სეთი, სეტი, ზეთი (ეგვ. Sth, Seth, Suth) — ძველეგვიპტურ მითოლოგიაში მრისხანების, ქაოსის, ქარიშხლის, უდაბნოს ხორშაკის, ომისა და სიკვდილის ღმერთი. თავიდან ფარაონთა ძალაუფლების განსახიერება, თავის ორეულთან, ძმისწულ ჰოროსთან ერთად. ცის ღმერთის, ნუტისა და მიწის ქალღმერთის, გების ძე. გამოხატავდნენ ადამიანის ტანით, რომელსაც უდაბნოს უცხო ცხოველის, ძაღლის ან ტურის მსგავსი თავი ჰქონდა, მოხრილი დიდი ნისკარტი და წვეტიანი მაღალი ყურები, სამწვერა კუდი, ან ვირის, ღორის, შევარდნის, ჟირაფის, ოკაპის, გრიფის სახე. ყველა შემთხვევაში ეგვიპტელთა ძველი ეროვნული ღმერთია, ჰოროსის ბიძა, ორეული და მოქიშპე. სალოცავი ომბოსში ჰქონდა. ბიძა-ძმისწულის გამოსახულებასაც ერთად დგამდნენ (სესოსტრისის რელიეფი). გვირგვინიც ორმაგი ადგათ. მხოლოდ ძალაუფლებისათვის ბრძოლაში მოხდა მათი უთანხმოება. ჰოროსმა დაიბრუნა წართმეული დაზიანებული თვალი (ნახევარმთვარე), თვითონ კი სეთს წაართვა სათესლეები. თვალი გამთელდა და იქცა სავსე მთვარედ. ორივე თოტმა მოარჩინა.

სეთი
სეთი
იეროგლიფებში
swWt
x
E20A40

რა (რე), უზენაესი ღმერთი, ეგუება სამყაროს გაყოფას ორ საწყისად, კეთილ და ბოროტ ძალებად. პირველის განსახიერებაა ჰოროსი, მეორის — სეთი, რომლის ცხოველური თავიც მის ორმაგ, მხეცურ, ბოროტ ბუნებაზე მეტყველებს („სეთის თავი“ სიავის სინონიმია). ამ დუალიზმში სეთი და ჰოროსი მტრებიც არიან და მეგობრებიც. ჩანს, სეთი უდაბნოს, ამინდის, ცის ღმერთად იქცა, ჰოროსი კი მიწის ღვთაებად (ინარჩუნებს დემონურ ძალასაც).

სეთზე შექმნილია მითებიც, ოსირისთან დაკავშირებით: ბოროტმა სეთმა მოკლა და დააქუცმაცა ძმა ოსირისი, რომლის სხეულის ნაწილებიც აკრიფა მისმა დამ და მეუღლემ ისიდამ. ჰოროსი აღდგა და დევნის სიკვდილის დემონს სეთს. შეხვდა და შეება. სეთის და ჰოროსის ბრძოლა ეგვიპტური მითოლოგიის ერთ-ერთი მთავარი თემაა. გამარჯვებული გამოდის ჰოროსი. ზოგჯერ სეთიც კეთილი ძალაა: რას ნავში რომ ზის, საზარელ ურჩხულს აპოპისს (აპოფისს) ამარცხებს სიტყვით და საქმით, თუმც თვითონაც მისი განსახიერებაა. XVIII–XX დინასტიების ფარაონებმა ძლიერ აამაღლეს სეთი, როგორც ძლიერი, აგრესორი ღმერთი, მის სახელს ირქმევდნენ. როგორც მეომარი ღმერთი, უცხოეთში ლიბიურასსა და ხეთელთა ტეშუპს დაემსგავსა. მოგვიანებით ეგვიპტელებმა კვლავ შეიძულეს სეთი, ნგრევისა და უბედურების განსახიერებად აქციეს. ბერძნებმაც სეთის სახე გადაიღეს, როგორც ტიფონის ორეულისა, რომელსაც უდაბნოს ხორშაკიანი ქარისა მიწისძვრის სტიქიის სახედ რაცხდნენ. ეგვიპტეში მას ნიანგის სახეც ჰქონდა.

სეთის ძირითადი საბრძანისი ზემო ეგვიპტეა, იქ მეფობს ღმერთების დინასტიის ეს უბოროტესი პრინციპი, თუმცა მისი მეფობა ზოგჯერ ქრება. თითქმის ყველა გაგებით კულტურის მტერია, გარე-გარე დაძრწის, მტერს მოუძღვება, ხორშაკს ტეხს, მოუსვენარია. მისი ფერი, წითელი, სისხლისფერი, უბედურების, სიკვდილისა და სიღატაკის სიმბოლო იყო ხალხის ცნობიერებაში: მას სწირავდნენ ანტილოპას, ვირსა და ღორს, უწმინდურ ცხოველს, ამით კლავდნენ თვით სეთს და სწირავდნენ მსხვერპლად სხვა კეთილ ღმერთებს, რომელთაც ველური სეთი ემტერებოდა, ქირდავდა, ამცირებდა. ძვ. წ. 1800-იან წლებში აღმოსავლეთ დელტის რეგიონში სეთს მაინც უაღრესად ადიდებდნენ ან გაუგებრობით, ან გარდაქმნილი სახით. ჰიქსოსებმა თავიანთ ღმერთად აირჩიეს, მათებრ ველური რომ იყო. აზიატებმა ბაალს გაუსწორეს. მისი თაყვანისცემა აიხსნება იმით, რომ მეომერი, უხეში, ძლიერი ღმერთია და შიშის ზარს სცემს განათლებულ ადამიანებს, რის გამოც ეგვიპტის დაპყრობაშI ბარბაროსებს „ეხმარებოდა“.

ჰიქსოსთა მეფეებმა რომ ეგვიპტე ააოხრეს, თავს ფარაონებად ასაღებდნენ, თავიანთ სახელმწიფო ღმერთსაც ეგვიპტურად სეთს, სეტს ეძახდნენ, თუმცა შინაარსით ეს მათი ღმერთი იყო. შემდეგ სირიისა და მც. აზიის ღმერთებსაც საერთოდ „სეთებად“ ნათლავდნენ. ჰიქსოსების განდევნას მოჰყვა ეგვიპტის კვლავ ამაღლება. სეთი დიდ ეგვიპტურ ღვთაებად დარჩა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • აკაკი გელოვანი — მითოლოგიური ლექსიკონი, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1983
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სეთი&oldid=3466356“-დან