ბურთაობა — ძველი ქართული მოძრავ თამაშობათა ერთი ჯგუფის — ლელო, ცხენბურთი, გაკვრაბურთი, ღორობია, გაქცევა-ბურთაობა, საყებურთი, შახლაბურთი, ბინაბურთი, წრებურთი, ხაზბურთი და სხვათა ზოგადი სახელწოდება. ცნობები ბურთაობის შესახებ დაცულია „ვეფხისტყაოსანში“ და მომდევნო ხანის წერილობით წყაროებში.

ბურთაობა ქართველ ხალხში ძველთაგანვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ხალხური თქმით, „ყველა თამაშობაში ბურთაობა მეფეა და ჯირითი დედოფალიო“. ბურთს უმთავრესად ხელით თამაშობდნენ, ბურთით თამაშის ვარიანტებს შორის დიდი ადგილი ეჭირა ბურთის მიზანში ტყორცნას. წარჩინებულთა შორის გავრცელებული იყო ბურთაობის მხედრული სახეობანი, უმთავრესად ცხენბურთი. მოთამაშეთა ასაკის გათვალისწინებით საქართველოში ბურთაობის სხვადასხვა სახეობას იყენებდნენ. ბურთაობა იმართებოდა სხვადასხვა თავყრილობის, დღესასწაულისა და ქორწილის დროს. ძველ საქართველოში ბურთაობას სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და ახალგაზრდების ფიზიკურ მომზადების ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად მიაჩნდათ.

ქართველი ხალხის ყოფაში ბურთაობის დიდ მნიშვნელობაზე მეტყველებს ძველ საქართველოში სპეციალური სათამაშო მოედნების (ასპარეზი, მერე და სხვა) არსებობა, თბილისის ერთ-ერთი უბნის სახელწოდება — „საბურთალო“. ისტორიული-ეთნოგრაფიული წყაროების მიხედვით აღდგენილი და გადამუშავებულ-რეგლამენტირებული ზოგი სახეობა (მაგ., ლელო, ცხენბურთი) ახლაც გავრცელებულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მერკვილაძე გ., ქართული მოძრავი თამაშობანი, ტფ., 1922;
  • რობაქიძე ა., ცხენბურთი, თბ., 1952;
  • შიშნიაშვილი ნ., ქართული ხალხური მოძრავი თამაშობანი, თბ., 1958;