საჰაერო სამართალი

საქართველოს საჰაერო სამართალი — იმ სამართლებრივ ნორმათა ერთობლიობა, რომლებიც აწესრიგებს საჰაერო სივრცის გამოყენებას, საჰაერო მიმოსვლას და უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას. საჰაერო სამართალი, რომლის ნორმები განმტკიცებულია ეროვნული (შინასახელმწიფო) კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და ჩვეულებებით, შედგება ეროვნული საჰაერო სამართალის საერთაშორისო-კერძო საჰაერო სამართლისა და საერთაშორისო-საჯარო საჰაერო სამართლისაგან (საერთაშორისო-საჯარო საჰაერო სამართლის ჩვეულებრივ, საერთაშორისო საჰაერო სამართალს უწოდებენ). ეროვნულ და საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითადი პრინციპებია თითოეული სახელმწიფოს ტერიტორიულ ფარგლებში მის საჰაერო სივრცეზე სრული და განსაკუთრებული სუვერენიტეტის პრინციპი — ტერიტორიული ზღვის ჩათვლით; საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, აგრეთვე ღია ზღვის, ანტარქტიკისა და საერთაშორისო სრუტეების საჰაერო სივრცეში ფრენის თავისუფლების პრინციპი. ფრენის დროს აუცილებელია საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვა. მნიშვნელოვანია აგრეთვე ეროვნული საჰაერო სამართლის ის ნორმები, რომლებიც აწესრიგებენ მგზავრების, ტვირთის და სხვა საჰაერო კომერციულ გადაზიდვებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ორგანიზაციებს და მოქალაქეებს შორის ასეთსავე საკითხებზე სხვადასხვა ქვეყნის ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს შორის. ურთიერთობების მოწესრიგება უმთავრესად ხდება საერთაშორისო კერძო საჰაერო სამართლით. საერთაშორისო საჰაერო სამართლის მნიშვნელოვან წყაროდ ითვლება სათანადო მრავალმხრივი კონვენციები, კერძოდ, ჩიკაგოს კონვენცია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ (1944) და ორმხრივი შეთანხმებანი ჩიკაგოს კონვენციის საფუძველზე მოქმედებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ადგენს ერთიან საფრენოსნო-ტექნიკურ ნორმებსა და სხვ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დავით გეფერიძე, ”საერთაშორისო საჰაერო სამართალი”, თბ.2009, გამომცემლობა „მერიდიანი“, გვ. 421-423