საღამოს ეკლესია
საღამოს ეკლესია — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, საღამოს ტბის გასწვრივ, საავტომობილო გზის გაყოლებით, ზღვის დონიდან 1996 მეტრზე მდებარეობს.
ისტორია
რედაქტირებასოფელში დგას სამი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი — სამი ეკლესია. მათგან ყველაზე გამორჩეული და ადრინდელია X საუკუნის მოზრდილი დარბაზული ეკლესია, მისი შესასვლელი მოწყობილია შედარებით მოგვიანო ხანის სამხრეთის მინაშენიდან, რომლის ერთი მხარე შუა სვეტზე დაყრდნობილი ორი თაღითაა გახსნილი. ნაგებობა თავდაპირველად კამარით იყო გადახურული, ახლა ხის ბრტყელი სახურავი აქვს. კედლები შემოსილია კარგად გათლილი, სწორად ნაწყობი კვადრებით, ხოლო კარ–სარკმელთა სათაურები შემკულია ოსტატურად შესრულებული ჩუქურთმებით, სიუჟეტური სტელებისა და ადამიანთა ფიგურების გამოსახულებებით.
სამხრეთ ბალავერზე ჩუქურთმიანი კამარის მარცხნივ გამოქანდაკებულია სამღვდელმთავრო კვერთხი, მარჯვნივ ხელი, რომელსაც ჯვარი უჭირავს. ხელის ცერი კი რამდენჯერმეა განშტოებული. ეკლესიის ეზოში უამრავი, ქაოსურად მიყრილი ძველი საფლავის ქვებია.
ეკლესიის ფასადებს ამკობს ბარელიეფების უჩეულო მოტივები: ორი გველი მთავარი ეკლესიის სარკმელს ორი მხრით აკრავს. აქ გველის ქანდაკება ჯვრისგან სრულიად განცალკევებულადაა წარმოდგენილი.
საღამოს ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1]. სოფელ საღამოში 2004 წლიდან ფუნქციონირებს თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტერი და ეკლესია.
ლიტერატურა
რედაქტირება- საღამოს ეკლესიები //ჟღერს ქვის ჰარმონია, ნაკვეთი პირველი, ტ.15. საკითხავნი ყმაწვილთათვის, თბილისი, გამ."ციცინათელა", 2007 წ., გვ.12-14.