საყვირალის წმინდა გიორგის ეკლესიის კომპლექსი
საყვირალის წმინდა გიორგის ეკლესიის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სწროფავის ჩრდილოეთით 2 კილომეტრზე, მდინარეების ფშავის არაგვისა და ხორხულის ხეობების გამყოფ ქედზე, საყვირლად წოდებულ ადგილზე, კომპლექსში შედის წმინდა გიორგის ეკლესია, დარბაზული ეკლესია, ეგვტერი, კოშკი, საცხოვრებელი ნაგებობა და გალავანი. წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზულია, სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან თანადროული გარშემოსავლელი აკრავს. განეკუთვნება VIII–IX საუკუნეებს. შენობა აგებულია სხვადასხვა ზომის კლდის ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. კონსტუქციულ ნაწილებში და ღიობების გამოსაყვანად გამოყენებულია სუფთად დამუშავებული შირიმი. ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია ეკლესიის და გარშემოსავლელის კამაროვანი გადახურვები, ეკლსესიის ჩრდილოეთ კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი, გარშემოსავლელის სამხრეთის ფრთის აღმოსავლეთ ნახევარი.
ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს: დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. გარშემოსავლელის შესაბამისი ნაწილებიდან. სამივე კარი გარედან ნახევაწრიული თაღითაა გადახურული. შიგნით სწორკუთხაა. აღმოსავლეთით შებრტყელებული ნახევარწრის ფორმის აფსიდში სწორკუთხა სარკმელი და ორი მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. აფსიდს თაღის მხოლოდ სამხრეთის ქუსლის მცირე ნაწილი შემორჩა. გრძივ კედლებზე თითო ერთსაფეხურიანი პილასტრია, რომელთა ქვედა ნახევარი, ზედასთან შედარებით, რამდენადმე განიერია. პილასტრებზე დაყრდნობილი იყო შირიმის თლილი ქვით გამოყვანილი საბჯენი თაღი. კამარისგან მხოლოდ სამხრეთის ქუსლია შემორჩენილი. გარშემოსავლელი ეკლესიას წყობის გადაბმით არ უკავშირდება. გარშემოსავლელის ჩრდილოეთის ფრთა სამხრეთის ფრთასთან შედარებით რამდენადმე ვიწროა, აღმოსავლეთით დასრულებულიანახევარწრიული აფსიდით, რომელშიც დაბალი, თითქმის კვადრატული ფორმის სარკმელია გაჭრილი. მსგავსი სარკმელია დასავლეთითაც. სივრცის დანარჩენი ნაწილი პილასტრების ორი წყვილითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღებით სამ, თითქმის თანაბარ ნაწილად იყოფა. მათგან აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებს ჩრდილოეთიდან თითო შესასვლელი აქვს.
გარშემოსავლელის სამხრეთ კედლიდან მხოლოდ დასავლეთ ნაწილია დარჩენილი. მასში ერთი სწორკუთხა სარკმელი და ერთი კვადრატული ნიშია. მოგვიანებით გარშემოსავლელის დასავლეთის და სამხრეთის ნაწილები, ერთმანეთისგან ეკლსეიის სამხრეთ კედლის გაგრძელებაზე აგებული კედლით გაუმიჯნავთ. სამხრეთის ფრთის აღმოსავლეთ ნაწილში კი შეისრულკამაროვანი პატარა სადგომი მოუწყვიათ, რომელიც ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეზე მიშენებულ კოშკს წყობის გადაბმით უკავშირდება. სადგომს სწორკუთხა შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარის ზემოთ სარკმელია, რომელიც სადგომის განათების ერთადერთი წყაროა. დარბაზული ეკლესია დგას წმინდა გიორგის ეკლესიის სამხრეთით 2.2 მეტრზე, განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს, ნაგებია ნატეხი ქვით. წყობაში აქა-იქ გამოყენებულია შირიმიც. შესასვლელი ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ კიდეშია. კარი ტიმპანითაა დასრულებული და ორივე მხრიდან თაღოვანია. აღმოსავლეთით ნახევარწრიულ აფსიდში ერთადერთი თაღოვანი სარკმელია, სარკმლის ქვემოთ ქვის თაროა, მარჯვნივ - მცირე ზომის ნიში, აფსიდი, გადახურულია წესიერი ფორმის კონქით, რომლის თაღის ქუსლებთან გამოყოფილია მარტივი პროფილის შირიმის იმპოსტები. დარბაზს ნახევაწრიული ფორმის სხეული კამარა ხურავს. ეკლესიის კედლები დასრულებული იყო შირიმის წრეთარგიანი ლავგარდნით, რომლის ნაწილიღაა შემორჩენილი.
მოგვიანებით ეკლესიებს შორის მცირე ზომის ნახევარწრიულაფსიდიანი და ცილინდრული კამარით გადახურული ეგვტერი აუგიათ, რომლის თაღოვანი შესასვლელი წმინდა გიორგის ეკლესიის გარშემოსავლელის სამხრეთის ფრთიდანაა. ეგვტერი განათებულია აფსიდის ღერძზე გაჭრილი ერთადერთი თაღოვანი სარკმლით, რომლის მარცხნივ მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. მომდევნო ხანებში დარბაზულ ეკლესიას და ეგვტერს დასავლეთიდან მიაშენეს ამჟამად სანახევროდ შემორჩენილი სწორკუთხა სადგომი, ერთადერთი შესასვლელით დასავლეთიდან. სადგომის სამხრეთ კედელში პატარა, სწორკუთხა სარკმელი და მიჯრით განლაგებული ორი სწორკუთხა ნიშია. ერთი სწორკუთხა ნიში დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილშიცაა. წმინდა გიორგის ეკლესიის აღმოსავლეთით, 3 მეტრზე დგას ნანგრევებად ქცეული გვიანდელი შუა საუკუნეების საცხოვრებელი ნაგებობა, რომლის აღმოსავლეთ კედელი კომპლექსის შემომზღუდავ გალავანშია ჩართული. შენობა გეგმით სწორკუთხაა, ნაგებია ნატეხი ქვით. შედგება ორი სხვადასხვა ზომის ოთახისაგან, რომლებიც საკმაოდ სქელი კედლითაა გამიჯნული და ამ კედლის დასავლეთ კიდეში მოწყობილი გასასვლელით უკავშირდება ერთმანეთს. შესასვლელი მოზრდილი ოთახის დასავლეთ კედელშია გაჭრილი. ჩრდილოეთკედლის აღმოსავლეთ კიდეში მცირე ზომის ნიშია. ოთახის კამაროვანი გადახურვა მარტივ პილასტრებზე გადაყვანილ საბჯენ თაღს ეყრდნობა. მეორე ოთახი პილასტრების გარეშეა. ოთახის აღმოსავლეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია მოწყობილი. ჩრდილოეთ კედელში კი - პატარა კვადრატული ნიში.
შენობის სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეზე მიდგმულია გეგმით თითქმის კვადრატული კოშკი, რომლის მეორე კუთხე წმინდა გიორგის ეკლესიის სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეზეა მიყრდნობილი. ამჟამად, კოშკის მხოლოდ I სართულის ნაწილია შემორჩენილი, რომლის აღმოსავლეთ კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია. დანარჩენი კედლები ყრუ. გალავანი ნაგებია ნატეხი ქვით. შემორჩენილია 1–1.6 მეტრ სიმაღლეზე. მისი აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლები სწორხაზოვანია, ხოლო ჩრდილოეთ კედელი და სამხრეთ-დასავლეთ კუთხე-მომრგვალებული. შესასვლელები სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. დასავლეთ კედლის შემორჩენილ ნაწილში სხვადასხვა ზომის ორრიგად განლაგებული ნიშებია.
ლიტერატურა
რედაქტირება- წერეთელი, კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 313-314.