სენეგამბია
სენეგამბიის კონფედერაცია — ორი დასავლეთ აფრიკული სახელმწიფოს კონფედერაცია. არსებობდა 1982-1989 წლებში. მასში შედიოდნენ სენეგალი და გამბია, რომლის ერთადერთი მეზობელიც იყო სენეგალი.
კონფედერაცია შეიქმნა 1982 წლის 1 თებერვალს (კონფედერაციის შექმნის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს 1981 წლის 12 დეკემბერს). კონფედერაციის მიზანი იყო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება. ხელშეკრულების ანულირება მოახდინა სენეგალმა 1989 წლის 30 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც გამბიამ უარი განაცხადა კავშირის უფრო მეტად ინტეგრირების ფორმაზე.
ისტორია
რედაქტირებაადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სახელწოდებით „სენეგამბია“ ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ კოლონიურ პერიოდში ორ კოლონიურ სახელმწიფოს საფრანგეთსა და ინგლისს შორის ინტერესთა დაპირისპირების პერიოდში. დაპირისპირება დაიწყო XVI საუკუნეში, როდესაც ორვე ქვეყანამ სავაჭრო პუნქტების საფუძვლის ჩაყრა დაიწყეს. ფრანგული გავლენის ცენტრი გახდა მდინარე სენეგალის შესართავი და მწვანე კონცხის რაიონი, ხოლო ინგლისური გავლენის ცენტრი გახდა მდინარე გამბიის შესართავი (გავლენის სფეროები ნაწილობრივ ფარავდნენ ერთმანეთს)[1]. რეგიონს ორივე კოლონიური სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა თავისი ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდებარეობის გამო: პირველ რიგში ეს იყო მოხერხებული ადგილმდებარეობა სატვირთო ბაზების ასაგებად, რომლებიც მოემსახურებოდა მეტროპოლიებს და მათ ამერიკულ კოლონიებს. გარდა ამისა ეს ადგილები გახდებოდა ამოსავალი პუნქტი მონათვაჭრობისათვის. როგორც კი კოლონიებიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა, საფრანგეთმაც და ინგლისმაც გადაწყვიტეს გავლენის სფეროების გაფართოება. 1500 წლიდან მოყოლებული 1758 წლამდე სახელმწიფოებმა გამოიყენეს საკუთარი ძალები, რათა რეგიონიდან განედევნათ მოწინააღმდეგე. საბოლოოდ, 1758 წელს წარმატებას მიაღწია ინგლისმა, დაიპყრო საფრანგეთის კუთვნილი მდინარე სენეგალის შესართავი და ჩამოაყალიბა პირველი სამეფო კოლონია - სენეგამბია[1]. ამ თვალსაზრისით გაერთიანებული რეგიონის დაცემა დაიწყო 1779 წლიდან, როდესაც ფრანგებმა დაიბრუნეს სენ-ლუი და გადაწვეს ბრიტანელების ძირითადი დასახლებები გამბიის შესართავში. ამან 1783 წელს გამოიწვია გაერთიანებული კოლონიის დაშლა[1].
ვერსალის საზავო ხელშეკრულებამ (1783 წ.) რეგიონში დაამყარა ძალთა წონასწორობა: სენ-ლუი, კ. გორე და მდინარე სენეგალის შესართავი დაუბრუნდა საფრანგეთს, ხოლო გამბია გადაეცა დიდ ბრიტანეთს[1]. XIX საუკუნის 60-70-იან წლებში ორივე მხარემ დაიწყო რეგიონის გაერთიანების კომერციული გეგმის განხილვა, რომლის დროსაც ფრანგებმა წამოაყენეს წინადადება, რომ მის ნებსიმიერ დასავლურ აფრიკულ კოლონიაში გაცვლიდა გამბიის შესართავს, თუმცა ეს გაცვლა არ მომხდარა[2]. რეგიონი გაიყო ორ ნაწილად, საფრანგეთი და ინგლისი ვერ შეთანხმდნენ ოფიციალური საზღვრის დადგენაზე 1889 წლამდე, როდესაც საფრანგეთი დათანხმდა ეღიარებინა საზღვრების არსებობა კოლონიებს შორის და გადაეწია თავისი სასაზღვრო საგუშაგოები[2]. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე XX საუკუნეში ჩამოყალიბდ ორი სახელმწიფო სენეგალი (1960 წლიდან) და გამბია (1965 წლიდან).
სასაზღვრო პრობლემები
რედაქტირებათითოეული ქვეყნის მხრიდან საზღვრის დაცვა წარმოქმნიდა სპეციფიკურ პრობლემებს ორმხრივ ურთიერთობებში, განსაკუთრებით სავაჭრო და სსაზღვრო ტერიტორიების კონტროლის სფეროში. ორივე ქვეყნისათვის განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენდა დამნაშავე ელემენტების გატარება საზღვარზე, რაც საფრთხეს შეუქმნიდა ორივე ქვეყნის დემოკრატიულ რეჟიმებს.
აღნიშნული შიში რეალობად იქცა 1981 წელს, როდესაც იყო პრეზიდენტ დაუდა კაირიბა ჯავარას დამხობის მცდელობა[3]. ამ მოვლენების შემდეგ სენეგალის პროდასავლურ ძალებს შორის შეშფოთება დაიწყო საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ. მეზობელი ქვეყნები, მათ შორის გამბია და კაზამანსის რეგიონის სეპარატისტები და დისიდენტები შეეცდებოდნენ ქვეყანაში დესტაბილიზაციას. ძირითადი საფრთხე მათი აზრით მოდიოდა განიდან, მალიდან, გვინეიდან (აჰმედ სეკუ ტურეს ხელმძღვანელობით), გვინეა-ბისაუდან და ლიბიიდან (მუამარ კადაფის ხელმძღვანელობით)[4]. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საფრთხეების დიდი ნაწილი არარეალური იყო და დაკარის მთავრობა ახდენდა ამ ფაქტებით სპეკულირებას, მოგვიანებით (სენეგამბიის კონფედერაციის დაშლის დროს) მოხდა სასაზღვრო კონფლიქტი მავრიტანიასა და სენეგალს შორის. ამ შემთხვევის შემდეგ სენეგალის შეიარაღებული ძალები შევიდნენ გამბიაში, რათა მოეხდინათ გადატრიალება. რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება სულ უფრო და უფრო შეუძლებელი ხდებოდა.
კონფედერაციის შექმნა და დაშლა
რედაქტირებასენეგამბიის კონფედერაციის შექმნა იყო პრაგმატული გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, რომელიც გამომდინარეობდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორმხრივი სურვილიდან. სენეგალის მთავრობა შიშობდა დესტაბილიზაცია არ გამოეწვია მეზობელ ქვეყნებს გამბიაში გადატრიალების გზით, ან სენეგალში კაზამანსის სეპარატისტების წახალისებით. ეს შიში თითქმის რეალობად იქცა 1981 წლის 30 ივლისს, როდესაც გამბიის მემარცხენე ძალები აჯანყდნენ პრეზიდენტ ჯავარას წინააღმდეგ. სენეგალის არმია შევიდა ქვეყანაში და წარმატებით აღკვეთა აჯანყება[3][5].
სენეგამბიის კონფედერაციის შექმნის იდეა მუსირებდა ორივე ქვეყნის პოლიტიკურ ელიტაში. მოსახლეობის ფართო მასები დიდად არ იყვნენ დაინტერესებული აღნიშნული იდეით[6]. კონფედერაციის შექმნის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს 1981 წლის 12 დეკემბერს, ხლო ოფიციალურად შეიქმნა 1982 წლის 1 თებერვალს. კავშირის სისუსტე კარგად გამოჩნდა მავრიტანიასთან კონფლიქტის პერიოდში, როდესაც მხოლოდ სენეგალმა გადაწყვიტა კონფლიქტური სიტუაცია მავრიტანიასთან.
კონფედერაციის იურიდიული დაშლა გამოცხადდა 1989 წლის 23 აგვისტოს, როდესაც სენეგალის პრეზიდენტმა აბდუ დიუფმა გამოაცხადა უპერსპექტივო კონფედერაციიდან გასვლა საბაჟო კავშირის შესახებ მოლაპარაკებების მარცხით დასრულების შემდეგ[7].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Richmond, Edmun B. «Senegambia and the Confederation: History, Expectations, and Disillusions.» Journal of Third World Studies. 10.2 (1993) p. 176
- ↑ 2.0 2.1 Richmond p. 177
- ↑ 3.0 3.1 Richmond p. 182
- ↑ Hughes, Arnold and Lewis, Janet. «Beyond Francophonie?: The Senegambia Confederation in Retrospect.» State and Society in Francophone Africa since Independence. Ed. Anthony Kirk-Greene and Daniel Bach. Oxford, England: St. Martin’s Press, 1995. p.230
- ↑ Hughes and Lewis p. 228
- ↑ Hughes and Lewis p. 236
- ↑ Hughes and Lewis p. 239