სიმამაცის წითელი ემბლემა
სიმამაცის წითელი ემბლემა (ინგლ. The Red Badge of Courage) — ამერიკელი მწერლის, სტივენ კრეინის 1895 წლის რომანი, რომლის თემატიკაც ამერიკის სამოქალაქო ომს შეეხება. მის მთავარ გმირად ახალგაზრდა რიგითი, ჰენრი გვევლინება, რომელიც ჯარში მოხალისედ ჩაეწერა იმ იმედით, რომ ანტიკურ ნაწარმოებებში აღწერილთა მსგავს, გმირულ ბრძოლის ველზე აღმოჩნდებოდა და თავადაც გმირად იქცეოდა, თუმცა რეალობასთან პირისპირ მდგომმა აღმოაჩინა, რომ ომს თავისი სიმართლე და კანონები აქვს, რომლებიც სრულიად განსხვავდება წიგნებში ამოკითხულთაგან. ჰენრის სიმხდალე შეიპყრობს და საბრძოლო ველიდან გაიქცევა, რის გამოც მას სწყურია იმ ჭრილობის მიღება, რომლითაც სათაურში ნახსენებ ჯილდოსაც დაიმსახურებს და სამუდამოდ დაიმკვიდრებს გმირის რეპუტაციას, თუმცა ის ამას არა უშუალო მებრძოლეობით, არამედ მედროშეობით შეეცდება.
სიმამაცის წითელი ემბლემა | |
---|---|
ჟანრი | საბრძოლო |
ავტორი | სტივენ კრეინი |
მშობლიური ენა | ინგლისური |
გამოცემულია | 1895 |
მედია | ბეჭდური |
გვერდი | 158 |
მიუხედავად იმისა, რომ კრეინი ომის შემდეგ დაიბადა და იმ დროს არ ჰქონია უშუალოდ ბრძოლის გამოცდილება, რომანი ცნობილია თავისი რეალიზმითა და ნატურალიზმით. რიგით მეორე რომანზე ავტორმა მუშაობა გამოცემამდე ერთი წლით ადრე, 1894 წელს დაიწყო, მის სამუშაო წყაროს კი თანამედროვე და წერილობითი ანგარიშები წარმოადგენდნენ. ითვლება, რომ მან ნაწარმოებში აღწერილი ფიქციური საბრძოლო ოპერაცია კანცლერსვილის შეტაკებაზე დააფუძნა, აგრეთვე, არსებობს ვერსია, რომ ნაწარმოების სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე ნიუ-იორკის 124-ე მოხალისეთა პოლკის ვეტერანებთან აღებულმა ინტერვიუმაც იქონია გავლენა. რომანი, თავდაპირველად, შემოკლებული და სერიული ვერსიით გამოქვეყნდა გაზეთებში 1894 წლის დეკემბერში, ხოლო სრულად მომდევნო წლის ოქტომბერში. ნაწარმოების უფრო გრძელი ვერსია, კრეინის ორიგინალური ხელნაწერის საფუძველზე, გამოქვეყნდა 1982 წელს.[1] რაც შეეხება უშუალოდ დაწერის შთაგონების წყაროს, კრეინმა წიგნზე მუშაობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 1893 წელს, მეგობრის ატელიეში ყოფნისას, ეცნობოდა სხვადასხვა სტატიებს ჟურნალ-გაზეთებიდან, რომელთა თემატიკაც ამერიკის სამოქალაქო ომს შეეხებოდა.[2] იმეგაცრუებულმა მწერალმა, რომელმაც შენიშნა, რა მშრალად იყო აღწერილი სტატიებში ბატალური პასაჟები, საკუთარი ნაწარმოების შექმნა ისურვა, რომელიც, მისი აზრით, უფრო მხატვრულად იქნებოდა გამართული.[3]
ნაწარმოები გამორჩეულია თავისი სტილით, რომელიც ორიენტირებულია ბატალური პასაჟების რეალისტური თანმიმდევრობებით, რომელსაც სხვადასხვა ფერადი გამოსახულება და ირონიული ტონიც თან ერწყმის. ომის ტრადიციული ნარატივისაგან განცალკევებით, კრეინის რომანი ასახავს მისი გმირის (ბრძოლიდან გაქცეული ჯარისკაცის) შინაგან მდგომარეობას და არა მის გარშემო არსებულ სამყაროს. თავად ავტორი საკუთარ ამ ნაწარმოებს „შიშის ფსიქოლოგიური ასახვა“ უწოდა.[4] წიგნმა დიდი შექება დაიმსახურა ავტორის თანამედროვე ბრიტანელი მწერლისგან, ჰერბერტ უელსისგანაც, რომელმაც წიგნის პოპულარობას „დიდების ღრეობა“ უწოდა,[5] რაც კიდევ ერთხელ განმტკიცდა იმ ფაქტით, რომ მწერალმა ამ რომანის დახმარებით, ჯერ კიდევ 24 წლის ასაკში, მყისიერი პოპულარობა მოიპოვა. ნაწარმოებს კრიტიკაც არ მოჰკლებია, მათ შორის გამორჩეულია ამბროზ ბირსის სკეპტიკური დამოკიდებულება რომანის თაობაზე.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „The Red Badge of Courage“ — Project Gutenberg-ზე (plain text and HTML)
- The Red Badge of Courage at the Internet Archive and Google Books (scanned books original editions)
- The Red Badge of Courage Site
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Crane, Stephen (1982) The red badge of courage : an episode of the American Civil War, 1, Norton. OCLC 230349419.
- ↑ Davis, Linda H. (1998). Badge of Courage: The Life of Stephan Crane. New York: Mifflin. ISBN 0-89919-934-8.
- ↑ თარგი:Harvp
- ↑ Davis, Linda H. (1998). Badge of Courage: The Life of Stephan Crane. New York: Mifflin. ISBN 0-89919-934-8.
- ↑ https://archive.org/details/newessaysonredba0000mitc