სომოსიერის ბრძოლა
სომოსიერის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ნაპოლეონის ომების ნაწილი | |||
სომოსიერის ბრძოლა | |||
თარიღი | 30 ნოემბერი 1808 | ||
მდებარეობა | სომოსიერა, მადრიდის ჩრდილოეთით, ესპანეთი | ||
შედეგი | ფრანგების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
სომოსიერის ბრძოლა ვიკისაწყობში |
სომოსიერას ბრძოლა ბრძოლა, რომელიც გაიმართა მადრიდიდან 60 მილის დაშორებით, სომოსიერის ვიწრო ხეობაში 1808 წლის 30 ნოემბერს, იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტისა და ესპანეთის ნაციონალურ არმიებს შორის.
ბრძოლამდე
რედაქტირება1808 წლის ნოემბერში იმპერატორ ნაპოლეონის ფრანგული არმია თამამად დაიძრა მადრიდისაკენ. ფრანგული არმიის ფლანგის კორპუსებმა იოლად დაძლიეს ესპანეთის არმიის სუსტად ორგანიზებული წინააღმდეგობა და მადრიდისაკენ მიმავალ მთავარ გზაზე გავიდნენ. მართალია ესპანელები გააფთრებით იცავდნენ მშობლიური მიწის თითოეულ გოჯს, მაგრამ გენერალური შტაბის ოფიცრების სუსტი კვალიფიკაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. მათმა გულუბრყვილოდ შედგენილმა გეგმამ, გარს შემორტყმოდნენ და გაენადგურებინათ ფრანგული არმია, საშინელი ფიასკო განიცადა. დაბრკოლების უკანასკნელი და მძლავრი ზღუდე, რომელიც ფრანგებს მადრიდისაკენ მიმავალ გზაზე გადაეღობათ, იყო სომოსიერის ვიწრო ხეობა. აქ, მთის ციცაბო ფერდობებზე ესპანელებს მოწყობილი ჰქონდათ თავდაცვითი ბატარეების მძლავრი ჯაჭვი, რომელიც არტილერიით იყო გამაგრებული. ესპანელების სახალხო ლაშქარსა და ესტრემადურის არმიის ნაწილებს მკაცრად ჰქონდათ ნაბრძანები, ფეხი არ მოეცვალათ თავდაცვის ამ ზღუდუდან და არავითარ შემთხვევაში არ დაეშვათ ფრანგების გაჭრა ესპანეთის დედაქალაქისაკენ. თავდაცვის ოპერაციას ესპანელთა სახალხო არმიის გენერალური შტაბის უფროსი გენერალი ბენიტო სან-ხუანი ხელმძღვანელობდა, რომელსაც მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი ამ ვიწრო ხეობაში შეეჩერებინა ნაპოლეონის ძლევამოსილი სვლა მადრიდისაკენ. ესპანელთა ქვემეხები შეადგენდნენ ოთხ საარტილერიო ბატარეას, რომელიც წყვილი თანმიმდევრობითა და ერთი მეორის მიყოლებით, თანაბრი მანძილის დაშორებით იყო განლაგებული ხეობის სიღრმეში. ფრანგებს რადაც არ უნდა დაჯდომოდათ ერთი ამოსუნთქვით უნდა გადაელახათ დაბრკოლების ეს უკანასკნელი ზღუდე და მადრიდისაკენ გაჭრილიყვნენ, რადგან იმ მომენტისათვის ესპანეთის დედაქალაქის დაპყრობას უზარმაზარი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
ძალათა შეფარდება
რედაქტირებაესპანელთა ძალები - 15000 ქვეითი (მილიციისა და რეგულარული ჯარის ჩათვლით), 16 საველე ქვემეხი, მთავარსარდალი ბენიტო სან-ხუანი
ფრანგთა ძალები - დაახლოებით 30000 ქვეითი და საკავალერიო პოლკები, რომლებიც გაჭიმული იყვნენ უზარმაზარ მანძილზე, ფლანგით სომოსიერას ხეობის გასწვრივ.
ბრძოლის მსვლელობა
რედაქტირება1808 წლის 30 ნოემბერს, ადრიან დილას სომოსიერის ხეობაში შესვლა დაიწყეს ფრანსუა რუფინის ქვეითი დივიზიის ნაწილებმა, რომელიც სამი ქვეითი პოლკისა და 6 ქვემეხისაგან შედგებოდა. ხეობაში ჩამოწოლილი ხშირი ნისლი და მთის ციცაბო ფერდობი საკმაოდ ბევრ სირთულეს უქმნიდა ფრანგული არმიის ქვეითებს. ისინი ესპანელ მსროლელთა განუწყვეტელი ცეცხლის ქვეშ გაბედულად მიბობღავდნენ ლოდებით დაფარულ ფერდობზე. რუფენის ქვეითმა პოლკებმა საგრძნობი დანაკარგისა და გაბედული მცდელობის მიუხედავად წარმატებას ვერ მიაღწიეს და ერთი ასეული მეტრითაც კი ვერ წაიწიეს წინ. ფრანგებმა უშედეგო შეტევა მალევე შეწყვიტეს ძალების თავიდან გადაჯგუფების მიზნით. დილის 11 საათამდე ხეობის მიმართულებით არანაირი მოძრაობა აღარ შენიშნულა. იმპერატორის მთავარი ბანაკი ესპანელთა შეუპოვრობამ და ორგანიზებულობამ საკმაოდ შეფიქრიანა. დაზვერვამ ნაპოლეონს მოახსენა, რომ ხეობის სიღრმეში მოწყობილი ამ თავდაცვითი პოზიციის აღება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ლეიტენანტმა ანჯეი ნიგოლევსკიმ მოწინავე რაზმის მებრძოლებისაგან შეიტყო, რომ ესპანელები საშინლად ეპყრობოდნენ ფრანგ ტყვეებს და სასტიკად აწამებდნენ მათ (მოგვიანებით ასეთი მრავალი ფაქტი დადასტურდა, კონკრეტულად კი ის, რომ ზოგიერთი პარტიზანული დაჯგუფება, რომელიც ესპანეთის მთიან ჩრდილოეთში მოღვაწეობდა, მიმართავდა ტყვეთა მსხვერპლად შეწირვის რიტუალს, რადგან მივარდნილ მთებში მცხოვრებ ესპანურ ტომებს წარმართული საკულტო ღვთაებები გააჩნდათ). როდესაც ნაპოლეონსა და მის ამალას ამის შესახებ მოახსენეს, იგი საშინლად აღშფოთდა და ჯარების გადაჯგუფებას (რეკოგნოსცირებას) პირადად ჩაუდგა სათავეში. ესპანელთა ტყვიის წვიმაში იგი ყურადღებით ათვალიერებდა ციცაბო მაღლობს, რომელზედაც მტერი იყო გამაგრებული. იმპერატორი საშინლად განრისხებული იყო და წამიერი, იმპულსური გადაწყვეტილება მიიღო. მან მის გვერდით მდგომ გენერალ ლუი-პიერ მონბრენს მიუთითა საარტილერიო ბატარეებზე და ბრძანება გასცა სიმაღლეზე შეტევა დაეწყოთ საკავალერიო პოლკებით. ამ დღეს ნაპოლეონის ამალას თან ახლდა პოლონელ ულანთა (შევოლჟერთა) ცხენოსანი ესკადრონი, რომელსაც კაპიტანი იან ლეონ კოზეტულსკი მეთაურობდა. ულანები, როგორც მსუბუქი კავალერიის სახეობა გვიანი ევროპის პერიოდში გაჩნდა. ისინი შეიარაღებული იყვნენ გრძელი შუბებით, დაშნებითა და დამბაჩებით. სიტყვა ულანი თურქული სიტყვაა და ვაჟს, ყმაწვილს ნიშნავს. ოქროს ურდოში ულანებს ყაენის მემკვიდრეებს უწოდებნდნენ. ულანების გამოყენება პოლონეთში დაიწყეს. მათი შეიარაღება და ჩაცმულობა თავდაპირველად თურქული იყო, მაგრამ ნაპოლეონის ომების პერიოდში მათ უკვე თანამედროვე ევროპული აღჭურვილობა და უნიფორმა ჰქონდათ. კავალერიის ამ სახეობის დამახასიათებელი ნიშანი მათი ოთხკუთხედი ფორმის ქუდები იყო. 1806 წლის დეკემბერში, როდესაც ნაპოლეონი ვარშავაში დიდი ზარ-ზეიმით შევიდა,მას თან პოლონელ შევოლჟერთა საპატიო ესკორტი ახლდა. ცხენოსანი ესკორტი პოლონელი დიდებულებისაგან შედგებოდა. პოლონელები საკმაოდ დახელოვნებულები იყვნენ ცხენოსნობაში და ნაპოლეონსაც ძალზე მოეწონა მათი მხედრული სვლა. მალევე, იმპერატორის 1807 წლის 2 მარტის განკარგულებით ჩამოყალიბდა პოლონელთა კავალერიული კორპუსი, რომელიც ოთხი ესკადრონისაგან შედგებოდა. პოლკში მოხვედრა ნებისმიერ პოლონელს შეეძლო, თავისუფალ გლეხსაც და დიდებულსაც. პოლკში ითვლებოდა 968 ადამიანი, შტაბის ჩათვლით. ამ პოლკმა მიიღო პოლონელ შევოლჟერთა პოლკის სახელწოდება. საფრანგეთში პოლონელთა ეს კორპუსი დაასახლეს შანტილში. 1809 წლის კამპანიის დროს პოლონელთა კავალერია შეაიარაღეს შუბებით და მათ პოლონელი ულანები უწოდეს. ნაპოლეონი საკმაოდ აქტიურად იყენებდა პოლონელ ულანებს, რომელთაც მთელ მსოფლიოში გაითქვეს სახელი საოცარი სიმამაცითა და თავზეხელაღებულობით. ნაპოლეონის ულანები შეიარაღებული იყვნენ გრძელი შუბებით, დაშნითა და პისტოლეტებით. ამ ცხენოსნებს სწრაფი და მომაკვდინებელი დარტყმის განხორციელება შეეძლოთ მოწინააღმდეგეზე. მაგალითად, ვაგრაამის ბრძოლაში პოლონელმა ულანება თვითონ იშოვეს საბრძოლო შუბები, ისინი პირდაპირ ხელიდან აცლიდნენ ავსტრიელ ულანებს იარაღს. ნაპოლეონმა კი სწორედ პოლონელი ულანებით შეტევა ბრძანა. იმპერატორის ავანგარდის კავალერიის მეთაური გენერალი მონბერნი შიშობდა, რომ კავალერიით პირდაპირი შეტევა საარტილერიო ბატარეებზე თვითმკვლელობის ტოლფასი იყო. მან ეს გაანდო კიდევაც ნაპოლეონს. მაგრამ იმპერატორმა მკვახედ უპასუხა:
„თქვენ ფიქრობთ, რომ ეს შეუძლებელია არა? მე კი ვფექრობ, რომ ჩემთვის არაფერია შეუძლებელი!“
|
კოზეტულსკის ულანთა ესკადრონი ოთხი პოლკისაგან შედგებიდა. კავალერიის საბრძოლო წესით გაშლა შეუძლებელი იყო სომოსიერის ხეობის სივიწროვის გამო. იმპერატორის ნიშანზე ისინი ადგილს მოსწყდნენ და სწრაფად გაიჭრნენ მოწინააღმდეგისაკენ. ას ორმოცდაათი მამაცი და თავზეხელაღებული ულანი აღმოჩნდა უთანასწორო ბრძოლაში 15000 ესპანელის წინააღმდეგ. ესპანელთა საარტილერიო ბატარეებს პირველი კაპიტან ძევანოვსკის ასეული მიეჭრა. მათ თანმიმდევრობით მიყვა კაპიტან კრასინსკის ასეულის უფროსი ლეიტენანტების: როვოცკის, რუდოვსკის, ზელენკას ოცეულები. ქვემეხების პირველივე მომაკვდინებელი ზალპი ულანებმა მაშინვე იგემეს, როგორც კი ფინდიხის სასროლ მანძილზე მიუახლოვდნენ ბატარეებს. მეწინავე ულანები წამიერად მოცელა ფინდიხის ზალპმა, წამის შემდეგ იგივე დღე დაადგა მეორე მწკრივის მხედრებსაც. არტილერიის უწყვეტმა ცეცხლა შეაფერხა კავალერიის წინსვლა, იმატა დაბნეულობამ და უწესრიგობამ, ზოგიერთმა ცეხენის უკან შემოტრიალება დაიწყო. კაპიტანმა კოზეტულსკიმ ცხენი პირდაპირ ესპანელთა ქვემეხებისაკენ მიმართა, თან გზადაგზა დაბნეულსა და მიმოფანტულ თანამებრძოლებს აგროვებდა. მან მოასწრო გაფანტული ულანების კვლავ მოტივირება და სანამ ესპანელი არტილერისტები ქვემეხების თავიდან დატენვას მოასწრებდნენ, ყიჟინით დაესხა თავს. ქვემეხის გათვლები სწრაფად გაიფანტნენ და თავდაცვის მეორე ხასზს მიაშურეს. ულანები ტყვიისა და ფინდიხის წვიმის ქვეშ მიიწევდნენ ხეობის სიღრმეში მდგარი ბატარეებისაკენ. მოწინააღმდეგის საარტილერიო ბატარეების პირველი ხაზის დაკავებისას ყველაზე დიდი დანაკლისი ნიგოლევსკის ოცეულს მოუვიდა. იგი თითქმის მთლიანად განადგურდა ესპანელთა ქვემეხების სასიკვდილო ზალპებისაგან. სანამ მეორე ბატარეის გათვლა ქვემეხების თავიდან დატენვას მოასწრებდა, ულანებმა მოახერხეს და შეიჭრნენ მათ რიგებში. კაპიტან კოზეტულსკის ცხენი მოუკლეს, მან ჩამოვარდნისას თავი მოზრდილ ქვას დაკრა და მძიმე კონტუზია მიიღო. მეორე ბატარეასთან დაეცა კაპიტან ძევანოვსკის გასისხლიანებული ცხენი, განადგურდა ულანთა მესამე ასეულიც. უდიდესი ძალისხმევის შედეგად, როგორც იქნა კრასინსკის მეშვიდე ოცეულმა მიაღწია და აკუწა ბატარეის გათვლა. ულანთა ესკადრონიდან დაახლოებით 40 მხედარი დარჩა. მათ მოახერხეს და შეიჭრნენ მესამე და მეოთხე ბატარეის გათვლებში. თავისი ოცეულიდან მეოთხე ბატარეამდე ცოცხალმა მხოლოდ უმცროსმა ლეიტენანტმა (პორუჩიკმა) ნიგოლევსკიმ მიაღწია. იგი ყველაზე ახალგაზრდა იყო ესკადრონში. მის სიახლოვეს მოსჩანდა აგრეთვე ცოცხლად გადარჩენილ მებრძოლთა ჯგუფი და ვახტმისტერი სოკოლოვსკი. გადარჩენილ ულანთა ჯგუფი ხმალდახმალ უტევდა ესპანელ ქვეითებს. ამასობაში დენთის კვამლი თანდათან გაიფანტა და მამაც ულანთა თავბრუდამხვევი შეტევით დაბნეულმა ესპანელებმა შენიშნეს, რომ კავალერისტების რაოდენობა სულ რამდენიმე მხედარსღა შეადგენდა. რამდენიმე წამის ინტერვალით ნიგოლევსკი ერთდროულად დაიჭრა ხმლით, ხიშტითა და დამბაჩით. საერთო ჯამში მან ცხრა ერთმანეთზე მძიმე ჭრილობა მიიღო, რომელთაგან ყველა სასიკვდილო იყო, მაგრამ იგი სასწაულებრივად გადარჩა და ნაპოლეონის კიდევ მრავალ ლაშქრობაში მიიღო მონაწილეობა. უკანასკნელ წამს ნიგოლევსკის მოესმა პოლონელ ულანთა პირველი ესკადრონისა და ბესიერის ცხენოსანი დრაგუნების საყვირის ხმა და მიხვდა, რომ დახმარება მოვიდა! იმპერატორის არმიის ამ ელიტარულმა ნაწილებმა რომ იტყვიან სულზე მოუსწრეს ულანთა მესამე ეკადრონს, რომელიც უკვე თითქმის აღარ არსებობდა. ულანთა მესამე ესკადრონის კვალდაკვალ მომავალ კავალერისტებსა და ქვეით ბატალიონებს თითქმის არანაირი წინააღმდეგობა აღარ შეხვედრიათ და არც დანაკარგი განუცდიათ. ესპანელთა ძლიერი თავდაცვითი ზღუდე და საარტილერიო ბატარეები განადგურდა მამაც ულანთა თავზეხელაღებული შეტევის შედეგად. ფლანგიდან მომავალმა მე-9 და 24-ე მსუბუქმა პოლკებმა კი საბოლოოდ დაასრულეს სან-ხუანის ესპანური არმიის განადგურება.
შედეგები
რედაქტირებასომოსიერას ბრძოლაში მონაწილე ულანებიდან ცოცხალი მხოლოდ 57 მხედარი გადარჩა. ეპანელებმა კი დაჭრილებისა და დახოცილების სახით 250 კაცი დაკარგეს, ხოლო 3000 კი ტყვედ ჩაბარდა ფრანგებს. მე-3 ესკადრონის ოფიცრებიდან უკლებლივ ყველა დაიღუპა, ან მძიმედ დაიჭრა. ბრძოლის მეორე დღეს იმპერატორმა ნაპოლეონმა ასეთი სიტყვით მიმართა გადარჩენილებს: "თქვენ, ულანებო საუკეთესო კავალერია ხართ დედამიწის ზურგზე, ყველაზე მამაცები და შეუპოვრები, თქვენ ღირსნი ხართ ატაროთ იმპერატორის გვარდიის საპატიო სახელი!". ცოცხლად გადარჩენილებიდან 16 ულანმა მიიღო იმპერიის უმაღლესი ჯილდო, საპატიო ლეგიონის ორდენი. პოლონელი ულანების გმირობა აღწერილი იყო იმპერატორის 1808 წლის ესპანეთის კამპანიისადმი მიძღვნილ ბიულეტინში. ამ დოკუმენტმა სამუდამოდ უკვდავყო მამაცი პოლონელი კავალერისტებისა და მათი შეუპოვარი მეთაურის, კაპიტან იან ლეონ კოზეტულსკის სახელები. საინტერესოა ის ფაქტი, რომ არანხუესას ჰოსპიტალში მწოლიარე არც ერთ დაჭრილ პოლონელს არანაირი შველა და დახმარება არ უთხოვიათ. ისინი თითქმის არც კი კვნესოდნენ. შემდგომში იან კოზეტულსკი თავის მემუარებში წერდა, რომ ზოგოერთი მძიმედ დაჭრილი ულანი შიმშილით სიკვდილს ძლივს გადაარჩინეს. მიუხედავად მძიმე ჭრილობებისა, ისინი საჭმელსაც კი არ თხოულობდნენ, თუკი ამის საშუალება არ იყო. დაჭრილი ულანების მოსანახულებლად ჰოსპიტალში თვით იმპერატრი ნაპოლეონიც კი დადიოდა გენერალ დიუროკთან ერთად. მადრიდის აღებამ მაინც ვერ ჩააცხრო ესპანელთა სახალხო მღელვარება და ამბოხი. მოგვიანებით ნაპოლეონმა ესპანეთში დამატებით კიდევ 370000 ჯარისკაცი და ოფიცერი გაგზანა. მიუხედავად კოლოსალური ხარჯებისა და ცოცხალი ძალის უზარმაზარი დანაკრგებისა, ნაპოლეონმა ესპანეთის საბოლოოდ დამორჩილება ვერ შეძლო.
ლიტერატურა
რედაქტირება- Роберт Брюс, Йен Дикки "Войны и сражения эпохи Наполеона. 1792-1815" Крис Макнаб "Наполеон и его эпоха. 1796-1815. Армии, униформа, вооружение, организация, тактика"