საქართველოს ხელისუფლებას სურდა ნეიტრალიტეტის შენარჩუნება რუსეთის სამოქალაქო ომში, თუმცა ბოლშევიკებს უფრო დიდ საფრთხედ აღიქვამდა ვიდრე თეთრ მოძრაობას. ყუბანის აღების შემდეგ, წითელი არმია დაიძრა სამხრეთით შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ, რამაც შეაშფოთა საქართველოს ხელისუფლება. 1918 წლის აპრილში, მაისსა და ივნისში მოეწყო ბოლშევიკური აჯანყებები აფხაზეთში, რომლებიც აღკვეთა საქართველოს სახალხო გვარდიამ ვალიკო ჯუღელის მეთაურობით. ამის შემდეგ საქართველოს რეგულარულმა არმიამ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით უფრო წინ წაიწია და ბოლშევიკებს დაატოვებინა შავი ზღვის მთელი სანაპირო ტუაფსეს ჩათვლით. ამავდროულად, ყუბანში წარმატებული კამპანიის შედეგად, ის დაიკავა თეთრმა არმიამ ანტონ დენიკინის მეთაურობით. 1918 წლის აგვისტოში მათ აიღეს ეკატერინოდარი (კრასნოდარი). საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და თეთრ რუსეთს შორის სადავოდ შეიქმნა სოჭის ოკრუგი, რომლის ადგილობრივმა საბჭომ საქართველოსთან შეერთება გამოაცხადა 1918 წლის სექტემბერში. 1918 წლის ნოემბერში, პირველი მსოფლიო ომის დასრულებასთან ერთად კავკასიაში გერმანიის მაგივრად ბრიტანეთის შემოსვლას იმედიანად შეხვდა ორივე მხარე, რადგან დენიკინს მიაჩნდა, რომ ბრიტანეთი მას დაუჭერდა მხარს როგორც მოკავშირეების ერთგულს და საქართველოს არ აპატიებდა გერმანიის მოკავშირეობას, ხოლო საქართველო ამყარებდა იმედებს ჰაროლდ უილსონის თვითგამორკვევის პრინციპზე. 1917 წლის დეკემბერის ფრანგულ-ბრიტანული ხელშეკრულებით, კავკასია ბრიტანეთის გავლენის ზონად ცხადდებოდა. ბრიტანეთის სურვილი იყო რეგიონში სტატუს-კვოს შენარჩუნება რუსეთის მომავლის გადაწყვეტამდე პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე. კავკასიის რესპუბლიკებში და დენიკინთან წარგზავნილი ბრიტანელი წარმომადგენლები ხშირად იმ მთავრობების ინტერესების გამომხატველებად გამოდიოდნენ, რომლებთანაც იყვნენ მივლინებული. ბრიტანეთის წინააღმდეგობრივმა და ცენტრალური ხაზის არმქონე პოლიტიკამ ორივე მხარის გაუცხოება გამოიწვია. 1918 წლის დეკემბერში, ისარგებლა რა სომხეთ-საქართველოს ომის დაწყებით, დენიკინმა აიღო სოჭის ოკრუგში რამდენიმე სოფელი ტყვიის გაუსროლებლად. ბრიტანეთმა სტატუს-კვოს მხარდაჭერა ამბჯობინა და გაუგზავნეს დენიკინს შეტყობინება, მეტი სამხრეთით აღარ შეჭრილიყო, დენიკინმა საპასუხოდ გააპროტესტა, რომ ბრიტანეთი მისი თანხმობის გარეშე „განკარგავდა რუსეთის ტერიტორიას“. 1918 წლის 6 თებერვალს თეთრმა არმიამ გადალახა მდინარე ლოო და გადავიდა შეტევაზე, 4 დღეში კი მთლიანი სოჭის ოკრუგი აიღო, მათ შორის გაგრაც. ტყვედ იქნა აყვანილი საქართველოს შეიარაღებული ძალების მეთაური, გენერალი ალექსანდრე კონიაშვილი, მისი შტაბის უფროსი, 43 ოფიცერი და 700 ჯარისკაცი.[2] ქართულმა შენაერთებმა მდინარე ბზიფამდე დაიხიეს უკან და კონტრშეტევისთვის დაიწყეს მზადება.