სოლომონ ონიკაშვილი
სოლომონ ნიკოლოზის ძე ონიკაშვილი, ონიკოვი, — ქართველი აზნაური, რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი (1860).
დაიბადა მწიგნობარ ნიკოლოზ ონიკაშვილის ოჯახში. 1819 წლიდან რუსეთის არმიაში ოფიცრად მსახურობდა. მონაწილეობდა რუსეთ-სპარსეთის (1826-1828) და რუსეთ-ოსმალეთის (1828-1829) ომებში. თავი გამოიჩინა ახალციხის ბრძოლაში (1828), სადაც დაიჭრა. ირიცხებოდა კავკასიის არმიის ქვეით ჯარში. 1851 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის წოდება. 1852-1853 წლებში იყო ახალი ბაიაზეთის მაზრის სამხედრო უფროსი, 1854-1856 — ერევნის მაზრის უფროსი, ხოლო 1858-1859 წლებში — ქ. ქუთაისის კომენდანტი. 1860 წელს პენსიაზე გავიდა პოლკოვნიკის წოდების მინიჭებით და მუნდირის ტარების უფლების შენარჩუნებით.
დაჯილდოებული იყო წმ. ანას IV (წარწერით „მამაცობისთვის“, 1826) და III (ბაბთით, 1828), წმ. ვლადიმერის IV (ბაბთით, 1829) ხარისხის ორდენებით, ოქროს იარაღით „მამაცობისთვის“ (1832), წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენით (25-წლიანი სამსახურისთვის, 1839). მისი შვილებიდან: გიორგი იყო სამხედრო სამსახურში, კონსტანტინე — სამოქალაქოში; ქალიშვილი ბარბარე ცოლად ჰყავდა „ტიტულოვან მრჩეველ“ პეტრე ნაკაშიძეს (მათი შვილი იყო პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ილია ნაკაშიძე).
ლიტერატურა
რედაქტირება- «Кав. кал. на 1852 год», с.569; «Кав. кал. на 1853 год», с.522
- Сп. под/полк. по ст. 17.02.1856, с.133
- Сп. под/полк. по ст. 01.02.1859, с.63
- АКАК. Т.I, д.1132, с.763. – Тифлис, 1866
- «Кавказъ», 1860, №2
- Думин С. В., Чиковани Ю. К. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского / Под ред. С. В. Думина. – М.: Линкоминвест, 1998.