 წუთის) გასვლის შემდეგ მას უფლება აქვს, კვლავ ჩაერთოს თამაშში
  • რამდენიმე მოთამაშის გაცოცხლება - თუკი გაცოცხლების წერტილში დაგროვდა შეთანხმებული რაოდენობის მოთამაშე (მაგალითად, 5 კაცი), ყველანი ცხადდებიან ცოცხლებად
  • გაცოცხლება დროის ფიქსირებულ მომენტებში

სცენარით შეიძლება გაცოცხლების წესის შეცვლაც, თამაშის მოსალოდნელი ხასიათიდან გამომდინარე. ზოგიერთ შემთხვევაში დაღუპული ეთიშება თამაშს რაუნდის ბოლომდე, ან მთელი თამაშის განმავლობაში.

მობილური გაცოცხლების წერტილი, როგორც წესი, ზურგჩანთას ან რაიმე ადვილად ამოსაცნობ ნივთს წარმოადგენს. მისი გამოყენების უფლებას შეტევაზე მყოფ მებრძოლებს აძლევენ, რათა გასაცოცხლებლად განსაკუთრებით დიდი მანძილების გავლა არ გახდეს საჭირო. მობილური წერტილის გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ცარიელია, ანუ გაცოცხლებას არც ერთი დაღუპული არ ელოდება.

როგორც წესი, გაცოცხლების სტატიკურ წერტილთან მოწინააღმდეგის მიახლოება დაუშვებელია. თუმცა შეიძლება დაშვებული იყოს მისი ბლოკირება. თამაშის სცენარი შეიძლება ასევე ითვალისწინებდეს გაცოცხლების მობილური წერტილის დაკავებას მოწინააღმდეგის მხრიდან და მის უკან გადატანას გარკვეული მანძილით (მაგ. 50 ან 100 მეტრით). რაც წერტილის მფლობელი მხარის მოთამაშეებს აიძულებს, უფრო მეტი დრო და ენერგია დახარჯონ გაცოცხლების წერტილამდე და უკან მოძრაობაში.

ასევე შესაძლებელია არსებობდენ ექიმები, რომლებსაც უფლება აქვთ, გააცოცხლონ დაღუპული მებრძოლი. როგორც წესი, თითოეულ ექიმს გაცოცხლებების რაოდენობა შეზღუდული აქვთ. ეს მეთოდიც ძირითადად მობილური შემტევი ჯგუფებისთვის გამოიყენება.


ქცევის სხვა წესები

რედაქტირება

არსებობს მრავალი წესი, რომლის დაცვაც შეიძლება აუცილებელი არ იყოს, მაგრამ რეკომენდებულია და ყველანაირად ხდება მისი წახალისება კლუბების შიგნით. სახელდობრ:

  • სახეში სროლის აკრძალვა - როგორც წესი, მოთამაშეთა უმრავლესობა სახეს ნიღბით არ იფარავს და მხოლოდ თვალები აქვს სათვალით დაცული. შესაბამისად, სახეში სროლამ შეიძლება გამოიწვიოს კანის შესამჩნევი დაზიანებები და ის მხოლოდ მაშინაა მიღებული, თუკი მოწინააღმდეგის სხეულის სხვა ნაწილში ტყვიის მორტყმა ძნელია ან შეუძლებელი. მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერებაც, რომ ტყვიის მოხვედრა ყურის ნიჟარაში ძალია მტკივნეულია. კბილებში მოხვედრამ კი შეიძლება მათი ჩამტვრევა გამოიწვიოს
  • სიკვდილი საეჭვო შემთხვევებში - სიკვდილის აღიარება თავად ტყვიამოხვედრილი მებრძოლის მოვალეობაა. თამაშის დროს მოთამაშე შეიძლება დაეჭვდეს, მოხვდა თუ არა მას ტყვია. ასეთ დროს რეკომენდებულია სიკვდილის აღიარება, რადგან თუკი თამაშის შემდეგ აღმოჩნდება რომ ამ მოთამაშეს ტყვია ნამდვილად მოხვდა, შესაძლებელია იგი დაისაჯოს დისკვალიფიკაციით თამაშის ორგანიზატორების ან კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან.
  • საეჭვო შემთხვევების გარჩევა თამაშის შემდეგ - უმჯობესია, საეჭვო შემთხვევები გაირკვეს თამაშის შემდეგ. ხმამაღალი გარჩევა იმის თაობაზე, მოხვდა თუ არა ტყვია ამა თუ იმ მოთამაშეს, აფერხებს თამაშის მიმდინარეობას, ასევე შეიძლება განხილვა მივიდეს კონფლიქტამდეც და თამაში მთლიანად ჩაიშალოს.
  • დაღუპულთა პატივისცემა - დაღუპული მოთამაშეებისათვის სროლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია მისაღები, თუკი მსროლელმა არ იცის რომ მისი სამიზნე დაღუპულია. თუმცა რადგანაც თამაშის დინამიზმიდან გამომდინარე არავინაა დაზღვეული ტყვიის მოხვედრისგან, დაღუპულების მხრიდან ტყვიის მოხვედრის გაპროტესტება მიღებული არ არის და ზოგიერთ კლუბში ისჯება კიდეც
  • ტკივილის მოთმენა - ტყვიის მოხვედრა საზოგადოდ მტკივნეულია, მაგრამ მათგან თავდასაცავად სქელი ტანისამოსის ჩაცმა რეკომენდებული არ არის - შესაძლოა მებრძოლმა შორიდან მოხვედრილი ტყვია ვერ იგრძნოს და ამან გამოიწვიოს მისი დისკვალიფიკაცია წესების დარღვევის მოტივით

სათამაშო მოედანი

რედაქტირება

სტრაიკბოლის თამაში შეიძლება შენობებსა თუ ღია სირცეში, მთავარია ახლომახლოს არ იყოს მოსახლეობა ან ცხოველები, იქნება ეს მიტოვებული შენობები, ქარხნები, ტყე, მთები, გაშლილი ველი თუ დაუმთავრებელი მშენებლობები. მთავარია მოთამაშეებმა არ შეაწუხონ ან დააზიანონ მაცხოვრებლები და უცხო პირების კერძო საკუთრება.

უსაფრთხოება

რედაქტირება

უსაფრთხოების წესების დაცვა აუცილებელია სტრაიკბოლის თამაშის დროს. ყველაზე მნიშვნელოვანი წესი ამ დროს სპეციალური, დარტყმაგამძლე სათვალის გამოყენებაა. სათვალის უქონლობამ ან მისმა არასაკმარისმა სიმტკიცემ შეიძლება გამოიწვიოს თვალის სერიოზული დაზიანება, დაბრმავების ჩათვლით.

რეკომენდებულია სხეულის სხვა ნაწილების დაფარვაც, რადგანაც ტყვიას შეუძლია დაამჩნიოს ხილული კვალი დაუცველ კანზე და მოხვედრა საკმაოდ მტკივნეულია. ზოგიერთ კლუბში აკრძალულია შენობებში თამაში თუკი მოთამაშეს სახე სპეციალური ნიღბით არ აქვს დაფარული. ასევე შესაძლებელია დაწესდეს სხვა შეზღუდვები. მაგალითად, შენობებში თამაშისას ტყვიის მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე შეიძლება იყოს 110-120 მ/წმ ხოლო მოთამაშეს, რომლის იარაღიც 130 მ/წმ ან მეტი სიჩქარით ისვრის, უფლება არ ჰქონდეს ესროლოს მოწინააღმდეგეს არაუმეტეს 10 მეტრი მანძილიდან.

თამაშის დროს არსებობს სხვა ტრავმების ალბათობა. ძირითადად ეს იმის გამო ხდება რომ სტრაიკბოლის თამაში ხშირად გამოირჩევა დინამიზმით და დაკავშირებულია ფიზიკურ დატვირთვებთან (მაგალითად, სრული აღჭურვილობით გრძელი მანძილის გავლასთან). აქედან გამომდინარე, არასრულწლოვანი მოთამაშეების მონაწილეობა რეკომენდებული არ არის და, როგორც წესი, იზღუდება. თამაშის დროს რეკომენდებულია ხელთათმანების და სამუხლეების გამოყენება, რომლებიც დაცემისას დარტყმას მნიშვნელოვნად ამცირებენ.

თამაშობების სახეები

რედაქტირება

თამაში ხდება წინასწარ შეთანხმებული სცენარით. მონაწილე მხარეთა რაოდენობა უმთავრეს შემთხვევაში ორია, თუმცა შეიძლება აღემატებოდეს კიდეც მას. სცენარი აღწერს თამაშის მიზანს - რაიმე ნივთის დაუფლებას, მითითებული წერტილის დაკავებას და ა.შ. ასევე სცენარი ხშირად აწესებს დროით შეზღუდვებს (მაგალითად, წერტილის დაკავება და ნახევარი საათის განმავლობაში მის დაცვას). კლუბის შემთხვევაში სცენარი შეიძლება ასევე წინასწარ ანაწილებდეს მოთამაშეებს ამა თუ იმ მხარეს, ანდა გაყოფა მოხდეს უშუალოდ თამაშის დაწყების წინ.

თამაშის გავრცელებული სახეობებია ორდროშობანა, სამხედრო სიმულაცია და ისტორიული შეტაკება

ორდროშობანა

რედაქტირება

ორდროშობანას თამაშობს ორი გუნდი, თითოეულის მიზანია მოიპაროს მოწინააღმდეგის დროშა და მიიტანოს იგი საკუთარ ბაზაზე. რადგანაც თამაში მოითხოვს როგორც საკუთარი ბაზის დაცვას ასევე მოწინააღმდეგეზე იერიშის მიტანას, გუნდები იყოფიან პატარა ჯგუფებად, რომლებსაც კონკრეტული ამოცანები ეძლევა, იქნება ეს ბაზის დაცვა, ჩასაფრების მოწყობა იერიშზე გადმოსული მოწინააღმგედისათვის თუ მტრის ბაზის ალყაში მოქცევა.

როგორც წესი, ორდროშობანას სცენარი ნაკლებ დამუშავებას მოითხოვს და ამიტომ ახალბედა გუნდები ძირითადად თამაშის ამ სახეობას არჩევენ.

სამხედრო სიმულაცია

რედაქტირება

ამ სახეობაში მოთამაშეთა მიზანია განავითარონ სხვადასხვა თვისებები, მაგალითად ისწავლონ ჩასაფრების მოწყობა ბუნებრივ პირობებში, შენობის გამაგრება, შენობის შტურმი, უეცარი და ჩუმი ტავდასხმა მოწინააღმდიგის ბაზაზე და სხვ.

ისტორიული შეტაკება

რედაქტირება

სტრაიკბოლის თამაშის სცენარი შეიძლება იყოს ისტორიული მოვლენის გათამაშება. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის ან ვიეტნამის ომის გარკვეული ეპიზოდების ადაპტაცია. ასეთი თამაშის სცენარის შექმნა მოითხოვს როგორც ისტორიის შესწავლას, ისე თამაშის ჩასატარებელი ადგილის საგულდაგულოდ შერჩევას. სასურველია, რომ მონაწილე მხარეების რაოდენობა და ძალთა თანაფარდობა შეძლებისდაგვარად შეესაბამებოდეს რეალობას.

მაგალითად, ასეთი თამაშის დროს შეიძლება რაიმე ტერიტორია გამოცხადდეს ქალაქად რომელსაც ნაცისტური გერმანიის ძალები იცავენ, მოკავშირეთა ძალები ცდილობენ მის დაკავებას, ხოლო ფრანგი პარტიზანები ცდილობენ, მოკავშირეებს დამატებითი სადაზვერვო ინფორმაცია მიაწოდონ.

განვითარება საქართველოში

რედაქტირება

სტრაიკბოლი საქართველოში 2001 წლიდან იღებს სათავეს. ამ დროს თამაშობდა მხოლოდ რამდენიმე ენთუზიასტი, ხოლო იარაღად გამოიყენებოდა ზამბარის მექანიზმიანი იაფფასიანი მოდელები, ძირითადად Mossberg-ის შაშხანების ასლები, ინტერესის მუდმივმა ზრდამ საკმაოდ სწრაფად განაპირობა თამაშის დროს გამოყენებული შეიარაღების, აღჭურვილობის და სცენარების ხარისხის გაუმჯობესება. დაახლოებით 2004 წლისათვის შეიარაღებაში გამოჩნდა ელექტრული ავტომატური შაშხანებიც.

2008 წლისთვის შეჯიბრებებმა უკვე კლუბების სახე მიიღო. ყველაზე მრავალრიცხოვანი კლუბის წევრთა რაოდენობამ 100 კაცს გადააჭარბა, ხოლო თამაშის მონაწილეთა რაოდენობამ კი 50-ს. ამ დროისთვის შეიარაღებას ძირითადად ელექტრული ავტომატური შაშხანები წარმოადგენენ. აქედან არცთუ მცირე რაოდენობას ჩატარებული აქვს სხვადასხვაგვარი მოდიფიკაცია, სროლის სიზუსტისა და დაზიანების მანძილის გაზრდის მიზნით. კლუბის წევრები არიან როგორც სამოქალაქო პირები, ისე ყოფილი და მოქმედი სამხედროები,

სადღეისოდ იარაღის და ტყვიების შეძენა შესაძლებელია სათამაშოების მაღაზიაში, ზრდასრული პირებისათვის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. შეუზღუდავად შესაძლებელია მათი გამოწერა ინტერნეტიდანაც. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოტანილი საქონელი ჩვეულებრივ ექვემდებარება განბაჟებას. ასევე ხელმისაწვდომია აღჭურვილობა (ფორმები, დარტყმაგამძლე სათვალე). თუმცა 2009 წლის დასაწყისისათვის ოფიციალურ სტატუსს არც ერთი კლუბი არ ფლობს და არც მონაწილეობაზეა რაიმე გადასახადი დაწესებული. კლუბების შემადგენლობები ძირითადად პირადი ნაცნობობის ხარჯზე ივსება.

ყველაზე პოპულარული ფორმა ქართველ მოთამაშეთა შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების ციფრული ფორმაა, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომია და გამოირჩევა საქართველოს პირობებში შენიღბვის კარგი მახასიათებლებით.

სათამაშო მოედნებს ძირითადად წარმოადგენენ ტყეები და მიტოვებული შენობების ნანგრევები,

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სტრაიკბოლი“-დან