სიხოტე-ალინის მეტეორიტი
სიხოტე-ალინის მეტეორიტი (რუს. Сихотэ-Алинский метеорит) — ვარდნისას შემჩნეული უდიდესი რკინის მეტეორიტი. სრული მასა ≈ 70 ტ. ჩამოვარდა 1947 წლის 12 თებერვალს, რუსეთის პრიმორიეს მხარეში, სიხოტე-ალინის დასავლეთ ნაწილში. ადგილობრივი დეკრეტული დროით 10 სთ 38 წთ.
ჰაერშივე დაიმსხვრა და 3 კვ.კმ ფართობზე მეტეორიტული წვიმა გამოიწვია, ახლდა ბოლიდიც, რომელიც 400 კმ რადიუსიან არეში ჩანდა და დატოვა მტვრის ნაკვალევი (ჩანდა რამდენიმე საათის განმავლობაში). ბოლიდის გაქრობისას გაისმა დარტყმის ხმა, გრუნტი და ნაგებობები შეირყა.
მოვლენა შეისწავლა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მეტეორიტეტის კომიტეტის რამდენიმე ექსპედიციამ ვ. ფესენკოვის, ე. კრინოვისა და ს. ფონტინის ხელმძღვანელობით. აღმოჩნდა 24 კრატერი (დიამეტრი 9-26 კმ) და 78 პატარა ღრმული, რომლებიც ცალკეულმა მეტეორიტებმა წარმოქმნეს. უფრო მსხვილი მეტეორიტები დაიმსხვრა კლდის ქანებზე დაჯახებისას, წარმოიქმნა მტვერი და წვრილი მეტეორიტები, რომლებიც ტაიგაში გაიფანტა (იპოვეს ≈ 3500).
ყველაზე დიდი მთლიანი მეტეორიტების მასაა 1745, 1000; 700; 500, 450, 350 კგ. სულ შეგროვდა 27 ტ. ქიმიური შედგენილობა: Fe (93,29%, მასის მიხედვით), Ni (5,94%), Co (0,38%), P (0,56%), S (0,28%), Cu (0,03%).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 415.
- ჯაფიაშვილი ვ., მოწყვეტილი ვარსკვლავები და ციური ქვები, თბ., 1976;
- Сихотэ-Алинский железный метеоритный дождь. [Сб. ст.], т. 1—2, М., 1959—1963.