სერაპიონ დადუნაშვილი
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. |
სერაპიონ მიხეილის ძე დადუნაშვილი (დ. 25 მარტი, 1870, ქუთაისის მაზრა, — გ. 5 მარტი, 1953, ქუთაისი) — ქართველი ექიმი, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ორგანიზატორი, მედიცინის დოქტორი (1909).
1894 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1894-1904 წლებში აქტიურად თანამშრომლობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან და მის თავმჯდომარესთან, თბილისის საადგილმამულო ბანკის დამფუძნებელთან, ილია ჭავჭავაძესთან. საზოგადოებამ ფასდაუდებელი ამაგი დასდო ქართული ეროვნული პედაგოგიური აზრისა და განათლების ეროვნული სისტემის ჩამოყალიბება-განვითარებისათვის. ერთ-ერთი პრაქტიკული ნაბიჯი იყო სერაპიონ დადუნაშვილის მიერ სალხინოში სოფლის სკოლის გახსნა 1899 წელს, ის იყო ამ სკოლის პირველი მასწავლებელიც.
1904 წელს სერაპიონ დადუნაშვილი გაემგზავრა შვეიცარიაში სწავლის გასაგრძელებლად. ის ჩაირიცხა ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1910 წელს. ჟენევის უნივერსუტეტი დაარსდა 1559 წელს ჰოსპიტალერების მონაწილეობით. სწავლის პერიოდში მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ექსპედიციაში კუნძულ იავაზე, სადაც შეიქმნა ცინჩონის პლანტაციები. მან შეისწავლა ამ ხის ქერქიდან ქინაქინის წარმოების ტექნოლოგია და უნიკალური თვისებების მქონე წამალის მიღება. უნივერსიტეტში სააუდიტორიო სწავლების დროს, სერაპიონ დადუნაშვილი შეხვდა ახალგაზრდა მასწავლებელს, ანალიტიკური ფსიქოლოგიის მომავალ შემოქმედს, კარლ გუსტავ უუნგს. ისინი ერთად ესწრებოდნენ ზიგმუნდ ფროიდის ლექციებს, როდესაც ის ჟენევაში ჩამოდიოდა. სერაპიონ დადუნაშვილის სამეცნიერო ინტერესის სფერო წარმოადგენდა მცენარეული წარმოშობის ნივთიერებების გავლენა ადამიანის სხეულსა და ცნობიერებაზე. მისი აზრით, ადამიანების ტრანსპერსონალურ ცნობიერებაში ჩაშენება და მონაწილეობა ხდება მხოლოდ ადამიანის ცნობიერების განსაკუთრებული მდგომარეობების გამოვლენით, რომლებიც ემსახურებიან ტრანსპერსონალური ურთიერთქმედებების ქსელის ფორმირებას როგორც ფუნქციონალური კვანძები. სერაპიონ დადუნაშვილმა უნივერსიტეტში დაწერა სადისერტაციო ნაშრომი, რომელიც 1909 წელს მონოგრაფიის სახით ფრანგულ ენაზე დაიბეჭდა ჟენევის სტამბაში დაცვის შემდეგ, როცა მას მიენიჭა მედიცინის დოქტორის წოდება. უნდა აღინიშნოს რომ ამ პერიოდში შვეიცარიაში ფართოდ იყო გავრცელებული სოციალ-დემოკრატიული იდეები და იმყოფებოდა ბევრი რევოლუციონერი, მათ შორის რუსეთის იმპერიიდან, რომლებსაც კარგად იცნობდა სერაპიონ დადუნაშვილი და უწევდა მათ დახმარებას.
1911 წელს სერაპიონ დადუნაშვილი მიდის მოსკოვში და ექსტერნად აბარებს დამამთავრებელ სახელმწიფო გამოცდებს მოსკოვის უნივერსიტეტში. ამის შემდეგ ის სახლში დაბრუნდა და დაიწყო მუშაობა ვანში. 1911 წლიდან 1915 წლამდე ის მუშაობდა ვანის უბნის ექიმად. მისი ინიციატივით, ვანში გაიხსნა აფთიაქი და ბიბლიოთეკა-სამკითხველო. გასული საუკუნის დასაწყისში კოლხეთის დაბლობსა მოსახლეობის დაახლოებით 30% იყო დაავადებული მალარიით. მალარია ძველი დროიდან ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში, წარმოადგენდა საშიშროებას ეროვნული უსაფრთხოებისათვის, იწვევდა მაღალ სიკვდილიანობას და უზარმაზარი ეკონომიკური ზარალი მოუტანა ქვეყანას. სერაპიონ დადუნაშვილის აქტიური ოპერატიული საქმიანობისა და სამედიცინო კვალიფიკაციის წყალობით შესაძლებელი გახდა ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და კოლხურ დაბლობზე დამანგრეველი პროცესების შეჩერება.
1915 წელს სერაპიონ დადუნაშვილმა გააგრძელა მუშაობა ქ. ქუთაისში. 1915 წლის ნოემბრიდან სერაპიონ დადუნაშვილი ქუთაისის სულით ავადმყოფთა თავშესაფრის გამგედ დაინიშნა, სადაც 1923 წლის მარტამდე მუშაობდა. 1923 – 1930 წლებში მუშაობდა ქ. ქუთაისის სანიტარულ ექიმად, შემდგომ პერიოდში ეკავა .ქ. ქუთაისის რაიონის სანიტარული ექიმის თანამდებობა. 1931 - 1935 წლებში მუშაობდა ქ. ქუთაისის წითელი ჯვრის კომიტეტთან არსებულ საავადმყოფოში ექიმ-ორდინატორად. 1936-1945 წლებში მუშაობდა ქ. ქუთაისის ჯერ პირველ, ხოლო შემდგომში მეშვიდე ამბულატორიის ექიმად. 1946–1953 წლებში იყო ქუთაისის ტროპიკული მედიცინის სადგურის უფროსი და ჩაატარა რიგი ღონისძიება ქ. ქუთაისში მალარიის და პელაგრის აღმოსაფხვრელად. სერაპიონ დადუნაშვილმა პრაქტიკულ მუშაობასთან ერთად პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იგი ასწავლიდა ქ. ქუთაისის მე–4 საშუალო სკოლაში ჰიგიენას. 1935 წლიდან კი ქალაქის სამედიცინო ტექნიკუმში კითხულობდა ლექციებს. 1952 წელს ზაფხულში, ქ. წყალტუბოში სერაპიონ დადუნაშვილი შეხვდა იოსებ სტალინს.
1911-1953 წლებში სერაპიონ მიხეილის ძე დადუნაშვილი იყო ჯანმრთელობის დაცვის სისტემის პირველ ორგანიზატორთა შორის, რომლებმაც თავიანთი უანგარო და ნაყოფიერი მოღვაწეობით დასავლეთ საქართველოში და ქ. ქუთაისში დიდი წვლილი შეიტანეს მეცნიერული მედიცინის დამკვიდრებასა და პრაქტიკულ საექიმო საქმიანობაში. მას ეკუთნის საპატიო ადგილი სამედიცინო ქსელის შექმნასა და განვითარებაში, ახალი სადიაგნოსტიკო მეთოდების დანერგვაში, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ახალი ფორმების დამკვიდრებაში და დასავლეთ საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ჩამოყალიბებაში.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება; საზოგადოების ქუთაისის განყოფილება.
დასავლეთ საქართველოს ექიმთა და ბუნების მეტყველთა სამეცნიერო საზოგადოება.
ბიბლიოგრაფია (ფრანგულ ენაზე) Serapion DADUNASHVILI Un cas d’oedème aigu de la glotte dans la convalescence de la pneumonie, - Imremerie reggiani et Renaud, GENEVE, 1909. (THESE №245).
ლიტერატურა 1. ბადრი სვანაძე - ვანი, ოქრომრავალი ქვეყანა - სავანე, 2010. 2. გრიგოლ მხეიძე, ვახტანგ გიორგაძე - ჯანმრთელობის დაცვის მოამაგენი - „საბჭოთა აჭარა“, 1976.