სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი
სიმონ (სიმონიკა) ლევანის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი (დ. 1 სექტემბერი, 1896 — გ. 20 მაისი, 1923, თბილისი) — ქართველი ოფიცერი, 1918–1921 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული არმიის როტმისტრი, წმ. გიორგის ჯვრის კავალერი, ანტი-საბჭოთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე 1921–1923 წლებში. საქართველოს ეროვნული გმირი.[1]
სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 1 სექტემბერი, 1896 |
დაბადების ადგილი | რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 20 მაისი, 1923 |
გარდაცვალების ადგილი |
ტფილისი სსრკ |
კუთვნილება |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
სამხედრო სამსახურის წლები | 1914-1921 |
წოდება | როტმისტრი |
ჯილდოები |
სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი დაიბადა ცნობილ არისტოკრატულ ოჯახში. მამამისი, ლევან გიორგის ძე ბაგრატიონ-მუხრანელი (დ. 1863 — გ. 1901) იყო მუხრანის ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი, დედამისი, ანასტასია კი წერეთლის ქალი. თვითონ სიმონიკამ იქორწინა ნინო ბაგრატიონ-დავითიშვილზე (დ. 1897 — გ. 1969). დაამთავრა თბილისის გიმნაზია. მსახურონდა რუსეთის იმპერიის არმიაში. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918). იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე თათრების ცხენოსანი პოლკის რიგებში. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი სოფ. ჰოლიგრადისთან (ახლანდ. ტერნოპოლის ოლქი, უკრაინა) 1915 წლის 21 აგვისტოს ბრძოლაში. დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის IV (1914) და III (1915) ხარისხის ორდენებით, ასევე წმ. სტანისლავის III ხარისხის ორდენით (1917). 1915 წლიდან პრაპორშჩიკი. 1917 წელს საქართველოში დაბრუნდა. 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში, ქართულ ცხენოსანთა პოლკის როტმისტრად.
საბჭოთა ოკუპაციის (1921) შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა. განაგრძო სამხედრო სამსახური ქართულ წითელ არმიაში. ფარულად თანაუგრძნობდა ეროვნულ-დემოკრატებს. 1922 წლიდან იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო ორგანიზაციისა და საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის „სამხედრო ცენტრის“ წევრი. მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ საერთო-სახალხო გამოსვლების ორგანიზებაში. 1923 წლის მარტში დააპატიმრეს მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში. იმავე წლის 20 მაისს „სამხედრო ცენტრის“ სხვა წევრებთან დახვრიტეს თბილისში, ახლანდ. ვაკის პარკის ტერიტორიაზე. [1] სიმონ ბაგრატიონის მეუღლე მალე ციმბირში გადაასახლეს.
სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი და სამხედრო ცენტრის სხვა წევრები გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ 2023 წლის 4 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- მშვიდობით ძმებო, გვხვრეტენ ამაღამ! დაარქივებული 2020-11-26 საიტზე Wayback Machine. / [საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი ; პროექტის ხელმძღვანელი ომარ თუშურაშვილი. თბ., 2016 . ISBN 9789941094361. - გვ. 88-122.