სევასტი კალისპერი

სევასტი კალისპერი ( ბერძ. Σεβαστή Καλλισπέρη, დ. 1858, ათენი — გ. 1953, ათენი) — სამეცნიერო ხარისხის მფლობელი პირველი ბერძენი ქალი.

სევასტი კალისპერი
მშობლიური სახელი ბერძ. Σεβαστή Καλλισπέρη
დაბადების თარიღი 1858
ათენი, საბერძნეთი
გარდაცვალების თარიღი 1953
ათენი, საბერძნეთი
მოქალაქეობა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
პროფესია პედაგოგი, მწერალი

ბიოგრაფია

რედაქტირება

სევასტი კალისპერი დაიბადა 1858 წელს ათენში. მშობლები: ნიკოლაოს ( ბერძ. Νικόλαος Καλλισπέρης, დ. 1891) და მარიგოტი ( ბერძ. Μαριγώ ) კალისპერები. მამა წარმოშობით კალიმნოსიდან იყო, მონაწილეობდა 1821-1829 წლებში საბერძნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ რევოლუციაში, მუშაობდა იოანეს კოლეტისის მდივნად. ნიკოლაოსს ჰყავდა სამი შვილი: სევასტი, გეორგიოსი ( ბერძ. Γεώργιος Καλλισπέρης, 18651936) (იურისტი) და ერასმია ( ბერძ. Ερασμία, 18611933) (მუსიკოსი).

სევასტიმ დაამთავრა ჰილის წყვილის მიერ დაარსებული გოგონების სკოლა. იგი არ მიიღეს ათენის უნივერსიტეტში (პირველი ქალი უნივერსიტეტში მხოლოდ 1890 წელს ჩაირიცხა).

1885 წელს ჩაირიცხა პარიზის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტზე, რომელიც 1891 წელს დაამთავრა წარჩინებით და მიიღო მაგისტრის ხარისხი.

1892 წელს იგი დაბრუნდა საბერძნეთში. დაიწყო მუშაობა ფრანგული და ბერძნული ენების პედაგოგად არსაკიონის კერძო სკოლაში. ატარებდა კერძო გაკვეთილებს ბერძნულ და ფრანგულ ლიტერატურაში, ისტორიაში, ეკონომიკაში, ეთიკასა და ფსიქოლოგიაში.

სევასტიმ და მისმა დამ, მუსიკოსმა ერასმიამ, მონაწილეობა მიიღეს 1896 წელს ათენში გამართულ ზაფხულის პირველ ოლიმპიურ თამაშებში . სევასტიმ წაიკითხა ლექცია "ოლიმპიასა და ოლიმპიური თამაშების შესახებ".

1898 წელს გავიდა პენსიაზე და დაინიშნა დაწყებითი სკოლების პირველ ზედამხედველად, რომელიც სპეციალურად მისთვის შეიქმნა. 1897 წელს დააყენა საკითხი ქალთა განათლების სისტემის რეფორმის შესახებ. მისი სტატია ამ საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნდა ჟურნალში The Family ( ბერძ.Οικογένεια ).[1]

ხსენებული საკითხი შეიტანა განათლების შესახებ ორ კანონპროექტში, რომელიც წარუდგინა საბერძნეთის პარლამენტს 1899 წელს: "გოგონებისთვის უმაღლესი საჯარო სკოლების დაარსების შესახებ" და "ბერძნული ( ბერძ. ελληνοπρεπής ), უფრო პრაქტიკული საჯარო განათლების სისტემის და გოგონებისთვის საჯარო სკოლის შექმნის შესახებ."

1906 წელს გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ეუფლებოდა ვაჭრობასა და პროფესიულ განათლებას, ასევე სწავლობდა ამერიკულ საგანმანათლებლო სისტემას.[2]

საბერძნეთში დაბრუნების შემდეგ მან დააარსა "ქალთა კომპანიები" და "ლაბორატორიები" სხვადასხვა ქალაქში.

იმდროინდელ ჟურნალებში გამოქვეყნებული კანონპროექტებისა და სტატიების გარდა, სევასტი დაკავებული იყო ძველი ბერძნული ლიტერატურის ტექსტების ანალიზით და უცხოური პიესების თარგმნით (იგი საუბრობდა ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე). მის კალამს ეკუთვნის რამდენიმე წიგნი "ისტორიის და პოეზიის გმირი ქალები" ( ბერძ. «Ηρωϊδες εν τη ποιήσει και εν τη Ιστορία», 1901) და «Απομνημονεύματα και υποθήκαι εις την εκπαίδευσιν και την μετανάστευσην προς την βουλήν των Ελλήνων» .

გარდაიცვალა 1953 წელს მოწიფულ ასაკში.

სევასტი კალისპერის სახელს ატარებს. ქუჩა ( ბერძ. Οδός Σεβαστής Καλλισπέρη ) ათენის გარეუბანში, ჩალანდრიონში.

კალისპერის სახლი

რედაქტირება

კალისპერის სახლი ( οικία Καλλισπέρη ) მდებარეობს დიონისე არეოპაგიტის, ნიკოლაუ კალისპერის ( Οδός Καλλισπέρη ) და პართენონოსის ( Οδός Παρθενωνος ) ქუჩების კვეთაზე, აკროპოლისის ქვემოთ. შენობა მე-10 საუკუნის ადრეული ეკლექტიკის არაკლასიკური არქიტექტურის შესანიშნავი მაგალითია. შენობათა კომპლექსი მოიცავს მთავარ სახლს, ორ დამხმარე შენობას და ბაღს. [3]

უძრავი ქონება შედგება ოთხი მიმდებარე, მაგრამ ოდესღაც დამოუკიდებელი ნაკვეთის გაერთიანებისგან, რომლებიც 1907-1919 წლებში თანმიმდევრულად შეიძინეს სევასტი კალისპერიმ და მისმა ძმამ გეორგიოსმა. 1911 წლიდან 1930 წლამდე ახალმა მფლობელებმა ააშენეს სამი შენობა, რომლებიც ქმნიან კალისპერის სახლის ფუნქციურად ინტეგრირებულ კომპლექსს, რომელიც მუდმივად იყო დასახლებული 1950-იან წლებამდე. [4]

1936 წელს ძმის გარდაცვალების შემდეგ სევასტი სახლის ერთპიროვნულ მესაკუთრე გახდა, მას არ ჰყავდა მემკვიდრეები და 1937 წლის 22 დეკემბერს თავისი ქონება სახელმწიფოს უანდერძა საგანმანათლებლო მიზნებისთვის. 1953 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ სახლი ათწლეულების განმავლობაში მიტოვებული და დანგრეული იყო. შემდეგ იგი გადაეცა ხალანდრიონის გოგონათა გიმნაზიის ფონდს და შემდეგ ხალანდრიონის თემს, რომელიც მისი ახლანდელი მფლობელია. [4]

2010 წლის მარტში MONUMENTA-ს გუნდმა განაცხადი შეიტანა კულტურისა და ტურიზმის სამინისტროში სახლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადების შესახებ.

საბერძნეთის ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის წამყვანი ბერძნული ორგანოს — ცენტრალური მემკვიდრეობის საბჭოს (CAC) და კულტურის სამინისტროს თანამედროვეობის ცენტრალური საბჭოს (CCNM) ერთობლივი სხდომის დასკვნის მიხედვით, 2012 წლის 13 დეკემბერს, ხუთშაბათს, კალისპერის სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადა. [3][5]

  1. Tzanaki, Demetra (2009). Women and Nationalism in the Making of Modern Greece: The Founding of the Kingdom to the Greco-Turkish War. St. Antony's College, Oxford. Houndmills, Basingstoke, Hampshire, England: Palgrave Macmillan UK. ISBN 978-0-230-23445-1.
  2. Charming Greek Delegate to Tell Mothers' Congress about her Country Women. The Washington Times. Washington, D.C. 10 March 1908. Retrieved 11 January 2017 – via Newspapers.com.
  3. 3.0 3.1 Διατηρητέο μνημείο χαρακτηρίστηκε η οικία Καλλισπέρη. MONUMENTA (2012-12-15). ციტირების თარიღი: 2021-03-28[მკვდარი ბმული]
  4. 4.0 4.1 Προστασία της οικίας Καλλισπέρη. MONUMENTA (2011-01-15). ციტირების თარიღი: 2021-03-28[მკვდარი ბმული]
  5. Kaplan, Gisela (2012). Contemporary Western European Feminism. Vol. 4. London, England: Routledge. ISBN 978-0-415-63681-0.