სერგეი კრიკალევი
სერგეი კრიკალევი (რუს. Сергей Константинович Крикалёв; დ. 27 აგვისტო, 1958) — რუსი მექანიკოსი და ინჟინერი, ყოფილი კოსმონავტი და მფრინავი-გამომცდელი, საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ეროვნული გმირი. კოსმოსში გატარებული დროის ხანგრძლივობით ლიდერთა სიაში მესამე ადგილს იკავებს - 803 დღე.[1]
სერგეი კრიკალევი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 27 აგვისტო, 1958 |
დაბ. ადგილი | სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი |
ქვეყანა | რუსეთი |
ექსპედიცია | მირი, სოიუზ-7, სოიუზ-12, სოიუზ-13, STS-60, STS-88, Expedition 1, სოიუზ-31, STS-102, Expedition 11, სოიუზ-6 |
კრიკალევის ბოლო კოსმოსური ფრენა 2005 წელს შედგა, ხოლო 2007 წელს კოსმონავტის კარიერა დაასრულა. მას შემდეგ ის აქტიურად იყო ჩართული ახალგაზრდა მფრინავების მომზადებაში. 2021 წლიდან დღემდე არის როსკოსმოსის მრჩეველი.
კრიკალევის სახელი მჭიდრო კავშირშია საბჭოთა კავშირის დაშლასთან, ვინაიდან არეულობისა და პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე კრიკალევი მირის ორბიტულ სადგურზე მისიას ასრულებდა. სსრკ-ს დაშლის შემდგომ კი მისი დაბრუნება გადაიდო და კოსმონავტს დამატებით 311 დღის გატარება მოუწია, ორჯერ უფრო მეტი ვადის, ვიდრე წინასწარ იყო განსაზღვრული.[2]
ბიოგრაფია
რედაქტირებასერგეი კრიკალევი ლენინგრადში, (ამჟამად სანქტ-პეტერბურგი) 1958 წლის აგვისტოში დაიბადა. საშუალო სკოლა 1975 წელს დაამთავრა, ხოლო 1981 წელს ლენინგრადის მექანიკურმა ინსტიტუტმა მექანიკური ინჟინერის ხარისხი მიანიჭა.
სასწავლებლის დასრულების შემდგომ კრიკალევი აქტიურად ჩაერთო კოსმოსურ ინდუსტრიაში. ის ცდიდა და ამოწმებდა კოსმოსური აღჭურვილობის გამართულობასა და მდგრადობას, მუშაობდა კოსმოსური ფრენების დახვეწასა და სრულყოფაზე. 1985 წელს, სალიუტ-7 ავარიის მომენტში ირიცხებოდა მაშველთა გუნდში, რომელთა ამოცანასაც უკონტროლო აპარატის შენარჩუნება და საბორტე სისტემების შეკეთება წარმოადგენდა.
კოსმოსური მოღვაწეობის გარდა, კრიკალევი სპორტის დიდი მოყვარულია. ის გატაცებულია ცურვით, თხილამურებით სრიალით, ველოსპორტითა და აერობატიკული ფრენით. გარდა ამისა, მირის ორბიტულ სადგურზე ყოფნისას ჰქონდა სამოყვარულო რადიო არხი, რომლის მომხმარებლის სახელსაც დღემდე ინარჩუნებს - U5MIR.
პირველი გაფრენა
რედაქტირებაკრიკალევის პირველი კოსმოსური ფრენა 1988 წლის 26 ნოემბერს შედგა. სოიუზ ტმ-7 დაკომპლექტებული იყო მეთაურით, ალექსანდრ ვოლკოვი, საბორტე ინჟინერი, სერგეი კრიკალევი და ფრანგი კოსმონავტი, ჟან-ლუ კრეტიენი. ეკიპაჟის ამოცანას იმ გუნდის ჩანაცვლება წარმოადგენდა, რომელიც მირის ორბიტულ სადგურზე დათქმულ ვადაზე გადაცილებით იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც წინა ეკიპაჟმა მირის ორბიტული სადგური დატოვა, ახალმა გუნდმა სამეცნიერო ექსპერიმენტების შესრულება გააგრძელეს. ვინაიდან, მირის ორბიტულ სადგურზე ახალი ეკიპაჟის მოსვლის ვადა უფრო და უფრო ჭიანურდებოდა, კრიკალევმა და მისმა კოლეგებმა სადგური უპილოტო ფრენისთვის მოამზადეს და დედამიწაზე 1989 წლის 27 აპრილს დაბრუნდნენ. მისიის დასრულების შემდეგ კრიკალევს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. აღნიშნული მისიის ხანგრძლივობამ კი 151 დღე და 11 საათი შეადგინა. დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ კრიკალევმა მზადება გაცილებით უფრო ხანგრძლივი მისიის შესრულებისთვის დაიწყო.
მირი
რედაქტირებაკრიკალევი მირის ორბიტულ სადგურს მეორედ 1991 წლის მაისში ეწვია. მასთან ერთად ეკიპაჟში შედიოდნენ მეთაური, ანატოლი არცებასკი და ბრიტანელი კოსმონავტი, ჰელენ შარმანი. ამ უკანასკნელმა სადგური ერთი კვირის შემდეგ დატოვა, ხოლო კრიკალევი და მისი კოლეგა მირზე დარჩნენ. ზაფხულისთვის, კრიკალევი და არცებასკი ღია კოსმოსში ექვსჯერ იყვნენ გასულნი და ათეულობით სხვადასხვა ხასიათის სამეცნიერო ექსპერიმენტი ჰქონდათ ჩატარებული.
1991 ივლისში კრიკალევმა ორბიტულს სადგურზე ოქტომბრამდე დარჩენას დათანხმდა. შემოდგომაზე მირს ისტორიაში პირველად, ყაზახი და ავსტრიელი კოსმონავტები ეწვივნენ. ვინაიდან მათი გამოცდილება, კვალიფიკაცია და მომზადების დონე სადგურის დამოუკიდებლად და გამართულად ფუნქციონირების საშუალებას არ იძლეოდა, კრიკალევი და მისიის ახალი ხელმძღვანელი, ალექსანდრ ვოლკოვი სადგურზე 1992 წლის მარტამდე დარჩნენ. ავსტრიელმა და ყაზახმა კოსმონავტებმა კი მირი ოქტომბერშივე დატოვეს. [3]
მირის ორბიტულ სადგურზე ყოფნისას კრიკალევი აქტიურად იყენებდა სამოყვარულო რადიოს. ამავე პერიოდში ის განსაკუთრებულად დაუახლოვდა სხვა მოყვარულ რადიო-ოპერატორ, მარგარეტ იაქინტას, რომელსაც დღეში ერთხელ მაინც ეხმიანებოდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის კომუნიკაცია ისტორიაში პირველი იყო. იაქინტა და კრიკალევი სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, პირად და პოლიტიკურ საკითხებზე საუბრობდნენ. ასევე, მარგარეტი სერგეის საბჭოთა კავშირში მიმდინარე პროცესებსა და პოლიტიკურ არეულობაზე უტყუარ და ამომწურავ ინფორმაციას აწვდიდა.
სსრკ-ს დაშლა მნიშვნელოვნად აფერხებდა კოსმონავტის დედამიწაზე დაბრუნების საკითხს. ერთი მხრივ, სახელმწიფო, რომელმაც კოსმონავტი გააგზავნა, აღარ არსებობდა, ხოლო ბაიკონურის კოსმოდრომი უკვე დამოუკიდებელი ყაზახეთის საკუთრებას წარმოადგენდა. არსებული სიტუაციის ფონზე, კრიკალევს კოსმოსში დამატებით 311 დღის გატარება უწევდა. ეს ვადა კი ორჯერ აღემატებოდა წინასწარ განსაზღვრულს. ვინაიდან კრიკალევი დედამიწის მიზიდულობის ძალის ცენტრიდან შორს ხანგრძლივი ვადით იმყოფებოდა, მასზე დროის შენელების ეფექტი მოქმედებდა. დედამიწაზე დაბრუნების მომენტში კოსმონავტი 0.02 წამით უფრო ახალგაზრდა იყო, ვიდრე ანალოგიურ პერიოდში დაბადებული ადამიანები. ამიტომაც, კრიკალევს ხშირად მოიხსენიებენ როგორც, “უკანასკნელი საბჭოთა დროში მოგზაური“ ან “უკანასკნელი საბჭოთა კოსმონავტი“. [4]
კოსმოსური შატლი
რედაქტირება1992 წლის ოქტომბერში ნასაში განაცხადეს, რომ კოსმოსური შატლის ეკიპაჟს გამოცდილის უცხოელი კოსმონავტი შეემატებოდა. მალევე, რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ კრიკალევის კანდიდატურა დაასახელა, რომელიც მოგვიანებით STS-60 მისიისთვის შეარჩიეს. გარდა ამისა, კრიკალევი STS-63 მისიის სარეზერვო ეკიპაჟშიც მოხვდა. პარალელურად, ამერიკა და რუსეთი აქტიურად იწყებდა კოსმოსურ თანამშრომლობას, რომლის პირველ ეტაპსაც შატლი-მირის პროგრამა წარმოადგენდა.
STS-60 მისიამ სტარტი 1994 წლის 3 თებერვალს აიღო და 11 თებერვლამდე გასტანა. მისიის უნიკალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ კრიკალევი გახდა პირველი რუსი კოსმონავტი, რომელმაც ამერიკული შატლით იმგზავრა. გარდა ამისა, აღნიშნული ფრენა ორი სახელმწიფოს კოსმოსური სააგენტოების დაახლოებისა და შემდგომი თანამშრომლობის პირველი მასშტაბური მოვლენა იყო. 130 ორბიტისა და ჯამურად 6 მილიონი კილომეტრის ფრენის შემდეგ 1994 წლის 11 თებერვალს STS-60 მისია და შატლი დისქავერი კენედის კოსმოსურ ცენტრში წარმატებულად დაეშვა. მისიის დასრულების შემდეგ კრიკალევი რეგულარულად სტუმრობდა ნასასა და დიდ როლს ასრულებდა შემდგომი ერთობლივი მისიების ორგანიზებაში.
შატლი-მირის პროგრამის დასრულების შემდგომ ორივე სახელმწიფოს კოსმოსურმა სააგენტოებმა კიდევ უფრო მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყეს. 1998 წლის ნოემბერში რუსეთმა მომავალი სადგურის პირველი მოდული, “განთიადი“ გაუშვა. დეკემბრის დასაწყისში კი მას უკვე ამერიკული “ერთობა“ დაუერთდა. ახლადშეერთებულ მოდულებში ელექტროენერგიისა და სხვა აუცილებელი სისტემის ჩართვა კი კრიკალევსა და მის ამერიკელ კოლეგასა და ეკიპაჟის მეთაურს, რობერტ კაბანს დაევალათ. დაევალა. 1998 წლის 6 დეკემბერს შატლი “ინდევორი“ “განთიადს“ დაუერთდა. კრიკალევმა და კაბანამ გახსნეს საკეტი, შევიდნენ სადგურზე, ჩართეს ელექტროენერგია და საჭირო აპარატურა, ხოლო მოგვიანებით კი სხვა ამოცანების შესრულებას შეუდგნენ. ისინი დედამიწას 15 დეკემბერს დაუბრუნდნენ. 1998 წლის 6 დეკემბრის შემდეგ ახალ, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სინათლე მუდამ ანთია.
პირველი მოდულების წარმატებით დაერთების შემდეგ ჯერი სრულფასოვანი და კომპლექსური ექსპედიციის ჩატარებაზე მიდგა. 2000 წლის 31 ოქტომბერს, სოიუზის რაკეტა-მატარებელმა ბაიკონურის კოსმოდრომიდან გეზი ახალი სადგურისაკენ აიღო. ეკიპაჟის წევრებს შორის იყო კრიკალევიც. მისიის ფარგლებში სადგურს კიდევ რამდენიმე მოდული დაუერთდა, მათ შორის ლაბორატორია. ეკიპაჟმა სადგური 2001 წლის 18 მარტს დატოვა და დედამიწაზე 21 მარტს დაეშვნენ. 2 დღის შემდეგ ორბიტიდან უკვე მოძველებული, თუმცა კრიკალევისთვის კარგად ცნობილი სადგურის, მირის დეორბიტიზაცია განხორციელდა.[5]
2005 წლის აპრილში კრიკალევი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მესამედ, მეთერთმეტე ექსპედიციის მეთაურის ამპლუაში ეწვია. მისიის ხანგრძლივობამ 6 თვე შეადგინა. 2005 წლის 16 აგვისტოს კრიკალევმა თავისივე თანამემამულეს, სერგეი ავდეევს კოსმოსში ჯამურად გატარებული დროის რაოდენობით გადაუსწრო. მეთერთმეტე ექსპედიცია დედამიწაზე 2005 წლის ოქტომბერში დაბრუნდა. მართალია, აღნიშნული ექსპედიციის მერე კრიკალევი კოსმოსში აღარ დაბრუნებულა, თუმცა კვლავაც დიდ როლს ასრულებდა სადგურის გამართულად ფუნქციონირებაში. 2007 წლის ივნისში საერთაშორისო კოსმოსური სადგურის რუსული სეგმენტის კომპიუტერული აღჭურვილობა მწყობრიდან გამოვიდა, მაგრამ დედამიწაზე მყოფი კრიკალევის დახმარებით ეკიპაჟმა მნიშვნელოვანი სისტემების აღდგენა მოახერხა.
კოსმოსს მიღმა
რედაქტირება1999 წლიდან 2007 წლამდე რუსეთის საპლანერო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.
2007 წელს მიენიჭა სანქტ-პეტერბურგის საპატიო მოქალაქის წოდება.
2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე სხვა კოსმონავტებთან ერთად რუსეთის დროშა აღმართა.[6]
2009 წლიდან დღემდე არის საერთაშორისო ეკოლოგიური ფონდის „სუფთა ზღვების“ პრეზიდენტი.
დამსახურებები და ჯილდოები
რედაქტირებაკრიკალევს კოსმოსის ათვისებასა და შესაწავლისთვის ათეულობით ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის:
- სსრკ-სა და რუსეთის გმირი.
- ღირსების ორდენი.
- ლენინის სახელობის ორდენი.
- მედალი კოსმოსის შესწავლაში შეტანილი წვილილისათვის.
- ღირსების ლეგიონის ოფიცერი. (საფრანგეთი)
- ნასას კოსმოსური ფრენებისა და გაწეული ღვაწლის მედალი. (აშშ)
- ამომავალი მზის მესამე ხარისხის ორდენი. (იაპონია)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Atkinson, Nancy. Cosmonaut Sergei Krikalev, the World's Most Prolific Time Traveler (22 October 2013). ციტირების თარიღი: 11 January 2023
- ↑ 11 October 2005: Russian Cosmonaut Krikalev becomes the Absolute Record Holder in Accumulated Space Flight Time | World Air Sports Federation en (16 August 2017). ციტირების თარიღი: 11 January 2023
- ↑ Sinelschikova, Yekaterina. (28 May 2019) The last Soviet citizen: The cosmonaut who was left behind in space en-US. ციტირების თარიღი: 1 May 2020
- ↑ "Junked in Space : Soviet Breakup Means an Orbiting Cosmonaut Is Delayed in Getting Back to Earth", 7 February 1992, Michael Dobbs | The Washington Post
- ↑ Cosmonaut biography: Sergei Krikalyov. spacefacts.de.
- ↑ The XXII Olympic Winter Games in Sochi in 2014 has opened with a grand show. www.Sochi2014.com (8 February 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 11 February 2014