სორის მონასტერი – ნამონასტრალი რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე სონტარულას მარჯვენა მხარეს, მთის ძირში, ვაკე ადგილას. სორის მონასტრის ჯვარცმის ეკლესიის აგებას მკვლევრები XIII საუკუნეს მიაწერენ. გიორგი ბოჭორიძის აღწერის მიხედვით (1920–იანი წლები), ეკლესია ერთნავიანი შენობაა, 14,5 X 8,5 მ, ნაგებია ქვითკირისგან. „გადმოცემით ეკლესია აშენებული და მოხატულია საპყარ ერისთავის ჭარელისძის ქველის მიერ, ხოლო განახლებულია შოშიტა ერისთავის მიერ XVIII საუკუნეში. პირველი დახატულია ჩრდილოეთ კედელზე, მეორე სამხრეთ კედელზე.

წარწერები მხატვრობას აქვს ასომთავრულად, ხუცურად, მდივანმწიგნობრულად და მხედრულად“.

ეკლესია უნიკალური სიძველეებით ყოფილა მდიდარი. თუმცა, XIX-XX საუკუნეებში გაძარცვულა. XIX საუკუნის პირველი ნახევრის რაჭის საეკლესიო წიგნებში მოხსენიებულნი არიან სორის მონასტრის მღვდელ–მონაზვნები: დავით შიოს ძე მინდელი და იოანე ქაიხოსროს ძე. სორის მონასტერში ბერმონაზვნური ცხოვრება 1850-იან წლებში მოიშალა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვაჟა გობეჯიშვილი, რაჭის მონასტრები, თბ., 2006, გვ. 52–54