სიკო ბადურაშვილი
სიკო ბადურაშვილი (დ. 2 აგვისტო, 1889 — გ. 13 ივლისი, 1916) — ქართველი პოეტი.
სიკო ბადურაშვილი დაიბადა 1889 წლის 2 აგვისტოს სოფელ ჟებოტაში, თიანეთის რაიონში. დაამთავრა თიანეთის ორკლასიანი და თელავის სასულიერო სასწავლებლები. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში. ვაჟა-ფშაველას დახმარებით შევიდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში. იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სტიპენდიატი. 1913 წელს სწავლა გააგრძელა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.
„თავისუფალის“ ფსევდონიმით ტიციან ტაბიძის ხელნაწერ ჟურნალ „შუქში“ აქვეყნებდა ლექსებს. 1910 წლიდან მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში: „საქართველო“, „ნაკადული“, „თემი“, „თეატრი და ცხოვრება“, მ. გაჩეჩილაძის მიერ შედგენილ კრებულში „ჩანგი“. მისი შემოქმედების მთავარი თემა იყო სამშობლო და სიცოცხლე. დაიღუპა ტრაგიკულად; მან 200 ლექსის, ექვსი პოემის, ათი მოთხრობისა და რამდენიმე სტატიის დაწერა მოასწრო. მწერლის ხელნაწერები და საოჯახო ბიბლიოთეკა დაკარგულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 324.