მცენარეთა სისტემატიკა
მცენარეთა სისტემატიკა — სისტემატიკის დარგი, რომლის მიზანია დღეს არსებული და აგრეთვე ამოწყვეტილი მცენარეული ორგანიზმების მრავალფეროვნების შესწავლა, აღწერა, კლასიფიკაცია, მცენარის ცალკეულ სახეობებსა და ჯგუფებს შორის ფოლოგენეზური (ნათესაური) კავშირების, მცენარეული სამყაროს განვითარებისა და სახეობათა წარმოშობის პროცესის დადგენა. მცენარეთა სისტემატიკის ძირითადი მიზანია ისეთი ბუნებრივი და ფილოგენეზური სისტემების დამუშავება, რომელშიც მცენარეები განაწილებულია სისტემატიკურ ერთეულებად (ტაქსონებად) წარმოშობისა და ნათესაური კავშირების (სიახლოვის) დონის მიხედვით.
მცენარეთა სისტემატიკის განვითარება იწყება თეოფრასტეს შრომებით („მცენარეთა მიზეზები“ 6 წიგნად, „გამოკვლევები მცენარეთა შესახებ“ 9 წიგნად), რომლებშიც მოცემულია მცენარეთა კლასიფიკაციის პირველი ცდა. მან მცენარეები დაყო 4 ჯგუფად — ხეებად, ბუჩქებად, ბუჩქბალახებადდა ბალახებად. შემდგომში მცენარეთა სისტემატიკის განვითარებისათვისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში მოგზაურობათა შედეგად დაგროვილ ცნობებს უცნობი მცენარეების შესახებ. საჭირო გახდა ამ ცნობების სისტემაში მოყვანა. ადრეული სისტემებიდან მნიშვნელოვანი იყო იტალიელი ბოტანიკოსის ანდრეა ჩეზალპინოს სისტემა, რომელიც გამოქვეყნდა ნაშრომში „მცენარეთა შესახებ“ (1583). მან აღქერა მცენარის 1500-მდე სახეობა, მათ შორის მრავალი ახალი სახეობა. მცენარეთა კლასიფიკაციას მან საფუძვლად დაუდო ნაყოფის აგებულება, ბუდეებისა და თესლების რაოდენობა. ამ ნიშნების საფუძველზე მცენარეთა სამყარო 14 კლასად დაყო (ხავსების, გვიმრებისა და შვიტების გამოკლებით, რომლებიც წყალმცენარეებიდან, სოკოებთან და სხვებთან ერთად მე-15 კლასში გააერთიანა). ჩეზალპინოს სისტემა ხელოვნური იყო, რადგანაც იგი ემყარებოდა მხოლოდ ერთ-ორ ნიშანს (ნაყოფის თავისებურებას, ზოგჯერ ყვავილის ფორმას). ამიტომ კლასების უმრავლესობაში გაერთიანდა ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული მცენარეები, თუმცა ზოგი კლასი ბუნებრივი აღმოჩნდა, მაგ., მე-10 კლასში გაერთიანებული იყო ყველა რთულყვავილოვანი მცენარე.
მცენარეთა სისტემატიკის განვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა კარლ ლინეს შრომებს. მან მცენარის ძირითად სისტემატიკურ ნიშნად გამრავლების ორგანოები მიიჩნია და მცენარეთა სამყარო 24 კლასად დაყო. კლასები ერთმანეთისაგან განასხვავა მტვრიანების რაოდენობით, მტვრიანათა ძაფების სიგრძით, მათი ერთმანეთთან ან ბუტკოს სვეტთან შეზრდით და ა. შ. ბუტკოს რაოდენობის მიხედვით ლინემ კლასები დაყო რიგებად. ლინეს სისტემა მოხერხებული აღმოჩნდა, რამდენადაც ყოველი ახალი მცენარისათვის ადვილი გახდა ადგილის გამოძებნა სისტემაში. ამასთანავე მცენარის სახელწოდებისათვის შემოიღო ბინარული ნომენკლატურა, რომელიც დღესაც მიღებულია. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ კარლ ლინეს სისტემაც ხელოვნურია, რადგანაც მცენარეები დაჯგუფებულია ნებისმიერად ამორჩეული მცირერიცხოვანი ნიშნების მიხედვით. მცენარეთა ბუნებრივი კლასიფიკაციის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფრანგი მეცნიერის ანტუან ჟიუსიეს შრომას „ მცენარეთა გვარების“ (1789) შესახებ. მან აღწერა მცენარეთა 100 ოჯახი და თითოეულ ოჯახში მცენარეები გააერთიანა მრავალი ნიშან-თვისების მიხედვით. ამასთანავე მცენარეები ოჯახში განალაგა ისეთი თანამიმდევრობით, რომ თითოეული ოჯახის ბოლოს მოთავსებული იყო შემდეგ ოჯახში გარდამავალ მცენარეთა ფორმები. მცენარეთა ასეთ განლაგებაში ჩანდა მათი ნათესაობა. ამგვარად, პირველად ანტუან ჟიუსიეს მცენარეთა ბუნებრივ სისტემაში ტაქსონომიური ერთეულები განხილული იყო ურთიერთ ნათესაურ კავშირში. ამრიგად, პერიოდი, რომელიც კარლ ლინეს სისტემის შექმნით დამთავრდა, იყო ხელოვნური სისტემატიკის პერიოდი, ხოლო ანტუან ჟიუსიემ საფუძველი ჩაუყარა ბუნებრივ სისტემატიკას.
ჩარლზ დარვინის თეორიით კი დაიწყო ევოლუციური ანუ ფილოგენეზური სისტემატიკის პერიოდი. აქედან მოყოლებული, კლასიფიკაცია ემყარებოდა მცენარეთა საერთო წარმოშობის პრინციპს, საკლასიფიკაციო ერთეულების ისეთ განლაგებას, რომელიც შეესაბამებოდა მათი ევოლიციურ განვითარების დონეს. მცენარეთა სამყაროს ფილოგენეზური სისტემები იყენებს მცენარეთა ეკოლოგიის, პალეობოტანიკის, მცენარეთა გეოგრაფიის, შედარებითი მორფოლოგიის, მცენარეთა ანატომიის, ემბრიოლოგიის, მცენარეთა ფიზიოლოგიის, და ბიოქიმიის მონაცამებს. თანამედროვე სისტემებიდან ყველაზე პოპულარულია გერმანელი ბოტანიკოსის ადოლფ ენგლერის ფილოგენეზური სისტემა, რომელიც გამოქვეყნებულია მრავალტომიან ნაშრომში „მცენარეთა ბუნებრივი ოჯახი“ (1887-1909). იგი ერთ-ერთი სისტემაა, რომელშიც ოჯახები დამუშავებულია გვარებამდე და სექციებამდე, ზოგჯერ სახეობამდეც კი. მან საყოველთაო აღიარება მოიპოვა მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილი არ არის, და დღესაც გამოიყენება „ფლორების“, მცენარეთა სარკვევების შედგენისას. ენგლერის სისტემა დაედო საფუძვლად „საქართველოს ფლორის“ რვატომეულს. ამ სისტემის მსგავსია ავსტრალიელი მეცნიერის რიხარდ ვეტშტაინის (1901) სისტემა. ენგლერისა და ვეტშტაინის სისტემების პოლიფილეტური კონცეფციის მიხედვით, ფარულთესლოვან მცენარეების მრავალი წინაპარი ჰყავდათ. XIX საუკუნის დასასრულს მრავალი ახალი ფაქტობრივი მონაცემის საფუძველზე ჩამოყალიბდა ახალი შეხედულებები მცენარეთა სისტემებზე. ამერიკელმა ბოტანიკოსმა ჩარლზ ბესიმ ახალი სისტემა ჩამოაყალიბა, რომელსაც საფუძვლად დაედო ყვავილის წარმოშობის სტრობილური თეორია. აშშ-ში ჩარლზ ბესის იდეა განავითარეს ჯონ შეფნერმა (1929, 1934), ართურ კრონკვისტმა (1968). ყვავილოვან მცენარეთა ორიგინალური სისტემა შექმნა გერმანელმა მეცნიერმა ჰ. ჰალირმა (1896, 1912). ენგლერის და ჰალირის სისტემების პრინციპები შერწყმული იყო ნ. კუზნეცოვის (1914) ყვავილოვან მცენარეთა სისტემაში. მთელი მცენარეული სამყაროს პოლიფილეტური სისტემა შექმნა ხ. გობიმ (1916). ყვავილოვან მცენარეთა მონოფილეტური სისტემებიდან აღსანიშნავია რ. შოოს (1953-1961), ი. კიმურას (1956), რ. თორნის (1963), მიტიო ტამურას (1974) სისტემები.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაგნიძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 392.