საყებურთისაქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ხალხური თამაში ბურთით. თამაშობენ უმეტესად კაცები. მონაწილეთა რიცხვი განსაზღვრული არ არის — შეიძლება იყოს 2, 6, 10 და ა. შ. თამაშის ადგილია თავისუფალი მოედანი: მინდორი ან ეზო, ზომით 30x50-ზე მეტრი. მოედნის ერთ თავში მიწაზე დადგამენ ბრტყელ, ზომით 30x40 სმ ქვას, რომელსაც საყე ეწოდება. იგი უნდა მიაყუდონ საყრდენ ქვას ისე, რომ მოედნის საწინააღმდეგო მხარეს ოდნავ წაფერდებული იყოს. ბურთს რბილი ტყავისგან კერავენ და საქონლის ბეწვით ტენიან. „არჩევან-არადანის“ მიხედვით მოთამაშეები ორად იყოფიან. თამაშს იწყებს გუნდი, რომელსაც კენჭი შეხვდება. ამ გუნდის ერთ-ერთი მოთამაშე საყესთან დგება, დანარჩენები თავიანთ რიგს მოედნის გარეთ, საყეს უკან ელოდებიან, მოწინააღმდეგე გუნდის წევრები მოედანზე სურვილისამებრ განლაგდებიან. თამაშის დამწყები ბურთს ცალი ხელით მაღლა აისვრის და იმავე ან მეორე ხელით მოედნისკენ ძლიერად გაჰკრავს. მოწინააღმდეგეები ცდილობენ ბურთი საყესთან რაც შეიძლება ახლოს შეაჩერონ. თუ ჰაერშივე დაიჭირეს ბურთის მსროლელი „ჩაჭრილია“ და მის ადგილს მისივე გუნდის სხვა მოთამაშე იკავებს. თუ ბურთი  მიწაზე დავარდა, მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეები გააჩერებენ და იმავე ადგილიდან ესვრიან საყეს. თუ ბურთი საყეს მოხვდა გამკვრელი ჩაჭრილია და მის ადგილს მისივე თანაგუნდელი იკავებს, აცილების შემთხვევაში კი გამკვრელის გუნდს 1 ქულა ეწერება. როცა დამწყები გუნდის ყველა მოთამაშე ჩაიჭრება, საყესთან მოწინააღმდეგეები დგებიან. თამაში გრძელდება მანამ, სანამ ერთ-ერთი მხარე ქულათა წინასწარ დათქმულ რაოდენობას არ დააგროვებს.

ლეჩხუმში მსგავს თამაშს „ბურთაობას“ ეძახიან. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, საყა „დასასაყავი ხალაა“, დასაყული არის „ადგილი დაცული, სადა უთქმელად ვერვინ შევიდეს“, ხოლო ხალა — „გრძელი, წვრილი ჯოხია“. მართლაც, ლეჩხუმში საყეს ეძახდნენ თოხის ტარის სიმსხო მწარე ბლის ხეს, რომელსაც ხვნის დაწყების წინ მინდვრის თავში დაასობდნენ. ხალხის აზრით, საყე ყანას იცავდა სეტყვის, გვალვის და ავი თვალისგან. დგამდნენ კალოზეც. მას უხვი მოსავლისთვის უნდა შეეწყო ხელი. საყე ეწოდებოდა ორი მიწის ნაკვეთის მიჯნაზე ჩასობილ გრძელ ქვასაც. ქართლში საყედ დგამდნენ რკალივით მოხრილ სახრეს, რომლის ორივე ბოლო მიწაში იყო ჩასობილი. ბურთი რკალში უნდა გაეძვრინათ. ამ თამაშს „რკალბურთი“ ერქვა. სახრეს სახნავშიც დგამდნენ. მას ისეთივე ფუნქცია ჰქონდა, როგორც ლეჩხუმში საყეს. საყებურთის მსგავსი თამაში გავრცელებული ყოფილა კახეთშიც, ამ თამაშს „გაკვრა ბურთი“ ჰქვია. რაჭულ საყეს კახეთში „ბინა“ ეწოდება, ამიტომ გაკვრა-ბურთს ხშირად „ბინა-ბურთსაც“ ეძახიან.

ლიტერატურარედაქტირება

  • ბერიშვილი ე., სპორტის ენციკლოპედია, გვ. 432, თბ., 2006