ლოზანის კონფერენცია

ლოზანის კონფერენცია — საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიმდინარეობდა 1922 წლის 20 ნოემბრიდან 1923 წლის 24 ივლისამდე ლოზანაში (შვეიცარია). კონფერენცია მოიწვიეს ახლო აღმოსავლეთის მდგომარეობის მოსაწესრიგებლად თურქეთის წინააღმდეგ ინტერვენციის ჩაშლისა და დამოუკიდებლობისთვის ომში თურქეთის გამარჯვების შემდეგ.

მონაწილე ქვეყნები რედაქტირება

მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი, რუმინეთი, იუგოსლავია, იაპონია, აშშ (მეთვალყურედ), თურქეთი. სსრკ-ისა და ბულგარეთის დელეგაციები მონაწილეობდნენ მხოლოდ შავი ზღვის სრუტეების რეჟიმის საკითხების განხილვაში, კერძო საკითხების განხილვაზე დაუშვეს ზოგიერთი სხვა ქვეყანაც.

კონფერენციის პირველი ეტაპი რედაქტირება

საბჭოთა დელეგაციის პროექტის, რომელიც მომზადებული იყო ლენინის მიერ, ძირითადი დებულებები მხარს უჭერდა თურქულ ეროვნულ ინტერესებს, სამხედრო ხომალდებისათვის სრუტეების ჩაკეტვას, ომისა და მშვიდობიანობის დროს, ხოლო სავაჭრო გემებისათვის ნაოსნობის სრულ თავისუფლებას. ინგლისი, რომელიც გამოხატავდა ანტანტის ინტერესებს, მოითხოვდა სრუტეებში ყველა ქვეყნის სავაჭრო და სამხედრო გემების თავისუფალ მიმოსვლას, შავი ზღვის სრუტეების დემილიტარიზაციას და მათზე საერთაშორისო კონტროლის დაწესებას. თურქეთი იმ იმედით, რომ ინგლისი დაეხმარებოდა ეკონომიკურ, ფინანსურ და ტერიტორიული საკითხების მოგვარებაში, დაეთანხმა დიდი ბრიტანეთის პროექტს. მაგრამ ინგლისმა საზავო ხელშეკრულების თურქეთისათვის არახელსაყრელი პირობები წამოაყენა. თურქეთის დელეგაცია არ დათანხმდა და 1923 წლის 4 თებერვალს მოლაპარაკება შეწყდა.

კონფერენციის მეორე ეტაპი რედაქტირება

კონფერენცია განაახლდა 1923 წლის 23 აპრილს. ლოზანის კონფერენციის მე-2 ეტაპზე ძირითადი იყო თურქეთთან საზავო ხელშეკრულების საკითხები. ურთიერთდათმობათა შედეგად ხელი მოაწერეს 17 დოკუმენტს. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ლოზანის საზავო ხელშეკრულება და სრუტეების რეჟიმის კონვენცია. კონვენცია ითვალისწინებდა სრუტეების ზონის დემილიტარიზაციას, ამასთანავე დასაშვებად თვლიდა ყველა ქვეყნის სავაჭრო და სამხედრო გემების თავისუფალ ნაოსნობას. საბჭოთა კავშირმა უარი თქვა ამ კონვენციის რატიფიცირებაზე. 1936 წელს ეს კონვენცია შეიცვალა მონტრეს კონფერენციაზე შემუშავებული კონვენციით.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება