სკანდერბეგის ორდენი

სკანდერბეგის ორდენი (ალბ. Urdhëri i Skënderbeut) — ალბანეთის სახელმწიფო ჯილდო.

სკანდერბეგის ორდენი

ქვეყანაალბანეთის დროშა ალბანეთი
ტიპიორდენი
დაჯილდოების საფუძველიგვირგვინისადმი გაწეული გამორჩეული დამსახურება და მიღწევები საზოგადოების ყველა სფეროში
სტატუსიგაიცემა
სტატისტიკა
დაწესების თარიღი12 დეკემბერი, 1925
26 მარტი, 1996
რიგითობა
მაღალი ჯილდოერთგულების ორდენი
დაბალი ჯილდოორდენი „სიმამაცისთვის“

ორდენის შექმნის ბრძანება ალბანეთის პრეზიდენტმა, აჰმედ ზოგუმ 1925 წლის 12 დეკემბერს გასცა. ორდენი მიეძღვნა ალბანეთის ეროვნულ გმირს, ალბანეთის ანანტიოსმალური აჯანყების ლიდერს — გეორგ სკანდერბეგს. ორდენი თავდაპირველად დაარსდა ოთხ კლასში: დიდი ჯვარი, დიდი ოფიცერი, მეთაური და კავალერი.

1939 წლის აპრილში, ალბანეთის ოკუპაციის შემდეგ, იტალიის მეფე ვიქტორ ემანუელ III-მ გადაწყვიტა, შეენარჩუნებინა ალბანური ორდენები და გაეერთიანებინა ისინი იტალიურ ორდენებთან, ამავდროულად შეცვალა მათი ნიშნები. 1940 წელს მან სკანდერბეგის ორდენს ოფიცრის კლასი დაამატებინა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების და ალბანეთში ენვერ ხოჯას ხელმძღვანელობით კომუნისტური რეჟიმის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სკანდენბერგის ორდენი შენარჩუნდა სახელმწიფოს დაჯილდოების ახალ სისტემაში, მაგრამ გარეგნულად განიცადა რამდენიმე ცვლილება და შეუმცირდა სამი კლასი.

1996 წელს, ალბანეთში კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ, სკანდერბეგის ორდენი ხელახლა დაარსდა, სახელწოდებით „გეორგ კასტრიოტი-სკანდერბეგის ორდენი“.

ხარისხები

რედაქტირება

ორდენს გააჩნია ხუთი კლასი. ასევე აქვს ჯაჭვი, რომელიც სახელმწიფოს მეთაურთა დაჯილდოებისთვის გამოიყენება:

  •   დიდი ჯვარი — ორდენის ნიშანი მხრის ლენტზე და რვაქიმიანი ვარსკვლავი გულმკერდის მარცხენა მხარეს.
  •   დიდი ოფიცერი — ორდენის ნიშანი კისრის ლენტზე და ვარსკვლავი გულმკერდის მარცხენა მხარეს (1939 წლიდან — სპეციალური სამკერდე ნიშანი გულმკერდის მარჯვენა მხარეს).
  •   მეთაური — ორდენის ნიშანი კისრის ლენტზე.
  •   ოფიცერი (1939 წლიდან) — ორდენის ნიშანი გულმკერდის ლენტზე და სპეციალური სამკერდე ნიშანი გულმკერდის მარჯვენა მხარეს.
  •   კავალერი — ორდენის ნიშანი მკერდის ლენტზე.

I ტიპი (1925-1939)

რედაქტირება

ორდენის ნიშანი თავის მხრივ წარმოადგენს წითელი მინანქრით დაფარულ, ოქროთი მოჩუქურთმებულ ორთავიან არწივს, რომელის თავზეც მოთავსებულია ხუთქიმიანი ვარსკვლავი. ვარსკვლავზე ორდენის ლენტია დამაგრებული. არწივის ცენტრში ლურჯი მინანქრის მრგვალი მედალიონია ოქროს კანტით, რომელიც შემოსაზღვრულია მწვანე მინანქრის დაფნის ტოტებით. მედალიონზე სკანდერბეგის მუზარადის ოქროს გამოსახულებაა დატანილი.

ორდენის ვარსკვლავი თავის მხრივ წარმოადგენს ვერცხლის რვაქიმიან ვარსკვლავს, რომელიც ფორმირებულია მრავალი განსხვავებული ზომის წვეტიანი სხივით, დაფარული ალმასის კიდეებით. ვარსკვლავის ცენტრში გამოსახულია იგივე მრგვალი მედალიონი, რაც თვითონ ორდენზე.

ორდენის ლენტის შავი მურა ფერის ზედაპირზე, კიდეების გასწვრივ გამოსახულია წითელი ზოლები. უფრო ფართო წითელი ზოლები ვრცელდება უშუალოდ ლენტის კიდეებზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება